საქმე №ას-1050-2019 9 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ნ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ-ის უფლებამონაცვლე ლ. ნ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უფლებამონაცვლედ ცნობა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. ნ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ნ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, გაუქმდეს 2014 წლის 13 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად მოსარჩელემ ორი უძრავი ნივთი აჩუქა მის შვილს – მოპასუხეს.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წელს რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა მისი შვილი – მოპასუხე, რომელმაც შესთავაზა მოსარჩელის კუთვნილი ორი უძრავი ნივთის ჩუქების სანაცვლოდ, საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნება და დედის მოვლა-პატრონობა. მოსარჩელე დაეთანხმა და გააფორმა სადავო ჩუქების ხელშეკრულებები, თუმცა მოპასუხე 2015 წლის დეკემბრის შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა და დედისთვის არ მოუვლია. 2017 წელს კი ახლობლის დახმარებით შეცვალა საკეტები ბინებზე, მოსარჩელე აღარ შეუშვა ფართში, ხოლო მისი კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები გადაყარა.
3. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მის მიმართ გამოიჩინა უმადურობა და არაადამიანურად მოექცა დედას.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა აპელანტის (მემკვიდრე) უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ლ. ნ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, განახლდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული №2/ბ-1004-18 სამოქალაქო საქმის წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, აპელანტი მხარის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნეს ლ. ნ-ძე, მოსარჩელის უფლებამონაცვლეს გაუგრძელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 5 დღით. აპელანტს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ იქნება სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნით აპელანტს დაევალა, აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლოსათვის წარმოედგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
8. 2018 წლის 23 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. ნ-ემ, წარმადგინა მოსარჩელის გარდაცვალების მოწმობა, რომლითაც ირკვეოდა, რომ მოსარჩელე 20... წლის ... სექტემბერს გარდაიცვალა, ასევე წარმოადგინა დაბადების მოწმობა, რითაც დასტურდებოდა, რომ იგი მოსარჩელის შვილია და საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის საპროცესო ეტაპზე აპელანტის უფლებამონაცვლის დადგენამდე – 2019 წლის 26 აპრილამდე.
10. 2019 წლის 1 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა აპელანტის უფლებამონაცვლედ მოპასუხის ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
11. განცხადებას დაერთო სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მოპასუხე ცნობილია მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მემკვიდრედ, ხოლო სამკვიდროს დარჩენილი ½ ნაწილი დარჩა ღიად, მემკვიდრის – ლ. ნ-ის სასარგებლოდ.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო საქმის განახლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, დაინიშნა სასამართლო სხდომა 2019 წლის 8 მაისს, 12.00 საათზე.
13. 2019 წლის 19 აპრილს სააპელაციო სასამართლოს მიმართა ლ. ნ-ემაც, წარმოადგინა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც იგი ცნობილია მოსარჩელის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მემკვიდრედ, მოითხოვა აპელანტის უფლებამონაცვლედ ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
14. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა აპელანტის უფლებამონაცვლის განსაზღვრა და საქმის წარმოების განახლების საკითხის გადაწყვეტა.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა დაიშვებია, თუ შესაძლებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე.
16. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია შემდეგი: მოსარჩელე (აპელანტი) გარდაიცვალა 2018 წლის 26 სექტემბერს; მოპასუხეა (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე) მისი შვილი, რომელიც იმავდროულად მისი მემკვიდრეა; დავის საგანია უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება; სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოვლენა (სსკ-ის 529.1 მუხლი).
17. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია მოსარჩელის გარდაცვალება, შესაბამისად, უნდა გაირკვეს, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ზოგადად დასაშვებია თუ არა უფლებამონაცვლეობა და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ვინ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ასეთად.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
19. სამკვიდრო მასაში შედის ქონებრივი უფლებები, მათ შორის ჩუქების გაუქმების მოთხოვნაც (სსკ-ის 1328-ე მუხლი) და, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები საბოლოოდ დადასტურდება, მაშინ ის სამართლებრივი შედეგი მიიღება, რომლის მიღწევაც აწ გარდაცვლილ მოსარჩელეს სურდა – ნაჩუქარ უძრავ ქონებაზე უფლება სამკვიდრო მასაში შევა.
20. აქედან გამომდინარე, მასზე უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებს წარმოეშობათ (სსკ-ის 1328-ე, 1424-ე, 1421.1 და 1433-ე მუხლები).
21. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სადავო უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ ერთი მემკვიდრის – მოპასუხის საკუთრებაა და სწორედ ის წარმოადგენს მოპასუხეს სარჩელზე. თუ ჩუქება გაუქმდება, ეს ქონება სამკვიდრო მასაში შევა და ამ ქონების ½ ნაწილზე უფლება წარმოეშობა მოსარჩელის მეორე მემკვიდრეს – ლ. ნ-ეს.
22. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჩუქების გაუქმების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიული ინტერესი მხოლოდ ლ. ნ-ეს გააჩნია.
23. სსსკ-ის 283-ე მუხლის შესაბამისად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ, საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.
24. სააპლაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში აღმოიფხვრა ის გარემოება, რამაც გამოიწვია საქმის წარმოების შეჩერება.
25. სსსკ-ის 283-ე, 92-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განაახლა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული №2/ბ-1104 სამოქალაქო საქმის წარმოება; მოცემულ დავაში, აპელანტის (მოსარჩელეს) უფლებამონაცვლედ ცნო ლ. ნ-ე და გააგრძელა საქმის განხილვა საერთო წესით. მოპასუხის შუამდგომლობა აპელანტის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილა, ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მის იურიდიულ ინტერესს არ წარმოადგენს.
26. სსსკ-ის 92-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
27. ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი,სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლეს უნდა გაუგრძელდეს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და განესაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 5 დღით.
28. აპელანტის უფლებამონაცვლეს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ იქნება სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
30. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, მოპასუხეც ეცნო მოსარჩელის უფლებამონაცვლედ.
31. სსსკ-ის 92-ე მუხლისა და სსკ-ის 1382-ე მუხლის საფუძველზე მხარემ მიუთითა, რომ სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის ქონებრივ უფლებებს, ისე მოვალეობების ერთობლიობას, სამკვიდროში შედის ქონებრივი უფლებები მათ შორის ჩუქების გაუქმების მოთხოვნაც ანუ დადგენილია, რომ მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობა.
32. დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ კერძო საჩივრის ავტორს დავის მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც (იხ. სუსგ-ები საქმეზე №ას-1477-1397-2017, №ას-74-2019).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
35. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის გარდაცვალებისას მისი უფლებამონაცვლის დადგენის კანონიერების საკითხი.
36. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე (აპელანტი) გარდაიცვალა 2018 წლის 26 სექტემბერს. მოპასუხეა (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე) მისი შვილი, რომელიც იმავდროულად მისი მემკვიდრეა. მხარეთა – დედასა და შვილს შორის დავის საგანია უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
37. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლეობაზე პრეტენზია განაცხადეს მისმა ორივე შვილმა – მოპასუხემ და ლ. ნ-ემ.
38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე.
39. საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. დამატებით: ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.).
40. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს უფლებამონაცვლეობის შესაძლებლობაზე ჩუქების გაუქმების მოთხოვნასთან მიმართებით.
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა არის სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის გამოვლინება. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. (იხ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 1-ლი აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/155.) სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს. ( იხ. Koch in MüKo BGB, Band 3., 5.Aufl. §530, Rn. 3.). ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, გარკვეულწილად ავალდებულებს დასაჩუქრებულს (იხ. Saenger in HK-BGB, 7.Aufl., 2013, 755.).
42. ეს ვალდებულება სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას (იხ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 1-ლი აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/155.).
43. სსკ-ის 529 I მუხლი ადგენს მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელ პირობებს, ნორმის შემადგენლობას: მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ ხორციელდება „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“. აღნიშნული წინაპირობების არსებობისას მჩუქებელი სსკ-ის 529-ე II მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია ნამდვილი და შესაბამისად უკვე მოქმედი ხელშეკრულება „გააუქმოს“ დასაჩუქრებულისათვის შესაბამისი შეტყობინებით. ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 530-ე პარაგრაფი (Widerruf der Schenkung) (იხ. Larenz, Wolf, Allgemainer Teil des Burgerlichen Rechts, 9.Aufl., 2004, §18, Rn.15.).
44. მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის (მჩუქებლის) განსასაზღვრია, დასაჩუქრებულის რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული დიდ უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი.
45. დიდი უმადურობა და მძიმე შეურაცხოფა შეფასებითი კატეგორიაა. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც მჩუქებლის მიერ გარემოებების აღქმა, ე.წ. სუბიექტური თვალსაწიერი, ასევე მოსამართლის მიერ იმის შეფასება, თუ როგორ აღიქვამდა ამ გარემოებებს იმავე პირობებში მყოფი სხვა ადამიანი. ( შდრ. სუსგ 2015 წლის 24 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-1235-1176-2014. ). „მძიმე შეურაცხყოფა“ და „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად“. (შდრ. სუსგ 2016 წლის 25 მაისის განჩინება საქმეზე №ას-290-276-2016.) „სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რომ სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (შდრ. სუსგ 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-157-153-2016.).
46. ჩუქების გაუქმებასთან მიმარებით მნიშვნელოვანია, თუ ვის შეუძლია მოითხოვოს ჩუქების გაუქმება. ამ საკითხის სწორად გადაწყვეტას არა მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი, არამედ საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, რამეთუ მას უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ისეთი ინსტიტუტი, როგორიცაა სათანადო მხარე. არის თუ არა სარჩელის აღმძვრელი პირი სათანადო მოსარჩელე, განისაზღვრება მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1411-1426-2011.) .
47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჩუქების გაუქმების მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ მჩუქებელს. ჩუქების გაუქმების უფლებასთან მიმართებით პრობლემური საკითხია საპროცესო უფლებამონაცვლეობის შესაძლებლობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო უფლებამონაცვლეობის შესაძლებლობას პროცესის ყოველ სტადიაზე. (იხ. შ. ქურდაძე /ნ. ხუნაშვილი ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015, 168). უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. ( იხ. თ. ლილუაშვილი ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, 137.) საპროცესო უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი საფუძველია მოქალაქის გარდაცვალება. საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად დამოკიდებულია მატერიალურ სამართალზე. თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.
48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ხოლო სსსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
49. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნაჩუქარი ქონების გამოთხოვის უფლება როგორც არადამოუკიდებელი აღმჭურველი უფლება, არც გადაცემადია და არც მისი დაგირავებაა შესაძლებელი. მისი პერსონალური ხასიათიდან გამომდინარე იგი ასევე არც მემკვიდრეობით გადაცემადია. დაზარალებულ მჩუქებელს მხოლოდ თვითონ შეიძლება ჰქონდეს ჩუქების გაუქმების მოთხოვნის უფლება. თუმცა უკვე გაცხადებული გამოთხოვიდან გამომდინარე უფლებები არ გევლინებიან პერსონალური ხასიათის უფლებებად და შესაბამისად გადადიან მჩუქებლის მემკვიდრეებზე (შდრ. Koch in MüKo zum BGB 7. Aufl. 2016, §530., Rn. 15; Harke in BeckOGK BGB §530., Rn. 26; Teichmann in Soergel/Mühl Rn. §530 12; Chiusi in Staudinger (2013) §530., Rn. 54.).
50. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა ნივთის გამჩუქებელს შეუძლია და მიუთითა, „რომ რაც შეეხება პირველი მომჩივნის იმ მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა ჩუქების გაუქმების მოთხოვნის ნაწილშიც იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის გარდაცვალების გამო დაუშვებელი იყო უფლებამონაცვლეობა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან სამკვიდრო მასაში შედის ქონებრივი უფლებები, მათ შორის ჩუქების გაუქმების მოთხოვნაც {სსკ-ის 1328-ე მუხლი} და, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები საბოლოოდ დადასტურდება, მაშინ ის სამართლებრივი შედეგი მიიღება, რომლის მიღწევაც აწ გარდაცვლილს სურდა - ნაჩუქარ უძრავ ქონებაზე უფლება სამკვიდრო მასაში შევა; აქედან გამომდინარე, მასზე უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებს წარმოეშობათ {სსკ-ის 1328-ე, 1424-ე, 1421.1 და 1433-ე მუხლები} (შდრ. სუსგ 2016 26 აპრილის განჩინება საქმეზე №ას-241-228-2015.).
51. სხვა საქმეზე საკასაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო შემდეგ გარემოებათა გამო: „მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე გარდაიცვალა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია მოსარჩელის გარდაცვალება, შესაბამისად, უნდა გაირკვეულიყო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასაშვებია თუ არა უფლებამონაცვლეობა. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის გამო, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1330-ე მუხლის თანახმად კი, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლება, მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის გამო, პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მჩუქებელს შეიძლება ეკუთვნოდეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული საფუძვლით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მიზანია მჩუქებლის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რათა მან შეძლოს საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. მჩუქებლის გარდაცვალების შემთხვევაში, ცხადია, ეს მიზანი ვეღარ მიიღწევა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ქონებრივი უფლება მჩუქებლის სამკვიდროში არ შედის და, შესაბამისად, არც მის მემკვიდრეებზე გადადის (მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასაჩუქრებული მჩუქებლის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრეა, ხოლო მჩუქებლის კმაყოფაზე ამა თუ იმ პირის ყოფნის ფაქტი, რომლის რჩენის ვალდებულებაც მჩუქებელს ექნებოდა, საქმის მასალებით არ დასტურდება და მასზე არც მჩუქებელს მიუთითებია). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში არ დაიშვება, დაუშვებელია ასევე საპროცესო უფლებამონაცვლეობაც, რაც განსახილველ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წარმოება შეწყდა არა უწყებრივი ქვემდებარეობის გამო, არამედ იმის გამო, რომ დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობა (სსსკ-ის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი) (შდრ.სუსგ 2015 წლის 30 აპრილის განჩინება საქმეზე №ას-54-53-2014.).
52. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლება, მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის გამო, პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მჩუქებელს შეიძლება ეკუთვნოდეს. მითითებული საფუძვლით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მიზანია მჩუქებლის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რათა მან შეძლოს საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. მჩუქებლის გარდაცვალების შემთხვევაში, ცხადია, ეს მიზანი ვეღარ მიიღწევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული ქონებრივი უფლება მჩუქებლის სამკვიდროში არ შედის და, შესაბამისად, არც მის მემკვიდრეებზე გადადის. შესაბამისად, რადგან მოცემულ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში არ დაიშვება, დაუშვებელია ასევე საპროცესო უფლებამონაცვლეობაც. ( სსკ-ის 530-ე, 1330-ე მუხლები).
53. რაც შეეხება 529-ე მუხლის შესაბამისად ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლებას იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის აღძვრის შემდეგ მჩუქებელი გარდაიცვალა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, რადგან სამკვიდროს აქტივში შედის ქონებრივი უფლებები, მათ შორის ჩუქების გაუქმების მოთხოვნაც და, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები საბოლოოდ დადასტურდება, მაშინ ის სამართლებრივი შედეგი მიიღება, რომლის მიღწევაც გარდაცვლილ მჩუქებელს სარჩელის აღძვრით სურდა- ნაჩუქარ უძარვ ქონებებებზე უფლება სამკვიდო ქონებაში შევა {სსკ-ის 1328-ე, 1424-ე, 1421.1 და 1433-ე მუხლები}.
54. საკასაციო სასამართლო იზიარებს წინამდებარე განჩინების 20-21 პუნქტებში განვითარებულ სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მხოლოდ მოპასუხეს ეკუთვნის და სარჩელიც მის წინააღმდეგაა მიმართული. შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში სადავო ქონება სამკვიდრო მასაში შევა და ამ ქონების ½ ნაწილზე უფლება წარმოეშობა მოსარჩელის მეორე მემკვიდრეს – ლ. ნ-ეს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ჩუქების გაუქმების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიული ინტერესი მხოლოდ ლ. ნ-ეს გააჩნია და მითითებული პირი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ კანონიერად ჩააბა.
55. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
56. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე