Facebook Twitter

საქმე №ა-3198-შ-89-2019 9 სექტემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ქ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ისრაელის სახელმწიფოს რიშონ-ლე-ზიონის ოჯახური საქმეების სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის №035690/08 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ისრაელის სახელმწიფოს რიშონ-ლე-ზიონის ოჯახური საქმეების სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის №035690/08 გადაწყვეტილებით ს. დ-სა (საქართველოს მოქალაქის პასპორტის №1729...) და ხ. ქ-ს (ისრაელის მოქალაქის პირადობის მოწმობა №3169...) შორის არსებული ქორწინება შეწყდა.

2. 2019 წლის 3 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს. დ-მა და მოითხოვა ისრაელის სახელმწიფოს რიშონ-ლე-ზიონის ოჯახური საქმეების სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის №035690/08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით ს. დ-ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სათანადო წესით დამოწმებული, ისრაელის სახელმწიფოს რიშონ-ლე-ზიონის ოჯახური საქმეების სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა ამავე სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის №035690/08 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი; ბ) სერგო დემუროვის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ისრაელის სახელმწიფოს რიშონ-ლე-ზიონის ოჯახური საქმეების სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის №035690/08 გადაწყვეტილების სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

4. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს მ. ჭ-ეს ჩაბარდა 2019 წლის 29 ივლისს. თუმცა, შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 19 აგვისტოს დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სერგო დემუროვის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

8. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინების ასლი ჩაბარდა 2019 წლის 29 ივლისს, ხოლო ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის დენა დაიწყო მომდევნო დღეს - 2019 წლის 30 ივლისს [სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი] და ამოიწურა 2019 წლის 19 აგვისტოს (ორშაბათი), ვინაიდან 20-დღიანი ვადის უკანასკნელი დღე, 2019 წლის 18 აგვისტო, იყო კვირა [სსსკ-ის 61.2 მუხლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე]. ამასთან, მას განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა. თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 19 აგვისტოს დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. დ-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. დ-ის შუამდგომლობა ისრაელის სახელმწიფოს რიშონ-ლე-ზიონის ოჯახური საქმეების სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის №035690/08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური