Facebook Twitter

საქმე №ას-939-2019 15 ივლისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე,მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - თ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ნ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2017 წლის 21 აგვისტოს თ.მ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ი.ც–ძისა და რ.თ–ძის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეეები) მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 22 აგვისტოს ერთ-ერთ მოპასუხესთან - ი.ც–ძესთან დადებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქ ბათუმში, ..... (ს/კ .....) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება) ნასყიდობის გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების, 2014 წლის 12 დეკემბერს მოპასუხეებს შორის დადებული სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ ქონების მესაკუთრედ აღიარება.

2. 2018 წლის 7 აგვისტოს მოსარჩელემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაზუსტებული სარჩელი წარადგინა, რომელშიც მოპასუხედ დამატებით მიუთითა გ.ნ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე) და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად, ასევე მოითხოვა 2017 წლის 25 სექტემბერს მოპასუხეებს - რ.თ–ძესა და გ.ნ–ძეს შორის სადავო უძრავ ქონებაზე დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

3. 2018 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები სადავო ქონებაზე გარიგებების დადებით ცდილობენ, ხელოვნურად შექმნან კეთილსინდისიერი შემძენი და ამით ხელი შეუშალონ მისი ინტერესის დაკმაყოფილებას. მას შემდეგ კი, რაც მოპასუხეთათვის ცნობილი გახდა მოსარჩელის მხრიდან დაზუსტებული სარჩელის აღძვრის თაობაზე, მოპასუხეებმა საჯარო რეესტრს მიმართეს განცხადებით, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე ახალი ნასყიდობის ხელშეკრულების (ვინმე ვ. ჯ–თან დადებულის) რეგისტრაცია მოითხოვეს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრში აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დარეგისტრირდება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით - მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ.ნ–ძეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

5. 2018 წლის 12 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხე გ.ნ–ძის წარმომადგენელმა, რომელმაც მოპასუხე გ.ნ–ძის სასარგებლოდ მოითხოვა მოსარჩელისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა 10350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სასამართლო სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა. მიზეზად მან მიუთითა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მნიშვნელოვანი ზიანი ადგება გ.ნ–ძეს, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ მან 2018 წლის 23 ოქტომბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გაყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და უნაღდო ანგარისწორებით მიიღო 335 000 აშშ დოლარი, ხოლო უძრავი ქონების გაყიდვისა და კლიენტის მოძიებისათვის ფიზიკურ პირ დ.ს–ძეს გადაუხადა 10350 აშშ დოლარი, 2018 წლის 10 სექტემბრის საშუამავლო ხელშეკრულების თანახმად.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით - გ.ნ–ძის წარმომადგენლის მოთხოვნა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე, ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ.ნ–ძის წარმომადგენლის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით - გ.ნ–ძის წარმომადგენლის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინება, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე, გ.ნ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. გ.ნ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს დაევალა მოპასუხე გ.ნ–ძისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 10350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში და ამავე ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამავე განჩინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ განჩინებით დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობისა და სააპელაციო სასამართლოსათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი საბუთის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდებოდა.

8. 2019 წლის 18 აპრილს გ.ნ–ძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება ითხოვა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაჰბარდა, თუმცა მან დადგენილ ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით - გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება; მოიხსნა შეზღუდვა, რომლითაც გ.ნ–ძეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

10. 2019 წლის 7 მაისს აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელის წარომადგენელმა, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება მოითხოვა. ამის მიზეზად, მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 22 აპრილს მიღებული განჩინებით, მართალია, დაიცვა მოპასუხეების უფლებები, მაგრამ არ გაითვალისწინა მოსარჩელის უკიდურესად გაჭირვებული ეკონომიკური მდგომარეობა. სასამართლომ ასევე არ გათვალისწინა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ ის როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ცხადია, ვერ შეიტანდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 10350 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში; გარდა ამისა, ყოველივე ამას თან ერთვის ის ფაქტიც, რომ მთელი მისი ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, ოჯახის წევრები არიან უმუშევრები, მოსარჩელის ჯანმრთელობა კი, საკმაოდ მძიმეა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ქონებაზე შეზღუდვის მოხსნა იყო არასწორი, რადგანაც არაკეთილსინდისიერ მოპასუხეებს საშუალება ეძლევათ, სადავო ქონებას მესამე პირზე გაასხვისონ.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით, თ.მ–ძის წარმომადგენლის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

11.1. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში – სსსკ) 1971-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და განმარტა, რომ სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნება მხოლოდ სასამართლო განჩინება საქმის დამოწმებულ ასლებთან ან ელექტრონულ საქმის მასალებთან ერთად, ხოლო საქმის მასალების დედნები სასამართლოში დარჩება და საქმის განხილვას სასამართლო გააგრძელებს საერთო წესით.

11.2. პალატამ არ გაიზიარა მომჩივნის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები გამორიცხავდა მისთვის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნას.

11.3. პალატამ განმარტა, რომ საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით, კანონით გათვალისწინებული თანხების გადახდაში მხარისათვის შეღავათი დადგენილია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხებისათვის და არა მოწინააღმდეგე მხარის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით - უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენაში.

11.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ არ შეასრულა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით დაკისრებული ვალდებულება, სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად (ძალადაკარგულია ამ მუხლის მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს), სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. მაშასადამე, სსსკ-ის 271-ე მუხლის პირობებში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.

14. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

15. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში.

16. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

17. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

18. სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შესაძლოა, გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზეც. ზემოაღნიშულიდან გამომდინარეობს, თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, მოპასუხე უფლებამოსილია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღურების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლი ითვალისწინებს მოპასუხის ინტერესების დაცვის ორნაირ საშუალებას, პირველი - მოსარჩელის მიერ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს სარჩელის უზრუველყოფით და მეორე - მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის ეს კონკრეტული სახე ემსახურება, მოპასუხის ინტერესების დაცვას.

19. სსსკ-ის 199-ე მუხლი პირველი ნაწილი მიმართულია იმისკენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის უზრუნველყოფა არამართებული გამოდგება, მოპასუხის უფლებები სათანადოდ იქნება დაცული და სარჩელის უზრუნველყოფით გამოყენებული ღონისძიების შედეგად მას დაუსაბუთებლად არ მიადგება ზიანი. მოპასუხე კი სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების გარანტიის გამოყენების საჭიროება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ უზრუნველყო, მოსარჩელემ კი აღნიშნულის გაბათილება ვერ შეძლო.

20. სსსკ-ის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია, უზრუნველყოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რომელიც ექვემდებარება საჩივრის ფორმით გასაჩივრებას.

21. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამარლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და სადავო ქონებაზე მოიხსნა შეზღუდვა. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ მისი გაუქმების მოთხოვნით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით - საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა განსახილველად.

22. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის ბოლო წინადადება და მას შემდეგ, რაც განჩინებით დადგენილ ვადაში მოსარჩელემ მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალი არ აანაზღაურა, გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამარლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრების არსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა და სასამართლოს ვერ შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, თუ რატომ არ შეასრულა მან დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ, რატომ არ განათავსა დადგენილ ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 10350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

24. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელის, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, ამ შემთხვევაში, არ გამორიცხავდა მისთვის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნას.

25. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ათავისუფლებს მხოლოდ საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და არა სხვა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით, კანონით გათვალისწინებული თანხების გადახდაში მხარისათვის შეღავათი დადგენილია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხებისათვის და არა, მოწინააღმდეგე მხარის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით, უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენაში.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა მართებულად იქნა მიჩნეული დაუსაბუთებლად. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი