საქმე №ას-1026-2019 13 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ა. ო-ი, ლ. მ. ო-ი, ა. მ. ო-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ტ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ა. ო-ის, ლ. მ. ო-ისა და ა. მამედ ო-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების, ასევე, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისა და, საჭიროების შემთხვევაში, აღსრულების მოვალეთა სხვა ქონებაზე მიქცევის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებთან გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მათ გადაეცათ კრედიტი, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა უძრავ ქონებაზე დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით.
3. მოპასუხეებმა საკრედიტო ხელშეკრულებების პირობები დაარღვიეს და მოსარჩელეს წარმოეშვა თანხის გადახდისა და აღსრულების იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე მიქცევის მოთხოვნის საფუძველი. ამასთან, თუ აღნიშნული ქონება საკმარისი არ აღმოჩნდება, მოსარჩელემ მოითხოვა მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაციაც.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო ჯარიმისა და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ: ა) სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა; გ) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას; დ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა; ე) სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლისა და 2019 წლის 1 აპრილის განჩინებებით აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 5-5 დღით.
9. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 59-ე მუხლის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელს პირადად 2019 წლის 20 მაისს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 21 მაისს და ამოიწურა 2019 წლის 27 მაისს (25-26 მაისი იყო შაბათ-კვირა). საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტებს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და დღემდე არც რაიმე შუმადგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.
10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობის სამართლებრივი შედეგების შესახებ აპელანტები გაფრთხილებულნი იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის, 18 თებერვლის და 2019 წლის 1 აპრილის განჩინებებით.
11. ამრიგად, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსეს ხარვეზი და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად მათი სააპელაციო საჩივარი, რადგან ხარვეზის განჩინებით დაკისრებული 300 ლარი აპელანტებმა გადაიხადეს. დარჩენილი თანხის გადასახდელად სასამართლომ დაუდგინათ დამატებითი ვადა, თუმცა ვერ მოხერხდა კომუნიკაცია აპელანტებსა და წარმომადგენელს შორის, რის გამოც დადგენილ საპროცესო ვადაში მათ ვერ შეძლეს ხარვეზის გამოსწორება. ფაქტობრივად, აპელანტებს გააჩნდათ ინტერესი დავის განხილვის მიმართ, რასაც ადასტურებს მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გაჭირვებით გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
17. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
18. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ: ა) სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა; გ) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას; დ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა; ე) სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
19. ზემოაღნიშნული საპროცესო ვადა აპელანტების მოთხოვნით 5-5 დღით გაგრძელდა, რის შესახებ განჩინება ჩაბარდა მათ წარმომადგენელს (რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია მინდობილობით ტომი 1, ს.ფ. 150-151), რაც აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ.
20. მითითებულის მიუხედავად, აპელანტებმა ხარვეზი მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორეს, სახელმწიფო ბაჟი სრულად არ გადაიხადეს და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავთ.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ ხარვეზის შევსება ვერ მოხერხდა აპელანტებსა და მათ წარმომადგენელს შორის კომუნიკაციის დროულად დამყარების შეუძლებლობიდან გამომდინარე.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოდ მიზეზად ვერ ჩაითვლება.
23. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
24. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – ხარვეზის დროულად გამოსწორებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
25. მოცემულ შემთხვევაში აპელანტებს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა, გამხდარიყო საპროცესო ვადის დარღვევის საპატიო მიზეზი.
26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ა. ო-ის, ლ. მ. ო-ისა და ა. მ. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე