საქმე №ას-603-562-2017 16 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ჭ-ის (შემდგომში „განმცხადებელი“) განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე 2019 წლის 26 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ისა და ა. ჭ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინება ი. ვ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 24 ნოემბერს მ. ჭ-ესა და ა. ჭ-ეს შორის ქ. ..., 26 მაისის ქ. #58-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: 31.01....) ნასყიდობის ხელშეკრულება ¼ ნაწილში; ი. ვ-ე ცნობილ იქნა ქ. ..., 26 მაისის ქ. #58-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: 31.01....) ¼ ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; მოპასუხეებს მ. ჭ-ესა (პ/ნ: 1700102...) და ა. ჭ-ეს (პ/ნ: 1700100...) დაეკისრათ ი. ვ-ის (პ/ნ: 6000106...) სასარგებლოდ მის მიერ 2016 წლის 6 ივნისს #12 საგადახდო დავალებით სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 390 (სამას ოთხმოცდაათი) ლარის ნახევრის - 145 (ას ორმოცდახუთი) ლარის გადახდა; მოსარჩელეს ი. ვ-ეს (პ/ნ: 600010...) დაეკისრა მ. ჭ-ისა (პ/ნ: 170010...) და ა. ჭ-ის (პ/ნ: 1700100...) სასარგებლოდ მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე 2017 წლის 10 იანვრის #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 220 (ორას ოცი) ლარისა და 2017 წლის 16 იანვრის #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 (სამასი) ლარის, ჯამში 520 (ხუთას ოცი) ლარის ნახევრის, 260 (ორას სამოცი) ლარის, ასევე საკასაციო საჩივარზე 2017 წლის 7 ივნისის #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის ნახევრის, 325 (სამას ოცდახუთი) ლარის, საერთო ჯამში 585 (ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარის გადახდა.
2019 წლის 26 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ, მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2019 წლის 4 სექტემბერს ა. ჭ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა პირადობის მოწმობის ასლი და მოითხოვა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის - მისი პირადი ნომრის გასწორება.
2019 წლის 11 სექტემბერს განმცხადებელმა კვლავ მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე ამავე წლის 26 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის, მისი პირადი ნომრის გასწორება.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე 2019 წლის 26 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უნდა გასწორდეს უსწორობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უსწორობის გასწორების საკითხის სასამართლო სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლით ირკვევა, რომ ა. ჭ-ის პირადი ნომერია 17001005..., ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, ისევე როგორც მის საფუძველზე გაცემულ 2019 წლის 26 ივლისის სააღსრულებო ფურცელში ნაცვლად ა. ჭ-ის პირადი ნომერისა 1700100..., მითითებულია პ/ნ 1700100..., რის გამოც უნდა გასწორდეს ზემოაღნიშნულ საპროცესო დოკუმენტებში დაშვებული უსწორობა.
ამასთანავე, რადგან საპროცესო კანონმდებლობა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესაძლებლობას პირდაპირ არ ითვალისწინებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ანალოგიის წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე დაყრდნობით, რადგანაც, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტებში დაშვებული უსწორობა და ა. ჭ-ის პირად ნომრად ნაცვლად „1700100...“-ისა მიეთითოს პირადი ნომერი - „1700100...“.
რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2019 წლის 26 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელს (#ას-603-562-2017), საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გასწორდეს სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტში, ასევე მასში მითითებულ კრედიტორის რეკვიზიტებში დაშვებული უსწორობა და ა. ჭ-ის პირად ნომრად „1700100...“-ის ნაცვლად უნდა მიეთითოს პირადი ნომერი - „1700100...“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2019 წლის 26 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობანი;
2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში სიტყვები „ა. ჭ-ეს (პ/ნ: 1700100...)“ შეიცვალოს სიტყვებით „ა. ჭ-ეს (პ/ნ: 1700100...)“ და მე-7 პუნქტში სიტყვები „ა. ჭ-ის (პ/ნ: 1700100..)“ შეიცვალოს სიტყვებით „ა. ჭ-ის (პ/ნ: 1700100...)“;
3. 2019 წლის 26 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (#ას-603-562-2017) მე-7 პუნქტში სიტყვები „ა. ჭ-ის (პ/ნ: 170010..)“ შეიცვალოს სიტყვებით „ა. ჭ-ის (პ/ნ: 170010...)“; ხოლო სიტყვები „რეკვიზიტი - ა. ჭ-ე (პ/ნ: 1700100..)“, შეიცვალოს სიტყვებით „რეკვიზიტი - ა. ჭ-ე (პ/ნ: 1700100...)“;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე