Facebook Twitter

საქმე №ას-808-2019 20 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – პ. შ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჯ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. ჯ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. შ-ას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულების გამო, 2014 წლის 30 ივნისს და 2017 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუს მიერ მის მიმართ გაიცა სააღსრულებო ფურცლები, რომლებშიც არასწორად აისახა აღსასრულებელი თანხის ოდენობა.

3. მოსარჩელემ მოითხოვა, 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების ჯამური მოცულობა განისაზღვროს 43 772.10 აშშ დოლარით, რომელიც მოიცავს სესხის ძირ თანხას, დარიცხულ პროცენტს და პირგასამტეხლოს. ამავდროულად, ყოველდღიური პირგასამტეხლოდ უნდა დადგინდეს – 2.95 აშშ დოლარი 2014 წლის 24 ივნისიდან 2017 წლის 3 დეკემბრამდე.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს მოცულობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი, იგი გონივრულია, შესაბამისად, არ არსებობს სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა 2014 წლის 30 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და 2017 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ: აღსასრულებელი ვალდებულების ჯამური მოცულობა 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით განისაზღვრა 63 179 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს სესხის ძირს, დარიცხულ პროცენტს და პირგასამტეხლოს, ასევე, განისაზღვრა ყოველდღიური პირგასამტეხლო 21 აშშ დოლარის ოდენობით 2017 წლის 12 აგვისტოდან მოთხოვნის აღსრულებამდე და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 120 ლარი.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით, ხოლო მოპასუხემ შეიტანა შეგებებული საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით არც ძირითადი და არც შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 24 სექტემბერს საკრედიტო დაწესებულებასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და საკრედიტო ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მოსარჩელეს გადაეცა სესხი – 29 500 აშშ დოლარი 12 თვის ვადით. სესხი 2013 წლის 24 სექტემბერს გაიცა და 2014 წლის 24 სექტემბრამდე სრულად უნდა დაფარულიყო. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%-ს, ხოლო მომსახურების საკომისიო გადასახადი – კრედიტის მოცულობის 1%-ს. ხელშეკრულების 2.2.7. პუნქტის შესაბამისად, კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, კრედიტის გამცემი უფლებამოსილი იყო, საპროცენტო სარგებელთან ერთად დაეკისრებინა დავალიანების თანხისთვის ჯარიმა 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

9. 2013 წლის 24 სექტემბერს გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მხარეებს შორის გაფორმდა ამავე დღეს იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც ნოტარიალურად დადასტურდა, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

10. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 9.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში დასაშვებია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა/შეწყვეტა, რასაც შედეგად 9.4.1. მუხლით გათვალისწინებული შედეგები მოჰყვება, კერძოდ, მსესხებელი ვალდებულია, კრედიტის გამცემის წინაშე ყველა ფინანსური ვალდებულება ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა თანხის დავალიანების ჩათვლით, დაუყოვნებლივ შეასრულოს. ამავე ხელშეკრულების 10.3 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

11. 2014 წლის 30 ივნისს საკრედიტო მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა 36 025.41 აშშ დოლარი, 2014 წლის 25 ივნისიდან ყოველდღიური პირგასამტეხლო კი, – 104.43 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი შეადგენს 120 ლარს. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

12. 2016 წლის 2 თებერვალს საკრედიტო დაწესებულებასა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხემ შეიძინა 35 400 აშშ დოლარად მოთხოვნის უფლება.

13. 2017 წლის 14 აგვისტოს მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 30 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება, კერძოდ, კრედიტორად – მოპასუხე, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების ჯამურ მოცულობად 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით განისაზღვრა 155 413.10 აშშ დოლარი, რომელიც სესხის ძირითად თანხას მასზე დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს მოიცავდა. ყოველდღიურ პირგასამტეხლოდ კი, დადგინდა 104.36 აშშ დოლარი.

14. მოპასუხემ, აღსრულების მიზნით, მიმართა კერძო აღმასრულებელს, რომელმაც მოსარჩელეს გაუგზავნა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წერილი. აღსასრულებელი ვალდებულების ჯამური მოცულობა 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით 155 413.10 აშშ დოლარს შეადგენდა, რომელიც სესხის ძირითად თანხას, მასზე დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს, ასევე, მოთხოვნის აღსრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს სახით, 104.36 აშშ დოლარს, მოიცავდა. საერთო ჯამში მოთხოვნის მოცულობაა – 158 230.82 აშშ დოლარი, ხოლო, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 120 ლარი. ასევე, დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

15. 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულებიდან (158 230.82), 29 500 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 10 620 აშშ დოლარი არის დარიცხული პროცენტი, ხოლო 119 388 აშშ დოლარი დარიცხული პირგასამტეხლოა (ჯარიმა) (მხარეთა ახსნა-განმარტება).

16. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივ გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს, თუმცა მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით სსსკ-ით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“.

18. მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

19. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სსსკ-ის 105-ე მუხლი).

20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

22. სსკ-ის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

23. ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

24. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის, 420-ე მუხლი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება.

25. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, ვალდებულების დარღვევის ხასიათი მისი ხანგრძლივობა და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

26. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

27. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

28. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოვალის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი დავალიანების თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს ატარებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან შეუსაბამო იყო და იგი გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირებულიყო, ვინაიდან პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო 119 388 აშშ დოლარი 5-ჯერ შემცირდა და, საბოლოოდ, ნოდარ ჯამაგიძეს, პირგასამტეხლოს სახით, 23 059 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, ხოლო, ყოველდღიური პირგასამტეხლოს თანხა - 21 აშშ დოლარით განისაზღვრა.

29. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 5-ჯერ შემცირება, მოვალის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც 5-ჯერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა და პალატას შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების პირობებშიც კი, იგი კვლავ შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა, რომელიც შეუსაბამო იყო, როგორც მოვალის ფინანსურ მდგომარეობასთან, ასევე, ვალდებულების დარღვევის ხასიათთან და იგი მოვალის ინტერესებს გაუმართლებლად ლახავდა. მსგავსი მტკიცების არარსებობის პირობებში კი მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელე სისხლის სამართლის საქმეზე გამართლდა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა, ანდა ის, რომ მოპასუხის ინიციატივით სასამართლომ ყადაღა გამოიყენა, რომელიც, საბოლოოდ, გაუმართლებელი აღმოჩნდა, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისთვის, არარელევანტურია და გაზიარებული ვერ იქნება.

30. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა არც შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და იგი საერთოდ არ უნდა შემცირებულიყო. აღნიშნული არგუმენტის სამტკიცებლად შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი საუბრობს აპელანტის ქცევის კეთილსინდისიერებაზე და მთელი იმ ქმედებების ჯაჭვზე, რომლებმაც ხელშეკრულების დადება და დაგროვებული დავალიანების სწორედ იმ ოდენობით განსაზღვრა გამოიწვია, როგორც ეს სარჩელის აღძვრის მომენტისთვის იყო.

31. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ სამართლებრივ საფუძველზე, რომლიდანაც მოთხოვნა, რომელიც მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა, წარმოიშვა, კერძოდ, 2013 წლის 24 სექტემბერს საკრედიტო დაწესებულებასა და მოსარჩელეს შორის გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და საკრედიტო ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის თანახმად, მოსარჩელემ საკრედიტო დაწესებულების სესხის სახით 29 500 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, აიღო. 2013 წლის 24 სექტემბერს სესხი გაიცა და 2014 წლის 24 სექტემბრამდე სრულად უნდა დაფარულიყო. მოპასუხე სამართალურთიერთობაში მხოლოდ 2016 წლის 2 თებერვალს, საკრედიტო დაწესებულებასა და მას შორის მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგების გაფორმების გზით შევიდა. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხემ მოთხოვნის უფლება შეიძინა 35 400 აშშ დოლარად. მან ახალი ხელშეკრულება კი არ დადო, არამედ ცესიის გზით წინა კრედიტორი ჩაანაცვლა, რა დროსაც მასზე მოთხოვნის უფლება სწორედ იმ ფორმით გადავიდა, რა ფორმითაც იგი წინა კრედიტორს გააჩნდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა, მხარეთა არაკეთილსინდისიერი ქცევა და სხვა მსგავსი შესაგებლები, შესაძლებელია დამოუკიდებელი სასარჩელო წარმოების საგანი გახდეს, თუმცა, მას განსახილველი დავის შედეგზე გავლენა ვერ ექნება, ვინაიდან მოპასუხემ ჩაანაცვლებდა თუ არა წინა კრედიტორს, ნებისმიერ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ იქნებოდა მიჩნეული და შემცირებას დაექვემდებარებოდა.

32. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს დანიშნულებას/მიზანს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფა და არა მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის უზრუნველყოფა წარმოადგენს. თუ რომელიმე მხარე არაკეთილსინდისიერად მოქმედებს მხოლოდ ეს ფაქტობრივი გარემოება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას საფუძვლად ვერ დაედება, თუმცა იგი შეიძლება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის საგანი გახდეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

33. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

34. 2017 წლის 5 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, თუმცა ამგვარ უფლებას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

35. მოქმედ ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებას აძლევს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანება. ბრძანების 72.1 მუხლის თანახმად, „ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება კანონმდებლობის შესაბამისად დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა.“ უშუალოდ სააღსრულებო პროცესი, მათ შორის აღსრულების შეჩერების ან შეწყვეტის საკითხები კი რეგულირდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით. აღსრულების ეტაპზე განხორციელებული ქმედებების გასაჩივრების მექანიზმები გათვალისწინებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით. მხარეს, თუკი იგი მიიჩნევდა, რომ სააღსრულებო ფურცელი სრულად არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, გასაჩივრებისას უნდა ეხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის უფლებას. შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი არც ამგვარი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს.

36. კასატორის მოსაზრებით, არ არსებობს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი. გარდა ამისა, არ არის დასაბუთებული მოსარჩელის აპელირება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს არასოდეს ჰქონია იმის განზრახვა, რომ გადაეხადა კრედიტის თანხა, ვინაიდან კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონება მან, საკუთარ თანამზრახველებთან ერთად, უკანონო გზებით ჩაიგდო ხელში. საქმე ეხება მიწის ნაკვეთს, რომელიც 2008 წლის 10 აგვისტოს შეიძინა მოპასუხემ. ამის შემდგომ, 2013 წლის 12 სექტემბერს საკუთრება დარეგისტრირდა სხვა პირის სახელზე, ხოლო აღნიშნულიდან 6 დღის შემდგომ, 2018 წლის 18 სექტემბერს საკუთრება აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.

37. 2013 წლის 12 სექტემბერს საკუთრება ზემოთ მითითებულმა სხვა პირმა დაირეგისტრირა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, კერძოდ, 2008 წლის 29 დეკემბერს ნოტარიუსმა დაამოწმა მოპასუხის მინდობილობა, რომლითაც მან ვინმე სრულიად უფნობ პირს მიანიჭა უფლებამოსილება, გაესხვისებინა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მათ შორის მითითებული ნაკვეთიც. მოპასუხეს აღნიშნული მინდობილობა არ გაუცია, მეტიც, მინდობილობის გაცემის მომენტში იგი საქართველოში არც იმყოფებოდა.

38. აღნიშნული ყალბი მინდობილობა 2013 წლის 10 სექტემბერს, ასლის დამოწმების მიზნით, წარედგინა სხვა ნოტარიუსს. სწორედ ყალბი მინდობილობის დამოწმებული ასლით მოახერხა იმ ფიზიკურმა პირმა უძრავი ქონების „შესყიდვა“ მოპასუხისაგან, რომლისგანაც შემდგომ ქონება მოსარჩელესთან გადავიდა. ქონების გადაფორმებიდან 6 დღეში მოსარჩელემ კრედიტის ხელშეკრულება გააფორმა და ისესხა 29 500 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დატვირთა მიწის ნაკვეთი და პროცენტი არ გადაუხდია. ეს არ იყო მოსარჩელის ერთადერთი მცდელობა, მიეთვისებინა მოპასუხის კუთვნილი ქონება. ანალოგიური სქემა სხვა შემთხვევაშიც განხორციელდა (ხელში ჩაიგდო ქონება და იპოთეკით დატვირთა 29500 აშშ დოლარის კრედიტის უზრუნველსაყოფად). აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მოეწოდა სასამართლოს და შესაბამისი მტკიცებულებები დევს საქმეში.

39. მოსარჩელეს საკმაო ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდა იმისათვის, რომ ვალდებულება შეესრულებინა. მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, სადაც ჩანს თუ როგორ ჩაშალა მოსარჩელემ მიმდინარე აუქციონი და ამაში 13000 ლარი გადაიხადა. აღნიშნული თანხა კრედიტის დაფარვას რომ მოხამრებოდა, მოსარჩელეს გაცილებით ნაკლები ოდენობის დავალიანება ექნებოდა.

40. ამასთან, მცდარია სააპელაციო სასამართლომ განმარტება, რომ მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი ქმედება გავლენას არ ახდენს პირგასამტეხლოს ოდენობაზე, ვინაიდან პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შემოწმებისას სასამართლოები ყურადღებას აქცევენ მოვალის ქმედებებს და მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევის ხარისხს. მოსარჩელეს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო და არაკეთილსინდისიერი ქმედებებით მიითვისა ქონება, გამოიყენა იგი კრედიტის უზრუნველსაყოფად და არასდროს ჰქონია კრედიტის გადახდის განზრახვა, არ უნდა მიეცეს პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა.

41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

42. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

44. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 24 სექტემბერს საკრედიტო დაწესებულებასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და საკრედიტო ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მოსარჩელეს გადაეცა სესხი – 29 500 აშშ დოლარი 12 თვის ვადით. სესხი 2013 წლის 24 სექტემბერს გაიცა და 2014 წლის 24 სექტემბრამდე სრულად უნდა დაფარულიყო. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%-ს, ხოლო მომსახურების საკომისიო გადასახადი – კრედიტის მოცულობის 1%-ს. ხელშეკრულების 2.2.7. პუნქტის შესაბამისად, კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, კრედიტის გამცემი უფლებამოსილი იყო, საპროცენტო სარგებელთან ერთად დაეკისრებინა დავალიანების თანხისთვის ჯარიმა 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

45. 2013 წლის 24 სექტემბერს გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მხარეებს შორის გაფორმდა ამავე დღეს იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც ნოტარიალურად დადასტურდა, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

46. 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულებიდან (158 230.82), 29 500 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 10 620 აშშ დოლარი არის დარიცხული პროცენტი, ხოლო 119 388 აშშ დოლარი დარიცხული პირგასამტეხლოა (ჯარიმა) (მხარეთა ახსნა-განმარტება).

47. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 9.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში დასაშვებია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა/შეწყვეტა, რასაც შედეგად 9.4.1. მუხლით გათვალისწინებული შედეგები მოჰყვება, კერძოდ, მსესხებელი ვალდებულია, კრედიტის გამცემის წინაშე ყველა ფინანსური ვალდებულება ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა თანხის დავალიანების ჩათვლით, დაუყოვნებლივ შეასრულოს. ამავე ხელშეკრულების 10.3 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

49. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

51. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

52. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

54. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

55. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

56. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

57. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

59. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

60. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

61. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

62. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

63. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

64. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

65. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

66. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად ჩათვალა, რა დროსაც მხედველობაში მიიღო მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების, შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილისა და ვადის დარღვევის ხარისხი. ამასთან, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება კანონშეუსაბამო ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

67. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის არგუმენტი, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების გზით ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის შესახებ სარჩელის აღძვრა დაუშვებელია.

68. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი სარჩელით მხარემ მოითხოვა მოპასუხის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, რაც სსსკ-ის მე-11 მუხლის მოქმედების სფეროს განეკუთვნება.

69. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

70. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

71. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

72. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

73. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

74. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს ბიელის მიერ 2019 წლის 13 ივნისს №8058499634 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. შ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ პ. შ-ს (პირადი №050064...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს ბ. მიერ 2019 წლის 13 ივნისს №8058499634 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური