Facebook Twitter

საქმე №ა-3968-შ-107-2019 9 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ვატორი – ლ. ჟ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ა. პ-ი

გადაწყვეტილებები, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის ლუგანსკის ოქმის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის, სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს, ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრისა და ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებები

შუამდგომლობის ავტორი მოთხოვნა – დროებითი განკარულების მიღება, შუამდგომლობის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ჟ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ლუგანსკის ოქმის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის, სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს, ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრისა და ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომლებითაც განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილი.

2. შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ ა. პ-ნთან ქორწინების პერიოდში შეეძინა ორი შვილი – 20.. წლის ... დეკემბერს დაბადებული დ. ა. ასული პ-ა და 20.. წლის ... თებერვალს დაბადებული მ. ა. პ-ა. მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ. ა. პ-მა ძალის გამოყენებით გაიტაცა დ. ა. ასული პ-ა. შუამდგომლობის ავტორის არაერთი ცდისა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვის მიუხედავად, მან ვერ შეძლო ბავშვის დაბრუნება და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შეიტყო, რომ არასრულწლოვანი მამასთან ერთად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, ქ.ბათუმში.

3. შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ ალ.პ-ი შეეცადა საქართველოს ფარგლებს გარეთ დ. პ-ის გაყვანას, რა დროსაც იგი დააკავეს და წერილობითი გაფრთხილების შემდეგ დაავალეს მეურველობისა და მზრუნველობის ორგანოში ბავშვის მიყვანა. ბათუმის სოციალური მომსახურების მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, მიმართა სასამართლოსა და სათანადო ორგანოს, რათა ალ.პ-სა და დ. პ-ს არ დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია.

4. ლ. ჟ-ამ იშუამდგომლა საკასაციო სასამართლოს წინაშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ მისი შუამდგომლობის განხილვამდე დროებითი განკარგულების მიღება, რომლითაც დ. პ-ა აღსაზრდელად გადაეცემა დედას ან შუამდგომლობის განხილვამდე მოწინააღმდეგე მხარეს ა. პ-ს აეკრძალოს მცირეწლოვანი შვილის – დ. პ-ას საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლები, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ლ. ჟ-ას შუამდგომლობა, ა. პ-ს აეკრძალოს არასრულწლოვანი შვილის – დ. პ-ას საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო მოთხოვნას დროებითი განკარგულების მიღების შესახებ ეთქვას უარი შემდეგ გარემოებათა გამო:

6. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორ ლ. ჟ-ასა და ა. პ-ს შორის არსებობს დავა არასრულწლოვანი შვილის – დ. პ-ას აღსაზრდელად დედისათვის გადაცემის შესახებ.

7. უკრაინის ლუგანსკის ოქმის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის, სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს, ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრისა და ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებებით (რომლებიც შესულია კანონიერ ძალაში) ლ. პ-ას (ჟ-ას) საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა არასრულწლოვანი შვილების – 20... წლის ... დეკემბერს დაბადებული დ. ა. ასული პ-ასა და 20... წლის ... თებერვალს დაბადებული მ. ა. პ-ას საცხოვრებელი ადგილი, ასევე მამას – ა. პ-ს განესაზღვრა ბავშვებთან ურთიერთობის დრო.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ № ას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).

9. „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, par. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72) შდრ. ასევე,სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ.)

10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ძალიან სერიოზული დონის ჩარევაა ოჯახის გახლეჩა“ (Olsson v. Sweden /No.1/ 10465/83, par.81).

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, აღნიშნულ საკითხებზე სასამართლოს განჩინება შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

12. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს სასამართლოს საგამონაკლისო უფლებამოსილებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, არ დაელოდოს ბავშვის ამა თუ იმ მშობლისათვის მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და დროებითი ღონისძიების სახით გადასცეს არასრულწლოვანი კონკრეტულ მშობელს აღსაზრდელად. აღნიშნულის საჭიროება შეიძლება არსებობდეს ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ბავშვის მცირე ასაკი, განსაკუთრებული მიჯაჭვულობა მშობლის მიმართ და სხვა ობიექტური ფაქტორები, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფასდება.

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი შუამდგომლობის ავტორმა საკმარისად ვერ დაასაბუთა ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობა, კერძოდ, წარმოადგენს თუ არა ბავშვის უპირატეს ინტერესს მისი აღსაზრდელად დედისათვის – შუამდგომლობის ავტორისათვის მყისიერად გადაცემა მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში დედა-შვილს მჭიდრო ურთიერთობა არ გააჩნდა და არასრულწლოვანი ბავშვი მამასთან იზრდებოდა. თვითონ შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ მოხდა მისი შეხვედრა შვილთან – დ. პ-სთან მეურვეობისა და მზურველობის ორგანოში, სადაც ბავშვმა, მიუხედავად იმისა, რომ დედა ოთხ წელზე მეტი არ უნახავს, გამოხატა დედის მიმართ თბილი დამოკიდებულება, თუმცა ჯერჯერობით უარი განაცხადა დედასთან წასვლაზე და ბავშვის განწყობა დედის მიმართ ამ ეტაპზე არადამაკმაყოფილებელია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების თანამშრომლები აგრძელებენ სპეციალისტებთან ერთად მუშაობას, ფსიქოლოგის მონაწილეობით და წამოადგენენ მომავალში სათანადო დასკვნას (იხ. შუამდგომლობა).

14. რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის ალტერნატიულ მოთხოვნას, რომ ალ.პეტრიკინს აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიიდან დ. პ-ას გაყვანა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნის იურიდიული ინტერესი მხარემ ვერ დაასაბუთა.

15. განსახილველ შემთხვევაში თავად შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ალ.პეტრიკინი უშედეგოდ შეეცადა საქართველოს ფარგლებს გარეთ დ. პ-ის გაყვანას, ბათუმის სოციალური მომსახურების მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ მოცემული საქმის მასალების საფუძველზე მიმართა სასამართლოსა და სათანადო ორგანოს, რათა ალ.პ-სა და დ. პ-ას არ დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია. თვითონ შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ მეურველობისა და მზრუნველობის ორგანოების მიერ მიღებული ღონისძიებების შედეგად, ა. პ-ი ბავშვთან – დ. პ-თან ერთად საქართველოს ტერიტორიას ვერ დატოვებს (იხ. შუამდგომლობა).

16. ამდენად, მიღწეულია შუამდგომლობის ავტორის მიზანი, რომ მისმა არასრულწლოვანმა შვილმა – დ. პ-ამ, დედის ნებართვის გარეშე, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია, შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოთხოვნილი აკრძალვის დაწესების შუამდგომლობას იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ჟ-ას შუამდგომლობა ა. პ-თვის არასრულწლოვანი შვილის – დ. პ-ას საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის აკრძალვის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 355-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ჟ-ას შუამდგომლობა ა. პ-თვის არასრულწლოვანი შვილის – დ. პ-ას საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის აკრძალვის შესახებ დარჩეს განუხილველად, ხოლო დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი