საქმე №ას-1129-2019 13 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. გ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ო. გ-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 1500 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 19 ნოემბერს მოპასუხეს ასესხა 1500 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, 2013 თვის 19 თებერვლამდე, თუმცა, ვადის გასვლის შემდეგ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ სესხი არ დააბრუნა.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელის წინააღმდეგ სესხის აღების თაობაზე 2012 წლის 19 ნოემბრის ხელწერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
4. მოპასუხემ სესხის აღების შესახებ დოკუმენტის შედგენა ვერ გაიხსენა, ამავდროულად, ხელწერილში სესხის აღების დროდ მითითებულია 19 ნოემბერი, ხემოწერა კი დათარიღებულია 9 ნოემბრით. სადავო ხელწერილი მოტყუებით და იძულებითაა დადებული, განეკუთვნება ამორალურ გარიგებას. ასევე, სადავოა მოპასუხის ხელმოწერა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 აშშ დოლარის გადახდა, შეგებებულ სარჩელს კი უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა გადაიდო 2019 წლის 14 მაისს, 15:30 საათზე, რის თაობაზეც აპელანტს ეცნობა კანონით დადგენილი წესით.
8. 2019 წლის 14 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების შესახებ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 13-21 და 27-28 მაისს, ასევე, ივნისის ყოველი კვირის ორშაბათს და სამშაბათს ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში სასწავლო კურსის გავლის გამო, შესაბამისად, ითხოვა სხდომის დანიშვნა მითითებული თარიღების გათვალისწინებით. ამასთან, წარმომადგენელმა მიუთითა, რომ თავად აპელანტი, ავადმყოფობის გამო, ვერ გამოცხადდებოდა 14 მაისს, 15:30 საათზე ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე.
9. 2019 წლის 14 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი.
10. მოწინააღმდეგე მხარე (წარმომადგენელი) არ დაეთანხმა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობას საქმის განხილვის გადადების თაობაზე და, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 387-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილების, 229-242-ე მუხლებისა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში აპელანტის (მისი წარმომადგენლის) გამოუცხადებლობის საპატიობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი წინაპირობები მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის.
12. სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის, 372-ე მუხლისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ (წარმომადგენელი) აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. შესაბამისად, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან არ გაითვალისწინა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების შესახებ.
15. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მან წინასწარ აცნობა სასამართლოს დროის იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ვერ შეძლებდა პროცესზე გამოცხადებას. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ საქმის განხილვა მაინც ასეთ დროს ჩანიშნა, რის შემდეგ წარმომადგენელმა დამატებით განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა პროცესის გადადება. უშუალოდ აპელანტი ვერ გამოცხადდებოდა სასამართლოში გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
18. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
19. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
20. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
21. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
22. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით (სუსგ 12.01.2018წ. საქმე №ას-1483-1403-2017).
23. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სადავო სხდომის შესახებ ეცნობა აპელანტ მხარეს კანონით დადგენილი წესით.
24. აღნიშნულის მიუხედავად, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
25. განსახილველი კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აპელანტი საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით – ავადმყოფობის გამო, ხოლო მისმა წარმომადგენელმა წინასწარ აცნობა სააპელაციო სასამართლოს, დროის რა მონაკვეთში ვერ შეძლებდა პროცესში მონაწილეობას, ასევე, საქმის ჩანიშვნის შემდეგაც იშუამდგომლა ამავე მიზეზით საქმის განხილვის გადადების შესახებ.
26. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, აპელანტი მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.
27. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
28. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
29. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.
30. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე.
31. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ 2019 წლის 15 აპრილს უშუალოდ აპელანტს გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას დაკვირვებით (ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ფორმა №IV-100ა, ტომი 2, ს.ფ 63). მისმა წარმომადგენელმა კი იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, დემოკრატიის სკოლაში ჩარიცხვის გამო (ტომი 2, ს.ფ 68), მიმდინარე წლის 20-21 და 27-23 მაისს, ასევე, ივნისის ყოველი კვირის ორშაბათს და სამშაბათს სააპელაციო პალატას არ დაენიშნა მოცემული საქმის განხილვა (ტომი 2, ს.ფ 62). ამავდროულად, აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნული გარემოებების არსებობის თაობაზე დამატებითი შუამდგომლობა წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის სასამართლო სხდომის დანიშვნის შეტყობის შემდეგმაც (ტომი 2, ს.ფ 67), 2019 წლის 13 მაისს.
32. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა შეასრულა კანონის მოთხოვნა და შეატყობინა სააპელაციო პალატას როგორც უშუალოდ აპელანტის, ისე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ. მართალია, სააპელაციო სასამართლომ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობით საქმის განხილვა მანამდე ერთხელ უკვე გადადო, თუმცა პროცესის გადადების საპატიო მიზეზი 2019 წლის 14 მაისის სხდომის დღისთვის აღმოფხვრილი არ იყო. სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი იყო აპელანტის ავად ყოფნის შესახებ და ასეთ პირობებში საქმის განხილვის ისეთ დროს დანიშვნით, როდესაც აპელანტის წარმომადგენელს არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოცხადებულიყო პროცესზე, შეილახა აპელანტის კანონიერი უფლება, მონაწილეობა მიეღო მისი საქმის განხილვაში. ასეთ ვითარებაში მხარის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საკასაციო სასამართლო მართლზომიერად ვერ შეაფასებს.
33. „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე“ (შდრ. სუსგ №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-678-649-2016, 16 დეკემბერი, 2016; სუსგ № ას- 849-799-2015, 24 ივნისი, 2016; სუსგ № ას- 961-926-2016, 17 თებერვალი, 2017; სუსგ №ას-1277-1197-2017, 1 დეკემბერი, 2017; სუსგ № ას-865-807-2017, 22 დეკემბერი, 2017).
34. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე