Facebook Twitter

საქმე №ას-1102-2019 13 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ხ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ. ფ. ჯ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ქ. ფ. ჯ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 23 დეკემბერს მხარეთა შორის დადებული ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც მოპასუხემ ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, მოსარჩელემ მოპასუხეს დაუმტკიცა და გასცა სესხი შემდეგი ძირითადი პირობებით: სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 500 ლარით, სესხის დაბრუნების ვადა – 30 დღით, პროცენტი – 30 დღეზე 14.83%-ით, ერთჯერადი საურავი – 232 ლარი, ყოველდღიური (პირგასამტეხლო) – 2%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო დაფარვის – 2017 წლის 22 იანვრის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმდინარე ძირითადი თანხისა და საკომისიოს 2% და ერთჯერადი ჯარიმა – 232 ლარი 30-ე ვადაგადაცილებულ დღეზე.

4. პროგრამული გადათვლის შედეგად, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1620.85 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500.00 ლარი, საკომისიო – 74.15 ლარი, პირგასამტეხლო – 1046.70 ლარი. პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა სესხის სრული დაფარვის ვადის გასვლის შემდეგი დღიდან – 2017 წლის 23 იანვრიდან დავალიანების ცნობის გაცემის თარიღამდე – 2017 წლის 19 ივლისამდე.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 724.15 ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხაა – 500.00 ლარი, საკომისიო – 74.15 ლარი, პირგასამტეხლო – 150.00 ლარი. ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2018 წლის 7 მარტის საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 365-ე მუხლში შევიდა ცვლილება და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: სააპელაციო საჩივარი ქონებრივ–სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

9. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინების საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაუქმება, რომლითაც მას გადასახდელად დაეკისრა 724.15 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

10. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 724.15 ლარს, რაც ამავე კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობას არ აღემატება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა არ არსებობს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო სამართლიან სასამართლოზე მისი კონსტიტუციური უფლება, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციითა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონით სასამართლო ვალდებულია, განიხილოს კანონით დადგენილი წესით შედგენილი განცხადება/საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

15. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

16. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017, შდრ. სუსგ 17.05.2019წ. №ას-463-2019).

17. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 724.15 ლარის გადახდა.

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა და სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება სააპელაციო პალატამ მართებულად განსაზღვრა 724.15 ლარით, რაც სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის კანონით დადგენილ ზღვრულ ღირებულებაზე ნაკლებია და სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.

20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე