საქმე №ას-1045-2019 20 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჰ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „მ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჰ.“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 8 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით გასცა 75 000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად 5%-ს.
3. მოპასუხე არ ასრულებდა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრს ვალდებულებას, არ იხდიდა ყოველთვიურად სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ სარგებელს. მისი დავალიანება შესდგება სესხის ძირი თანხის – 75 000 აშშ დოლარისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის, სულ – 120 550 აშშ დოლარისაგან.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 120 550 აშშ დოლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით მოპასუხის საჩივარს ეთქვა უარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, დაევალა: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა – 7 დღე.
8. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 7 დღით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 59-ე, 63-ე მუხლების, მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელს პირადად 2019 წლის 17 მაისს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 18 მაისს და ამოიწურა 2019 წლის 24 მაისს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულის შესახებ აპელანტი გაფრთხილებული იყო სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტისა და 1 აპრილის განჩინებებით.
11. ამრიგად, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არსებობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველად იმ მოტივით, რომ მხარემ არ გამოასწორა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ, რაც უსამართლოა. აპელანტმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მძიმე ფინანსურ მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც გადაეცა სასამართლოს, თუმცა სააპელაციო პალატამ აღნიშნული შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
17. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
18. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 7 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა აპელანტის მოთხოვნით კიდევ 7 დღით გაიზარდა.
19. სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ 2019 წლის 17 მაისს ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელს პირადად.
20. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
21. დასახელებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს საჭირო საპროცესო დოკუმენტები გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი. საპროცესო დოკუმენტების მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარება მათი უშუალოდ მხარისათვის გადაცემას უთანაბრდება.
22. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
23. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 18 მაისს და ამოიწურა 2019 წლის 24 მაისს.
24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს როგორც სახელმწიფო ბაჟის ნაწილში, ისე ხარვეზის სხვა ნაწილშიც. აღსანიშნავია, რომ ხარვეზი აპელანტს დაუდგინდა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის, არამედ ზემოთ მითითებულ სხვა საკითხებზეც. კერძო საჩივრის ავტორს არ დაუსაბუთებია, რა მიზეზით ვერ მოახერხა ხარვეზის კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ნაწილში.
25. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.
26. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი, დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად.
27. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან (იხ. სუსგ 9.10.2018წ. საქმე №ას-1220-2018).
30. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ხარვეზის პირველად დადგენის შემდეგ წარდგენილი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დამატებითი ვადის მოთხოვნის შესახებ ვერანაირი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ ხარვეზის საპროცესო ვადა მაინც გაუგრძელა მხარეს, თუმცა აპელანტმა ხარვეზი მიანც ვერ გამოასწორა და არც ახალი შუამდგომლობა სასამართლოს არ წარუდგინა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.
31. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჰ.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი