17 ივლისი, 2019 წელი
საქმე№ას-115-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
I საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ო.ქ–ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ.ზ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ო.ს.კ–ა“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ე.ა–ძე, უ.ზ–ი
II საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ო.ს.კ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ო.ქ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინების ძალაში დატოვება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ი.ს.კ–ასა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი კასატორი, მენარდე ან შემსრულებელი) და შპს „ო.ქ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, მეორე კასატორი ან შემკვეთი) შორის 2015 წლის 21 იანვარს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მენარდემ იკისრა ვალდებულება ქ. თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე (.... (ნაკვეთი ....)/ .... მიმდებარედ, ნაკვეთი ..../.... ქუჩა N12./.... ქუჩა, N7/...., ..../ ....., (ნაკვეთი ....) / ....., (ნაკვეთი N....)/, ალმასიანის ქუჩა N10) ს/კ-ით 01.10.13.033.139 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი/ქონება ან მიწის ნაკვეთი) მრავალფუნქციური კომპლექსის (+0.00 დონიდან) კონსტრუქციული კარკასის სართულშუა გადახურვის ფილების, სვეტების, რიგელების, კედლებისა და კიბეების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები შეესრულებინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრული ღირებულება 6 867 756.85 აშშ დოლარით (დღგ-ს ჩათვლით) განისაზღვრა (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება გამოანგარიშებულია შემდეგი პრინციპით: მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების შედეგად შექმნილი სართულშუა გადახურვის ფილის ყოველი კვადრატული მეტრის ღირებულება + 0,00 ნიშნულიდან +16,45 ნიშნულის ჩათვლით - 181,2 აშშ დოლარი. +16,45 ნიშნულიდან - 188 აშშ დოლარი. სამუშაოს მოცულობა განისაზღვრება მენარდის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად შედგენილი, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით). სამუშაოები 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა შესრულებულიყო (მხარეებმა ხელშეკრულებაში გააკეთეს დათქმა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოს შესრულების ვადები შეიძლება შეცვლილიყო მაგ: შემკვეთის მიერ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში).
2. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შემკვეთი ვალდებული იყო, მენარდის მიერ სამუშაოთა ნაწილის ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა მიერ შესაბამისი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს ხუთი საბანკო დღისა , მენარდისათვის შესაბამისი ეტაპისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება აენაზღაურებინა.
3. ხელშეკრულების 8.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მენარდე სრულად და ჯეროვნად შეასრულებდა ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ხოლო შემკვეთი არ აუნაზღაურებდა მას სამუშაოს ან/და სამუშაოთა ნაწილს ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, მაშინ მას მენარდისათვის დაგვიანებული ანგარიშსწორებისათვის პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა, ვადადამდგარი და აუნაზღაურებელი თანხის - 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. ხელშეკრულების 5.5. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის გამო, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, შემკვეთი მენარდეს შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურებდა ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასს, სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის შენახვის ხარჯს. ყოველთვიური ხელფასის ოდენობა განისაზღვრებოდა წინა თვეში მუშა-მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების პროპორციულად.
5. შემკვეთის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სამშენებლო სამუშაოები ათი თვით შეჩერდა.
6. შემკვეთი კომპანიის დირექტორმა მ. ბ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე კომპანიის დირექტორი) 2015 წლის 11 ნოემბრის წერილით აღიარა მოსარჩელის წინაშე წარმოშობილი დავალიანება 1 895375.32 აშშ დოლარის ოდენობით და ასევე, სამშენებლო სამუშაოების მათი მიზეზით 2 თვით შეჩერების გამო, 118 000 ლარის გადახდის ვალდებულება.
7. 2015 წლის 26 სექტემბერს მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიის დირექტორმა დაადასტურა, რომ ჩაიბარა ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ქ. თბილისში, .... სამშენებლო მოედანზე მდებარე მრავალფუნქციური შენობის რკინაბეტონის მოწყობა +22.95, +26.2, +29.45 ნიშნულზე, ფართობი - 4 713.9 კვ.მ. მიღება-ჩაბარების აქტით განისაზღვრა სამუშაოების საერთო ღირებულება, რამაც ჯამურად 886 231.2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი შეადგინა (იხ. ტომი 1; ს.ფ. 46).
8. 2015 წლის 30 დეკემბერს მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, შემკვეთი კომპანიის დირექტორმა დაადასტურა, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ჩაიბარა ქ. თბილისში, .... სამშენებლო მოედანზე მდებარე მრავალფუნქციური შენობის რკინაბეტონის მოწყობა +32.7, +35.95, +39.2, +42.45, +45.7, +48.95 ნიშნულზე, ფართობი - 9432.1 კვ.მ. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით სამუშაოების საერთო ღირებულება 1 773 234.8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით განისაზღვრა.
9. 2015 წლის 26 სექტემბრისა და იმავე წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტებით მენარდის მიერ შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ ჯამურად 2 659 466 აშშ დოლარი (1 773 234.8+886 231.2) შეადგინა.
10. საბანკო ამონაწერების თანახმად, შემკვეთს მენარდისათვის 2 659 466 აშშ დოლარიდან მხოლოდ 935 063.66 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, სახელდობრ: 2015 წლის 30 ივლისს - 50 000 ლარი, 2015 წლის 14 აგვისტოს - 232 380 ლარი, 2015 წლის 15 სექტემბერს - 130 000 ლარი, 2015 წლის 2 ოქტომბერს - 234 000 ლარი, 2015 წლის 8 დეკემბერს - 180 000 ლარი, 2015 წლის 11 დეკემბერს - 380 328 ლარი, 2015 წლის 16 დეკემბერს - 136 218,97 ლარი, რაც ჯამურად 1 342 926,97 ლარი, გადახდის დღისათვის არსებული კურსის გათვალისწინებით კი, 564 868,66 აშშ დოლარია; ასევე, 2016 წლის 11 აპრილს - 303 918 აშშ დოლარი, ხოლო იმავე წლის 18 მაისს - 66 277 აშშ დოლარი (მთლიანად 370 195 აშშ დოლარი) (იხ. ტ.1, ს.ფ 50-53; ტ.2, ს.ფ. 320, 414, 416, 485).
11. 2016 წლის 3 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:
11.1. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2 094 579.34 აშშ დოლარის მოპასუხეზე დაკისრება;
11.2. სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს სახით 2015 წლის 2 ოქტომბერს გადასახდელი თანხისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 886.21 აშშ დოლარის მოპასუხეზე დაკისრება, ვალდებულების სრულად შესრულებამდე;
11.3. სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ჯარიმის სახით 2016 წლის 6 იანვარს გადასახდელი თანხისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 1773.22 აშშ დოლარის მოპასუხეზე დაკისრება, ვალდებულების სრულად შესრულებამდე;
11.4. სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასისა და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების - 590 000 ლარის მოპასუხეზე დაკისრება.
11.5. მოსარჩელე წინამდებარე გადაწყვეტილების 1-9 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ მხარეებს შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მენარდემ სულ 2 659 448 აშშ დოლარის სამუშაოები შეასრულა, რაც დადასტურებულია მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 25 სექტემბრისა და იმავე წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტებით, სახელდობრ: პირველი მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულია 886 213.2 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მიღება-ჩაბარების აქტით - 1 773 234.8 აშშ დოლარის სამუშაოთა შესრულება. შემკვეთი ვალდებული იყო, 886 213.2 აშშ დოლარი მენარდისათვის ხუთი საბანკო დღის განმავლობაში - არაუგვიანეს 2015 წლის 2 ოქტომბერს, ხოლო 1 773 234.8 აშშ დოლარი ასევე არაუგვიანეს ხუთი საბანკო დღის განმავლობაში - 2016 წლის 6 იანვარს გადაეხადა. საბანკო ამონაწერით დადასტურებულია, რომ შემკვეთმა შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან - 2 659 448 აშშ დოლარიდან, მენარდეს მხოლოდ 564 868.66 აშშ დოლარი ჩაურიცხა, შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება 2 094 579.34 აშშ დოლარი იყო, რაც მას არ აუნაზღაურებია.
გარდა ამისა, შემკვეთის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სამშენებლო ობიექტზე სამუშაოები შეჩერდა. შესაბამისად, შემკვეთი, ნარდობის ხელშეკრულების 5.5 პუნქტის საფუძველზე, ვალდებული იყო, შემსრულებლისათვის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მთელი პერიოდის - 10 თვის განმავლობაში მუშა-მოსამსახურეების მიუღებელი ხელფასი, ასევე, სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის შენახვის ხარჯები აენაზღაურებინა (იხ. დაზუსტებული სარჩელი).
ამასთან, მოპასუხეს, ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოც, აუნაზღაურებელი თანხის - 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
12. მოპასუხემ თავდაპირველად წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მან მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის მიმართ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება არ გააჩნდა და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
მოგვიანებით, მან სასამართლოში დაზუსტებული შესაგებელი წარადგინა, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო, სახელდობრ, იგი ნაწილობრივ აღიარებდა ძირითადი თანხის დავალიანების არსებობას, გადახდილი თანხის გათვალისწინებით, თუმცა არ მიუთითებია კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა დარჩა გადასახდელი.
პირგასამტეხლოს მოთხოვნისა და მშენებლობის შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში მუშა-მოსამსახურეების მიუღებელი ხელფასის, ასევე, სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის შენახვის ხარჯების ნაწილში მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესა და შპს „ს.ჰ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ქვემენარდე) შორის 2014 წლის 25 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება ადასტურებდა, რომ ის სამუშაოები, რომლის შესრულების სანაცვლოდაც, მოსარჩელე მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას მოითხოვდა, რეალურად ქვემენარდეს ჰქონდა შესრულებული. იმის მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს მუშები ჰყავდა დაქირავებული, ასევე, რა რაოდენობის ხელფასი გადაუხადა მათ, მენარდეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია ვინაიდან, სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ მოსარჩელეს არ შეუსრულებია. საქმეში არც ტექნიკის შენახვის ხარჯებთან დაკავშირებით მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, მოთხოვნა 590 000 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.
მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ღირებულებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ შემკვეთი კომპანიის დირექტორის 2015 წლის 11 ნოემბრის წერილის შედგენის დროისათვის მენარდის წინაშე არსებული დავალიანება 1 895 375.32 აშშ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული თარიღის შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელეს ანგარიშზე ჩაურიცხა 696546.97 ლარი, ანუ გადარიცხვის დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის კურსის შესაბამისად -293723 აშშ დოლარი, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერითაც. გარდა ამისა, 2016 წლის 11 აპრილსა და იმავე წლის 18 მაისს მოსარჩელეს გადაერიცხა 695000 ლარი და 145000 ლარი, ჯამურად 840000 ლარი, გადარიცხვის დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის კურსის შესაბამისად - 370195 აშშ დოლარი.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 2 094 579.34 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა: 2015 წლის 2 ოქტომბრიდან 2015 წლის 8 დეკემბრამდე, გადასახდელი თანხის - 612 285.97 აშშ დოლარის 0.01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად 61.22 აშშ დოლარს შეადგენს; 2015 წლის 17 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის - 321 362.54 აშშ დოლარის 0.01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად 32.13 აშშ დოლარია; 2016 წლის 6 იანვრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის - 1 773 234.8 აშშ დოლარის 0.01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად 177.32 აშშ დოლარს შეადგენს; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე დაეკისრა სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასისა და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების - 590 000 ლარის გადახდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 427-ე, 429-ე და 629-ე მუხლები გამოიყენა.
14. აღნიშნული გადაწყვეტილება 2017 წლის 8 მაისისა და 25 ოქტომბრის საოქმო განჩინებებთან (რომლითაც მოპასუხის შუამდგომლობა მტკიცებულებათა მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა) ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1 724 384 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით შემდეგი თანხები დაეკისრა: 2015 წლის 2 ოქტომბრიდან 2015 წლის 8 დეკემბრამდე, გადასახდელი თანხის - 612 286 აშშ დოლარის 0.01%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად 61.2 აშშ დოლარს შეადგენს; 2015 წლის 17 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის - 321 362.5 აშშ დოლარის 0.01%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად 32.1 აშშ დოლარია; 2016 წლის 6 იანვრიდან 2016 წლის 11 აპრილამდე გადასახდელი თანხის - 1 773 234.8 აშშ დოლარის 0.01%, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 177.3 აშშ დოლარს შეადგენს; 2016 წლის 11 აპრილიდან 2016 წლის 18 მაისამდე გადასახდელი თანხის - 1 469 316.8 (1 773 234.8 - 303 918) აშშ დოლარის 0.01%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 146.9 აშშ დოლარი; 2016 წლის 18 მაისიდან ვალდებულების შესრულებამდე გადასახდელი თანხის - 1 403 039.8 (1 469 316.8 – 66 277) აშშ დოლარის 0.01%, 140.3 აშშ დოლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე დაეკისრა სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასის, სამშენებლო მასალისა და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების - 118 000 ლარის გადახდა.
15.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს წარმოადგენდა 2 094 579.34 აშშ დოლარის ფარგლებში, 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დამატებით რა თანხა გადაუხადა მოპასუხემ მოსარჩელეს.
15.2. სააპელაციო პალატის დასკვნით, საბანკო ამონაწერებით დასტურდებოდა, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს 2 659 466 აშშ დოლარიდან უკვე გადახდილი 564 868.66 აშშ დოლარის გარდა, დამატებით ანაზღაურებული ჰქონდა 370 195 აშშ დოლარიც, კერძოდ, 2016 წლის 11 აპრილს - 303 918 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 18 მაისს - 66 277 აშშ დოლარი. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული 2 094 579.34 აშშ დოლარიდან, ვალდებულება დამატებით შესრულებული ჰქონდა 370 195 აშშ დოლარის ნაწილშიც. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის წინაშე მოპასუხის დავალიანება 1724384 (2094579.34 – 370195) აშშ დოლარს შეადგენდა.
15.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზიები იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შემკვეთს ბანკის მეშვეობით გადარიცხული ჰქონდა 1 353 173.04 ლარი, რაც, გადარიცხვის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის გათვალისწინებით, 584 897 აშშ დოლარი იყო.
15.4. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასის, სამშენებლო მასალისა და ტექნიკის შენახვის ხარჯების - 590 000 ლარის დაკისრების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. პალატის დასკვნით, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეფერხებით შესრულებაში ბრალი შემკვეთს მიუძღოდა. საქმეში მუშა-მოსამსახურეების ხელფასის, სამშენებლო მასალისა და ტექნიკის შენახვის ხარჯების ღირებულების დასადგენად წარმოდგენილი იყო 2015 წლის 11 ნოემბრის შემკვეთი კომპანიის დირექტორის წერილი, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ შექმნილი ვითარების გაცნობიერებით გამოთქვა მზადყოფნა, გაეზიარებინა პასუხისმგებლობა არსებული პრობლემების მოგვარებაში. კერძოდ, დირექტორი აღიარებდა მოსარჩელის წინაშე წარმოშობილ დავალიანებას - 1 895 375.32 აშშ დოლარს და სამშენებლო სამუშაოების მათი მიზეზით 2 თვით შეჩერების გამო, 118 000 ლარის გადახდის ვალდებულებას.
პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2015 წლის 11 ნოემბრის წერილით აღიარა მენარდის მიმართ ვალდებულების არსებობა - 118 000 ლარის ოდენობით, სამშენებლო სამუშაოების 2 თვით შეჩერების გამო, რადგან აღნიშნული მათი მიზეზით იყო განპირობებული, თუმცა ამ აღიარებას საფუძვლად არ დაუდო რაიმე გაანგარიშება ხელფასის სახით გასაცემი თუ გაცემული თანხების შესახებ. აღიარება დაკავშირებული იყო წერილის ავტორის პირობასთან/თხოვნასთან სამშენებლო სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით და რომ წარმოშობილი დავალიანება დაიფარებოდა უმოკლეს ვადაში. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ აღიარებული ოდენობის თანხა უნდა გავრცელებულიყო კონკრეტულ ორ თვეზე და არა - შესაბამისი პროპორციით მომდევნო 10 თვეზე.
რაც შეეხება მომდევნო თვეების მუშა-მოსამსახურეების ყოველთვიური ხელფასის, სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის შენახვის ხარჯების ოდენობას, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, ბუნდოვანი იყო, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომ ყოველთვიური ხარჯი 59000 ლარს შეადგენდა.
15.5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.1%, არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი იყო, შესაბამისად, ის 0.01%-მდე მართებულად შემცირდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეცვლილიყო იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, 2016 წლის 6 იანვრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის - 1 773 234.8 აშშ დოლარის 0.01%-ის გადახდა დაეკისრა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, რაც ყოველდღიურად 177.32 აშშ დოლარს შეადგენდა.
გამომდინარე იქედან, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხეს 2 094 579.34 აშშ დოლარიდან ასევე გადახდილი ჰქონდა 370 195 აშშ დოლარი, შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით უნდა დაჰკისრებოდა: 2016 წლის 6 იანვრიდან 2016 წლის 11 აპრილამდე გადასახდელი თანხის - 1 773 234,8 აშშ დოლარის 0.01%-ის - 177.3 აშშ დოლარის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2016 წლის 11 აპრილიდან 2016 წლის 18 მაისამდე გადასახდელი თანხის - 1 469 316.8 (1 773 234.8-303 918) აშშ დოლარის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 146.9 აშშ დოლარი; 2016 წლის 18 მაისიდან ვალდებულების შესრულებამდე გადასახდელი თანხის - 1 403 039.8 (1 469 316.8 – 66 277) აშშ დოლარის 0.01%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 140.3 აშშ დოლარი.
16. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება (სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში), ახალი გადაწყვეტილების მიღება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
16.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
16.1.1. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მხარეს ფულადი ვალდებულება შესრულებული აქვს 370 195 აშშ დოლარის ნაწილში. მოპასუხის მიერ წარდგენილი 2016 წლის აპრილისა და მაისის გადახდები წარმოადგენდა სამშენებლო ობიექტზე მომდევნო შესრულებების, კერძოდ, +52.10 და +55.35 ნიშნულების სამუშაოების ავანსს, რომლის ჯამური ღირებულება 592 670 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენდა. სააპელაციო სასამართლომ დავის საგანს არასწორად მიაკუთვნა მითითებულ ნიშნულებთან დაკავშირებით ავანსად ჩარიცხული 370 195 აშშ დოლარი, რადგან განსახილველი დავა შეეხება +48.75 ნიშნულის ჩათვლით შესრულებულ სამუშაოებს;
16.1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასის, სამშენებლო მასალისა და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯი - 590 000 ლარი დაეკისრა.
სააპელაციო პალატამ უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ მოპასუხეს მუშახელის ხელფასის, ტექნიკის მობილიზაციისა და სხვა ხარჯების გაანგარიშების ნაწილი არც დაზუსტებულ სარჩელსა (სადაც პირველად მიეთითა აღნიშნული მოთხოვნა) და არც მოსამზადებელ სხდომებზე სადავოდ არ გაუხდია. მან მხოლოდ მთავარ სხდომაზე, ზეპირსიტყვიერად, მტკიცებულებების გარეშე უარყო აღნიშნული. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო თავადვე მიუთითებს, რომ მშენებლობა 10 თვით შეჩერდა, გაურკვეველია, რატომ დააკისრა მოპასუხეს ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ 2 თვეზე.
ამასთან, სწორედ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ დაზუსტებული სარჩელის წარდგენის ეტაპზე მოპასუხემ აღნიშნული ციფრები სადავოდ არ გახადა, მოსარჩელეს აღარ წარუდგენია სასამართლოსთვის დეტალური დოკუმენტაცია მუშახელის ხელფასების, ტექნიკის მობილიზაციისა და სხვა ხარჯების შესახებ. კასატორისთვის გაურკვეველია, თუ რა საფუძვლით გაიზიარა სააპელაციო პალატამ მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი უარყოფა.
16.1.3. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, საქმეზე დაუშვა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - საბანკო ამონაწერები, რაზე დაყრდნობითაც უსაფუძვლოდ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
16.2. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
16.2.1. სააპელაციო სასამართლომ ისე შეამცირა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა მხოლოდ 370 195 აშშ დოლარით, რომ არ გაითვალისწინა სხვადასხვა ბანკის საშუალებით განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით მოსარჩელისათვის გადარიცხულმა თანხამ 2 090 355 აშშ დოლარი, ხოლო სხვა ბანკის საშუალებით გადარიცხულმა თანხამ - 1 068 303 აშშ დოლარი შეადგინა;
16.2.2. მოპასუხეს არასწორად დაეკისრა სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეთა ხელფასისა და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების ანაზღაურება. მოსარჩელეს, მტკიცებულება იმისა, რომ მუშები ჰყავდა დაქირავებული, რამდენი ხნით ჰქონდა შეჩერებული სამუშაოები და რა რაოდენობის ხელფასი გადაუხადა მათ, ასევე, ტექნიკის შენახვის ხარჯები რას შეადგენდა და ა.შ. სასამართლოსთვის არ წარუდგენია. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრებოდა. სამუშაოები, რომლის შესრულების სანაცვლოდაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას, რეალურად ქვემენარდემ შეასრულა. შესაბამისად, ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელეს მუშები და ტექნიკა არ დაუქირავებია. ამდენად, 118 000 ლარის ოდენობის ზიანი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც იკისრა მოპასუხის ყოფილმა დირექტორმა, არ არსებობს;
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის თაობაზე უსაფუძვლოა, ხოლო მოსარჩელის ნაწილობრივ საფუძვლიანია, სახელდობრ, მოსარჩელემ, მოპასუხის მიმართ, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასისა და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების (590 000 ლარის) დაკისრების მოთხოვნის ნაწილობრივ უარყოფის ნაწილში დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა. აღნიშნულ ნაწილში კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რასაც შედეგად სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები მოჰყვა, საფუძვლიანია.
19. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შესრულებული სამუშაოთა საზღაურის, სამშენებლო სამუშაოების შეჩერებით გამოწვეული ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 648-ე (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას), 633.1 (შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საბანკო ანგარიშის ამონაწერებზე დაყრდნობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხეს 564868.66 აშშ დოლარის გარდა, მოსარჩელისთვის დამატებით გადახდილი აქვს ჯამურად 370 195 აშშ დოლარი, საიდანაც 303.918 აშშ დოლარი გადაიხადა 11.04.2016 წელს, ხოლო 66 277 აშშ დოლარი - 18.05.2016 წელს (იხ. ტ. II, ს.ფ 320, 414, 416, 485).
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ მოპასუხის მხრიდან 2016 წლის 11 აპრილსა და 18 მაისს განხორციელებული გადარიცხვები სხვა ვალდებულების ფარგლებში გადახდილ ავანსს წარმოადგენდა, გამომდინარე იქიდან, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ხსენებული გარემოების დადასტურება ვერ შეძლო, საქმის მასალებში წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებში კი თანხის გადახდის კონკრეტული დანიშნულება მითითებული არ არის.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესრულებულ სამუშაოთა საზღაურის ანაზღაურების ვალდებულება 1724384 (2 094 579 - 370 195) აშშ დოლარის ოდენობით.
21. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულების სახით არამართლზომიერად დაურთო ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ხსენებული მტკიცებულებები 2018 წლის 7 ნოემბრის საოქმო განჩინებით კანონის სრული დაცვით მიიღო და დაურთო საქმეს, შესაბამისად, მართებულად დააფუძნა მათზე მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ მოპასუხემ თავდაპირველად პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე იშუამდგომლა, თუმცა სასამართლოს საოქმო განჩინებით. აღნიშნული შუამდგომლობა უარყოფილ იქნა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს შესაგებელში მათ შესახებ მითითებული არ ჰქონდა (იხ. 25.10.2017 წლის სხდომის ოქმი, 14:04:15 სთ).
გარდა ამისა, სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეს კონკრეტული მტკიცებულება არ მიუთითებია, თუმცა აღნიშნავდა, რომ მას ესაჭიროებოდა დრო მტკიცებულებათა (ზოგადად) წარსადგენად და შუამდგომლობდა, მისცემოდა ამის შესაძლებლობა სასამართლო განხილვაზე (იხ. ტ. I, ს.ფ 186).
სსსკ-ის 103-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმა ამოქმედდა 2018 წლის 28 მარტიდან, შესაბამისად, მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს სააპელაციო პალატას, სსსკ-ის 1.2 (სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს) მუხლის საფუძველზე, სრული უფლებამოსილება გააჩნდა, ეხელმძღვანელა აღნიშნული ნორმის დებულებით.
გარდა ამისა, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.
იმავე კოდექის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების სტადიაზე (მათ შორის მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე) მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ავტომატურდ დაერთვის საქმეს იმ შემთხვევაში, თუ ის უკავშირდება კონკრეტულ დავას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში უსაფუძვლოდ ეთქვა უარი საქმის მომზადების სტადიაზე წარდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით, ვინაიდან საბანკო ამონაწერები უკავშირდებოდა სადავო ვალდებულების შესრულებას და მათ მიღებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.
იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს საბანკო ამონაწერების საქმეზე დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიღო და იხელმძღვანელა ხსენებული მტკიცებულებებით.
22. საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასისა და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯი - 590 000 ლარი დაეკისრა.
22.1. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით გაზარდა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა და გარდა სამუშაოთა შესრულების საზღაურისა, დამატებით, პირგასამტეხლო და სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასისა და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების - 590 000 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოპასუხეს კი დაზუსტებულ სარჩელზე სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია.
22.2. ნარდობის ხელშეკრულების 5.5. პუნქტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის გამო სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, დამკვეთი მენარდეს შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურებდა ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასს (ყოველთვიური ხელფასის ოდენობა განისაზღვრება წინა თვეში მუშა-მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების პროპორციულად), ასევე სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის შენახვის ხარჯებს.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ 10 თვით სამშენებლო სამუშაოების შეჩერება გამოიწვია. ასევე უდავოა, რომ მოპასუხემ აღიარა სამშენებლო სამუშაოების მისი მიზეზით, 2 თვით შეჩერების გამო, 118 000 ლარის გადახდის ვალდებულება.
საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 394.1 მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დამტკიცება, რომ მას სამშენებლო სამუშაოების შეჩერებაში ბრალი არ მიუძღოდა, რაც მას სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით არ შეუსრულებია.
გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხემ აღიარა მისი ბრალით სამშენებლო სამუშაოების 2 თვით მოცდენის გამო 118000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, საკასაციო პალატას პრეზუმირებულად მიაჩნია ფაქტი, რომ ყოველთვიურად მოცდენით გამოწვეული ზიანი 59000 ლარს (118000 : 2) შეადგენდა, შესაბამისად, მოცდენის სრულ პერიოდზე - 10 თვეზე მოსარჩელემ 590 000 ლარის ზიანი განიცადა. პრეზუმირებული ფაქტის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მისი უარყოფა იმ მხარეს ეკისრება, რომლის წინააღმდეგაც ეს ვარაუდი მოქმედებს, თუმცა მოპასუხეს არათუ პრეზუმირებული ფაქტის უარყოფა, შესაგებელიც კი არ წარუდგენია დაზუსტებულ სარჩელზე.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს, მისი მიზეზით სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო, მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება სახელშეკრულებო ზიანის - 590 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ნაწილში მოსარჩელის საკასაციო პრეტენზია გასაზიარებელია.
23. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 667 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 264.3, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ო.ქ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ო.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ო.ქ–ს“ შპს "გ.კ-ი.ს.ს.კ–იის" სასარგებლოდ დაეკისრა სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასის, სამშენებლო მასალისა და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების - 118 000 (ას თვრამეტი ათასი) ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს „ო.ს.კ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და მის სასარგებლოდ შპს „ო.ქ–ს“ დაეკისროს 590 000 (ხუთას ოთხმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება;
6. შპს „ო.ს.კ–ის“ სასარგებლოდ შპს „ო.ქ–ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2 667 (ორი ათას ექვსას სამოცდაშვიდი) ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი