Facebook Twitter

საქმე №ა-3006-შ-87-2019 9 სექტემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს. (ს.) კ-ო

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. (ვ.) კ-ო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის დესნიანსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის დესნიანსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით 1989 წლის 14 იანვარს ბათუმის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ (რესპუბლიკა საქართველო) ს. ს. ასულ კ-სა და ვ. ი. ძე კ-ოს შორის დარეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის №35, შეწყდა.

2. 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს. კ-ომ და მოითხოვა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის დესნიანსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის დესნიანსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2019 წლის 19 იანვრიდან; მოპასუხე საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მაგრამ სხდომაზე არ გამოცხადდა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით ს. (ს.) კ-ოს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო; ან მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; ან ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

5. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს (დედას) 2019 წლის 18 ივლისს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად [თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით] ითვლება შუამდგომლობის ავტორისთვის ჩაბარებად.

6. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 23 ივლისის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. (ს.) კ-ოს შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

10. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინება ჩაბარდა 2019 წლის 18 ივლისს. ამასთან, მას განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა, თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 23 ივლისის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მოცემული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

13. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. (ს.) კ-ოს შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. (ს.) კ-ოს შუამდგომლობა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის დესნიანსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური