საქმე №ა-2438-შ-64-2019 9 სექტემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – უკრაინის ხარკოვის ოლქის სახნოვშჩინის რაიონული სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის ხარკოვის ოლქის სახნოვშჩინის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის ხარკოვის ოლქის სახნოვშჩინის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ბ. ასული მ-ის სასარჩელო განცხადება ზ. მ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილებისთვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 19... წლის ... ივნისს დაბადებულ ზ. მ-ს, საიდენტიფიკაციო ნომერი: 3500105..., დაბადებულს საქართველოში, ცხინვალი, მცხოვრებს მისამართზე: საქართველო, თბილისი, წ. ქ. სახლი 10, დაეკისრა ალიმენტი ი. ბ. ასული მ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების: ვაჟიშვილის - 20... წლის ... მაისს დაბადებული დ. ზ. ძე მ-ის, ქალიშვილის - 20... წლის ... მაისს დაბადებული ლ. ზ. ასული მ-ის, სარჩენად მყარი ფულადი თანხით, კერძოდ, 4200,00 გრივნის (ოთხი ათას ორასი გრივნა და 00 კაპიკი) ოდენობით, 2016 წლის 11 მაისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე; ასევე 19... წლის .. ივნისს დაბადებულ ზ. მ-ს, საიდენტიფიკაციო ნომერი: 3500105..., დაბადებულს საქართველოში, ცხინვალი, მცხოვრებს მისამართზე: საქართველო, თბილისი, წ. ქ. სახლი 10, დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო ხარჯები 551,20 გრივნის ოდენობით, თანხების მიმღები: გუკ კიევში/კიევი/22030106, კოდი: ეგრპოუ 37993783, მიმღების ბანკი: უკრაინის სახელმწიფო სახაზინო სამსახურის კიევის მთავარი სამმართველო, მიმღების ბანკის კოდი: 820019, მიმღების ანგარიში: 31215256700001, ბიუჯეტის შემოსავლების კლასიფიკაციის კოდი: 22030106, გადახდის დანიშნულება „სასამართლო ხარჯები“.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 23 მაისის №7612 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა უკრაინის ხარკოვის ოლქის სახნოვშჩინის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა უკრაინის ხარკოვის ოლქის სახნოვშჩინის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, ზ. მ-ისთვის სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრების ნაწილში.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით უკრაინის ხარკოვის ოლქის სახნოვშჩინის რაიონულ სასამართლოს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინის ხარკოვის ოლქის სახნოვშჩინის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ექვემდებარება აღსრულებას; ბ) ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინის ხარკოვის ოლქის სახნოვშჩინის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება ზ. მ-ისათვის სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრების ნაწილში არ აღსრულებულა უკრაინის ტერიტორიაზე; გ) შუამდგომლობა შესწორებული საბანკო რეკვიზიტებით.
4. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს ჩაბარდა 2019 წლის 17 ივლისს. მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 29 ივლისის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უკრაინის ხარკოვის ოლქის სახნოვშჩინის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
8. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინების ასლი ჩაბარდა 2019 წლის 17 ივლისს, ხოლო ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მომდევნო დღეს - 2019 წლის 18 ივლისს [სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი] და ამოიწურა 2019 წლის 29 ივლისს (ორშაბათი), ვინაიდან 10-დღიანი ვადის უკანასკნელი დღე, 2019 წლის 27 ივლისი, იყო შაბათი [სსსკ-ის 61.2 მუხლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე]. ამასთან, მას განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა. თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 29 ივლისის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია.
10. სამოქალაქო საქმეთა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 6 აგვისტოს შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოში წარმოადგინა ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. წარმოდგენილ საბუთებზე დართული საფოსტო კონვერტითა და საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდიდან ამონაწერით დასტურდება, რომ გზავნილი ფოსტას ჩაბარდა 2019 წლის 30 ივლისს ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ [სსსკ-ის 61.3. მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება].
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
12. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინის ხარკოვის ოლქის სახნოვშჩინის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უკრაინის ხარკოვის ოლქის სახნოვშჩინის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრების ნაწილში უკრაინის ხარკოვის ოლქის სახნოვშჩინის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური