Facebook Twitter

საქმე №ას-980-2019 25 ივლისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.თ–ი (მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარეები - ს.ს–ი (მოსარჩელე ძირითად სარჩელში), მ.ა–ი, კ.გ–ი (მოპასუხეები შეგებებულ სარჩელში)

მოპასუხეები (ძირითად სარჩელში) - მ.თ–ი, გ.თ–ი, დ.თ–ი, ნ.თ–ი, გ.კ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თელავში, ....., ს/კ-ით ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), ს.ს–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მესაკუთრე, შეგებებულ სარჩელში, მოპასუხე) საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ.1. ს.ფ. 15-16, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

2. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო უძრავ ქონებას მ.თ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში - მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), მ.თ–ი, გ.თ–ი, დ.თ–ი, ნ.თ–ი და გ.კ–ი (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები) ფლობენ. უძრავ ნივთს მოპასუხეები არ ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

3. 2016 წლის 16 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, იგი სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხე განაგრძობს მისი ნივთის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას. მოპასუხე, ნაცვლად იმისა, რომ გაათავისუფლოს სადავო ქონება, თვითონ უჩივის მოსარჩელეს და ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრე გახდა კერძო აღმასრულებლის - კ.გ–ის დაუდევრობისა და აუქციონის არასწორად ჩატარების გამო. მან მიმართა კერძო აღმასრულებელს აღსრულების სამი თვით გადადების თაობაზე, რომელსაც იპოთეკარისგან თანხმობა უნდა მიეღო. მიუხედავად ამისა, მან პირდაპირ განუცხადა უარი მოპასუხეს. მოპასუხემ აღნიშნული გადაწვეტილების ბათილად ცნობისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს. სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ ეცნობა კერძო აღმასრულებელსაც, თუმცა მან უგულებელყო ეს ფაქტი და მოპასუხის ბინა გადასცა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აუქციონის წესით რეალიზაციისთვის. სასამართლომ შვიდ თვეში ჩანიშნა პროცესი, რომელზეც კერძო აღმასრულებლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილობაზე სასამართლო ვეღარ იმსჯელებდა, რადგან მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი სადავო ქონება 1800 ლარად იყიდა მოსარჩელემ.

5. 2016 წლის 21 ივნისს შეგებებულ სარჩელში მოსარჩელემ სარჩელი აღძრა შეგებებულ სარჩელში მოპასუხეების: ს.ს–ის, გ.ს–ის, მ.ა–ისა და კ.გ–ის წინააღმდეგ მორალური ზიანის ანაზღაურებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე. ის ამტკიცებდა, რომ 2014 წლის 2 დეკემბერს გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სადავო უძრავ ქონებაზე ერთ - ერთ მოპასუხესთან (გ.ს–თან). მხარეები ერთმანეთს დააკავშირა შუამავალმა - მ.ა–მა. სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 9000 აშშ დოლარს, რომელზეც მოპასუხე ყოველთვიურად იხდიდა 3%-ს, ხოლო საბოლოო დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 2 ივნისს. მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ კრედიტორი სესხის უზრუნველსაყოფად ბინას არ გაყიდდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხეების მხრიდან მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, რის გამოც გაუარესდა შეგებებულ სარჩელში მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კომპენსაციის სახით 50 000 ლარის გადახდა.

6. შეგებებულ სარჩელში მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

7. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 159-ე, 162-ე, 172-ე, 408-ე და 413-ე მუხლები გამოიყენა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

9.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილდა მართებულად;

9.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მისი მხრიდან უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, ის უკანონოდ ფლობს უძრავ ქონებას. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი საფუძველი, რომელიც გაამართლებდა მოპასუხეების მიერ სხვისი ნივთის ფლობას; ამდენად, მესაკუთრე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

9.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მიუთითა სსკ-ის 413-ე მუხლზე, რომელზე დაყრდნობითაც არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატის დასკვნები დაუსაბუთებელია, მან არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორი არ ყოფილა, მიუხედავად ამისა იგი ემუქრებოდა მას სადავო ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

14. განსახილველ შემთხვევაში უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომლებიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

15.1. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

15.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

15.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მან, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

15.4. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

16. კასატორის პრეტენზია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე უკავშირდება სადავო ქონების მესაკუთრის მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, რაც დაუსაბუთებელია; საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მხარემ არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოითხოვოს სსკ-ის 413-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. ქონებრივი ზიანი ყოველთვის ანაზღაურდება, ხოლო ქონებრივი ზიანით მიყენებული მორალური ზიანი დამატებით ანაზღაურებადი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როცა იგი დამოუკიდებლად გარკვეულ მნიშვნელობას იძენს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა შეგებებულ სარჩელში მოპასუხეების მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიული საფუძვლის არსებობას.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

18. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“1 ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.თ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი