Facebook Twitter

საქმე №ას-972-2019 25 ივლისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ო.ც–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ა.ჯ–ა, ლ.ჯ–ძე, ს.რ.ე.ს–ო (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ო.ც–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა 2018 წლის 26 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ს.რ.ე.ს–ოს სენაკის სამსახურის #882016202381-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ა.ჯ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრების რეგისტრაციის შესახებ, მოსარჩელის უძრავი ქონების ს/კ-ით ..... მესაკუთრედ ცნობასა და ს.რ.ე.ს–ოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიერ მოსარჩელის სახელზე აღნიშნული ქონების დარეგისტრირებას, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 59-ე, 70-ე, 74-ე, 61-ე, 63-ე, 368-ე და 374-ე მუხლებით.

3.1. პალატამ მიუთითა, რომ, 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განესაზღვრა 10 - დღიანი საპროცესო ვადა სახელმწიფო ბაჟის - 320 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოსადგენად. აღნიშნული განჩინება მხარეს 2019 წლის 29 მარტს ჩაჰბარდა. ამავე წლის 8 აპრილს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება მძიმე ჯანმრთელობისა და ქონებრივი მდგომარეობის გამო. სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსები ვადა გაუგრძელდა 10 დღით. აღნიშნული განჩინება მხარეს ამავე წლის 18 აპრილს ჩაჰბარდა. 2019 წლის 1 მაისს აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან უკიდურეს შემთხვევაში - საქმის განხილვის დასრულებამდე გადავადება. 2019 წლის 7 მაისის განჩინებით - აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის შესავსები ვადა გაუგრძელდა 10 დღით. აღნიშნული განჩინება მხარეს ამავე წლის 8 მაისს ჩაჰბარდა. 2019 წლის 21 მაისს აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი გადავადება საქმის დასრულებამდე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინებით, პალატამ განმარტა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სასამართლომ, უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. მისი მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ, ჯანმრთელობისა და ქონებრივი მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, კერძოდ, დაუდგინდა მარცხენა ფილტვის კიბოს მეორე სტადია, რის გამოც ჩაუტარდა მარცხენამხრივი ფილტვის კვეთა, ამის გამო, ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის შესაბამისად, ამასთან, მას არ გააჩნდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის სახსრები, რადგან ის პენსიონერია. აღნიშნული თხოვნა სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა და უნდა გაეთავისუფლებინა მოსარჩელე ბაჟის გადახდისაგან ან უნდა გადაევადებინა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, ის უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, „კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით,“ ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, "საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას."

7. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.

8. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან სასამართლოს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან, აღნიშნული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის საქმის განხილვის დასრულებამდე გადავადების თაობაზე.

9. სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები ითვალისწინებს შეღავათებს სახელმწიფო ბაჟის გადახდაში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით განსაზღვროს პროცესის მონაწილეთა მიმართ აღნიშნული მუხლის გავრცელების დასაშვებობა. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. სსსკ-ის 48-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. შესაბამისად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს და სასამართლო დარწმუნდება, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია საერთოდ, კონკრეტული დროისთვის ან გარკვეული ოდენობით.

10. საქმეში „Kreuz v. Poland“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება, როგორიცაა: სახელმწიფო ბაჟი, შეესაბამება სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, თუ ის ზიანს არ აყენებს ამ უფლების არსს. ამასთან, სასამართლო ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით, როცა აღნიშნული შეზღუდვა იქნა გამოყენებული; ეს კრიტერიუმები არის ხელშესახები იმის განსაზღვრისათვის, იქნა თუ არა პირი უზრუნველყოფილი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გამოანგარიშების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს მომჩივნის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყოველთვიური შემოსავალი. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის შრომისუნარიანობა არის შეზღუდული, რასაც ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #100/ა, რომლის მიხედვით აპელანტი დაავადებულია მარცხენა ფილტვის კიბოს მეორე სტადიით, ჩატარებული აქვს მარცხენა მხრივი ფილტვის კვეთა (პნევმონექტომია), ამასთან, ის პენსიონერია, შესაბამისად, არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დაასაბუთოს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იყო მისი შრომისუუნარობისა და მძიმე მატერიალური მდგომარეობის შესაფასებლად. აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე შეიძლება მივიჩნიოთ, რომ აპელანტის ერთადერთი შემოსავლის წყარო არის პენსია, მას არ აქვს სხვა შემოსავალი, ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რაც იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას და, შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებას; შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დამაჯერებლად არ დაასაბუთა აპელანტის შუამდგომლობის უსაფუძვლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი საქმის განხილვის დასრულებამდე გადავადების თაობაზე.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო, დაეცვა სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, სასამართლო ხარჯების გადახდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და, მეორე მხრივ, მომჩივნის ინტერესებს შორის -დაემტკიცებინა თავისი საჩივრის სამართლიანობა სასამართლოს გზით, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.ც–ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი