Facebook Twitter

საქმე №ას-858-2019 20 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. დ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების გადახდის სანაცვლოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. ს-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. დ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების გადახდის სანაცვლოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 1982-1983 წლებში შეიძინა 52.07 კვ.მ საცხოვრებელი ფართი 5 000 რუსულ მანეთად. მოსარჩელე ფლობს საცხოვრებელ სადგომს, რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, იხდის კომუნალურ გადასახადებს, შესაბამისად, წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს. მოპასუხე წარმოადგენს სახლთმფლობელობის 1/3-ის მესაკუთრეს, სადაც მოსარჩელის კუთვნილი ფართია განლაგებული.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/3 ნაწილიდან 52.07 კვ.მ-ის მესაკუთრედ 11 168 ლარის გადახდის სანაცვლოდ. მოსარჩელის სახელზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 4100 ლარი გადაეცა მოპასუხეს და ჩაეთვალა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებულ თანხაში (11 168 ლარში), ხოლო დარჩენილი 7068 ლარის ნაწილში მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელისათვის ამ გადაწყვეტილებით მიკუთვნებული უძრავი ქონება. ამავე სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხოლო მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-ე მუხლის პირველის ნაწილის 71-ე, 73-ე და 76-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ 2018 წლის 3 სექტემბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხე და მისი წარმომადგენელი, რომელთაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობათ სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სხდომის გადადების თაობაზე მხარეებს ეცნობათ შესაბამისი ხელწერილით, ტომი 1, ს.ფ. 159).

7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2018 წლის 3 სექტემბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება.

8. სსსკ-ის 215-ე მუხლის თანახმად, წარმოდგენილ საჩივარში სხდომაზე გამოუცხადებლობის საფუძვლად მითითებულია მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც საქმეში არ მოიპოვება, მეტიც, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს ჰყავდა წარმომადგენელი და, თუ მხარე უშუალოდ ვერ ახერხებდა გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე, აღნიშნული ვალდებულება ეკისრებოდა მის წარმომადგენელს.

9. სააპელაციო პალატამ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა აპელანტის მოსაზრებას, რომ წარმომადგენელმა ვერ მოახერხა პროცესზე მისვლა ქალაქში არსებული გადატვირთული სამანქანო მოძრაობის გამო, მით უფრო, რომ მას პროცესზე დაგვიანების შესახებ შეეძლო, სატელეფონო საშუალებით ეცნობებინა სასამართლოსათვის, ან/და გარკვეული დროის შემდეგ საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე (მარწმუნებლის შვილის მეშვეობით) წარმოდგენილ განცხადებაში მაინც მიეთითებინა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის/დაგვიანების მიზეზები.

10. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 241-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

12. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში მოხმობილ მსჯელობას და განმარტა, რომ სარჩელის აღძვრის წინაპირობები მითითებულია სსსკ-ის 186-ე მუხლში, ხოლო აღიარებითი სარჩელის მიმართ – 180-ე მუხლში. თუ ეს წინაპირობები არ არსებობს, სასამართლომ სარჩელი არ უნდა მიიღოს წარმოებაში, ხოლო თუ მიიღებს, იმის მიხედვით რომელიმე წინაპირობა არ არსებობს, უნდა შეწყვიტოს საქმე ან სარჩელი დატოვოს განუხილველად.

13. მოცემულ შემთხვევაში, როგორც სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, აპელანტი სადავოდ ხდის არა სარჩელის აღძვრის წინაპირობებს, არამედ - დავის არსის ფაქტობრივ გარემობებს, რომლის არსებით განხილვაშიც სააპელაციო სასამართლო ვერ შევა, ვინაიდან აპელანტმა ვერ დაასაბუთა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლიანობა, ხოლო ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად იქნა მიჩნეული და სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ისინი იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

15. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ იმსჯელა სააპელაციო პრეტენზიაზე, რომელიც ეხებოდა საოქმო განჩინების გაუქმებას და მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ახალი მტკიცებულებების გამოთხოვის ნაწილში. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი სადავო ფართში ცხოვრობდა ქირით, შესაბამისად, მას კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსი არ გააჩნია.

16. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხე საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, ავადმყოფობის გამო, რადგან გადაიტანა ინფარქტი, რის შესახებ სასამართლოს სხდომის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ აცნობა მისმა შვილმა და წარმომადგენელმა.

17. სააპელაციო პალატის განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან, კერძოდ, 23.06.2008წ. საქმე №ას-739-1037-09.

18. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა – სსსკ-ის 377-ე მუხლის მესამე ნაწილი, 233-ე მუხლის „დ“ პუნქტი და 241-ე მუხლი, ასევე, არასწორად განმარტა სარჩელის აღძვრის წინაპირობების არსი. სარჩელის აღძვრის წინაპირობა არის დავის არსებობა და არა სსსკ-ის 186-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობა.

19. საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ, მართალია, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ სადავო ფართი 1982-1983 წლებში შეიძინა 5000 რუსულ მანეთად, მაგრამ რეალურად ასეთი ფული იმ პერიოდში არ არსებობდა. ამასთან, მოსარჩელე სპეციალური კანონით განსაზღვრულ მოსარგებლეს არ წარმოადგენს, იგი ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა სადავო ფართს. საქმის მასალებში არსებული ადმინისტრაციული აქტები ადასტურებს, რომ არ არსებობდა ამ სახის სარჩელის აღძვრის წინაპირობა.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

23. 2018 წლის 3 სექტემბერს 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2018 წლის 4 ივნისს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი გ. ი-ე (იხ. რწმუნებულება საქმეში ს.ფ. 109-111). აღნიშნული პროცესი გადაიდო 2018 წლის 3 სექტემბერს 14:00 საათზე. სხდომის გადადების თაობაზე მხარეებს ეცნობათ შესაბამისი ხელწერილით (ს.ფ. 159). მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნულ ხელწერილზე ხელის მოწერით დაადასტურა, რომ მას კანონით დადგენილი წესით ეცნობა მომდევნო სასამართლო სხდომის დღის, ადგილისა და სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

26. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე და მისი წარმომადგენელი. მოსარჩელე მხარემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.

27. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

28. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოს არ აცნობა. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

29. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

30. ამავდროულად, სარჩელში მითითებული ფაქტები უნდა ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას.

31. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.

32. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

33. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

34. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე და მისი წარმომადგენელი, თუმცა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია.

35. თავად მოპასუხის განმარტებით, იგი იყო ავად, ხოლო მისი წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა დროულად ქალაქში არსებული გადატვირთული სამანქანო მოძრაობის გამო.

36. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ არც უშუალოდ მოპასუხეს და არც მის წარმომადგენელს მათი პოზიციის გასამყარებლად რაიმე მტკიცებულება არცერთ საჩივარზე არ დაურთავს. მეტიც, პროცესზე დაგვიანების შესახებ მოპასუხის წარმომადგენელს შეეძლო, სატელეფონო საშუალებით ეცნობებინა სასამართლოსათვის, ასევე, საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე (მარწმუნებლის შვილის მეშვეობით) შეტანილ განცხადებაში მაინც მიეთითებინა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის/დაგვიანების მიზეზები.

37. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორმა ვერ წარმოადგინა.

38. ასევე, სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს არ წარმოადგენს.

39. მოპასუხის გამოუცხადებლობის პირობებში სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული ფაქტები, რომ მოსარჩელემ 1982-1983 წლებში სადავო 52.07 კვ.მ საცხოვრებელი ფართი შეიძინა 5 000 რუსულ მანეთად (ცხადია, იგულისხმება არა ამჟამად არსებული რუსული რუბლი, არამედ საბჭოთა მანეთი). მოსარჩელე დღემდე რეგისტრირებულია სადავო საცხოვრებელ სადგომში, იხდის კომუნალურ გადასახადებს. ამგვარი მოცემულობისას მოპასუხის მიერ მითითებული მტკიცებულებები, მათ შორის, ახალი მტკიცებულებების გამოთხოვის მოთხოვნა, არ განიხილება და სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ მოსარჩელის დასახელებული ფაქტებით.

40. აღნიშნული ფაქტების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებანი იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის ზემოხსენებული კანონის საფუძველზე მოსარგებლედ ცნობასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება.

41. სააპელაციო პალატის განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან არც კასატორის მიერ მითითებულ №ას-739-1037-09 საქმეზე მიღებულ 23.06.2008წ. განჩინებისაგან.

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის (მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის) საპატიოდ მიჩნევის საკითხს სასამართლო აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გავლენას ვერ მოახდენს სხვა დავის განსხვავებული გარემოებების განხილვის შედეგად მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევა.

43. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

46. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

48. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ი--ის მიერ 2019 წლის 26 ივნისს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 558 ლარის 70% – 390,6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ თ. დ-ეს (პირადი №01011043519) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გელა ივანიძის მიერ 2019 წლის 26 ივნისს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 558 ლარის 70% – 390,6 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური