საქმე №ას-1025-2019 9 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ხ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ სესხის – 1215.95 ლარის ანაზღაურების შესახებ, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 500.00 ლარი, საკომისიო – 99.95 ლარი, პირგასამტეხლო – 611.00 ლარი. პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა სესხის სრული დაფარვის ვადის გასვლის შემდეგი დღიდან – 2016 წლის 25 დეკემბრიდან დავალიანების ცნობის გაცემის თარიღამდე – 2017 წლის 30 მაისამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 24 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გაიცა სესხი 30 დღით. სესხის ძირითადი თანხა იყო 500.00 ლარი, სარგებელმა 30 დღეზე შეადგინა 0.67%, ყოველდღიური (პირგასამტეხლო) – 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და მისი დავალიანებაა 1215.95 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ შემცირებული მოთხოვნის მიხედვით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 749.95 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500.00 ლარი, საკომისიო – 99.95 ლარი, პირგასამტეხლო – 150.00 ლარი. ამავე სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განჩინებით მოპასუხის საჩივარს ეთქვა უარი, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 749.95 ლარის გადახდა.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 365-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სრულად ასაჩივრებს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 749.95 ლარია, რაც არ აღემატება 2000 ლარს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მის მიმართ დაარღვია მხარის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, განიხილოს მოქალაქის მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი განცხადება/საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
13. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
14. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017)
15. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 749.95 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განჩინებით მოპასუხის საჩივარს ეთქვა უარი.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა და სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება სააპელაციო პალატამ მართებულად განსაზღვრა 749.95 ლარით, რაც სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის კანონით დადგენილ ზღვრულ ღირებულებაზე ნაკლებია, შესაბამსიად, სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე