Facebook Twitter

საქმე №ას-960-2019 9 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. რ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. კ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ზ. კ-ამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. რ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 19 000 აშშ დოლარის ანაზღაურებისა და, დავალიანების დაფარვის მიზნით, მოპასუხის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 31 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს მოსარჩელემ 2 წლის ვადით გადასცა 20 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ასევე, მხარეებს შორის ზეპირი შეთახმების საფუძველზე. მოსარჩელეს მიენიჭა უსასყიდლოდ ცხოვრების უფლება იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაში.

3. მოპასუხემ არ დააბრუნა თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში და ითხოვა ვადის გაგრძელება. ვინაიდან იგი არ იმყოფებოდა საქართველოში, შეთანხმების საფუძველზე ვადის გაგრძელება მოხდა მოპასუხის ნდობით აღჭურვილ პირსა და მოსარჩელეს შორის, რომელმაც მოსარჩელეს გადასცა 1 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხის დაბრუნების ახალ ვადად განისაზღვრა 2016 წლის 1 ივნისი. მოპასუხეს არც ამის შემდეგ შეუსრულებია ვალდებულება, შესაბამისად, მოსარჩელის განცხადებით, მას წარმოეშვა 19 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ უარს არ აცხადებს თანხის გადახდაზე, თუმცა ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ, სადაც გაუკეთდა მძიმე ოპერაცია და გადის პოსტოპერაციული მკურნალობის კურსს, ამდენად, ვერ შეძლო თანხის დროულად დაბრუნება. მოსარჩელეს არ ეზღუდება ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის სანაცვლოდ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ 2019 წლის 8 მაისს, 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

8. სსსკ-ის 216-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2019 წლის 8 მაისს, 15:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს ტელეფონის საშუალებით ეცნობა 2019 წლის 24 აპრილს, რაც დასტურდება სატელეფონო აქტით.

9. საქმეში წარმოდგენილია აპელანტის მიერ ახალი წარმომადგენლის სახელზე გაცემული სათანადო ფორმით დამოწმებული რწმუნებულება (იხ.ს.ფ 45), რომელიც სასამართლო უწყების ჩაბარების უფლებამოსილების საფუძველია. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე აპელანტის წარმომადგენლის შესაბამისი უფლებამოსილება მოიცავს სასამართლო უწყების ჩაბარებას და მისი გადაცემის ვალდებულებას წარმოდგენილი პირისათვის. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარებას მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრებს.

10. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

11. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 7 მაისს აპელანტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ სასამართლოს და განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ვერ ახერხებდა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ 2019 წლის 26 თებერვლის განცხადებით მოითხოვა 2019 წლის 27 თებერვლის სხდომის გადადება იმავე მიზეზით. აღნიშნულის გამო, სასამართლო სხდომა გადაიდო, თუმცა, მხარემ არ გამოიყენა შესაძლებლობა და კვლავ არ გამოცხადდა პროცესზე. ორივე შემთხვევაში დოკუმენტი, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ადასტურებს, გაცემულია სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე. არცერთ შემთხვევაში გადაადგილების შეუძლებლობა არ იკვეთება. ამასთან, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დასაშვებობის პროცესი გახანგრძლივდა და აპელანტს ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა.

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოუცხადებელი მხარე სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით, ხოლო სასამართლოსთვის 2019 წლის 8 მაისს, 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული მიზეზი საპატიოდ არ ჩათვალა. მეტიც, საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტებით, „სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი და მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე“. მოცემულ შემთხვევაში, არც წარმოდგენილ განცხადებაში და არც დართული დოკუმენტიდან არ იკვეთება ჯანმრთელობის იმდაგვარი გაურესება, რაც წარმომადგენელს პროცესზე გამოცხადებაში ხელს შეუშლიდა. შესაბამისად, გარემოებათა ერთობლიობით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ 2019 წლის 8 მაისს დანიშნული სასამართლოს სხდომის შესახებ მოპასუხეს ეცნობა გონივრულ ვადაში, თუმცა უშუალოდ მხარე იმყოფებოდა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რის შესახებ ჯანმრთელობის ცნობა დაერთო საქმეს. ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა მხარის წარმომადგენელსაც, რომელმაც ასევე ვერ შეძლო პროცესზე დასწრება. აღნიშნულის შესახებ გონივრულ ვადაში შეატყობინა სასამართლოს და დაურთო ავადმყოფობის ფურცელი.

15. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ ზემოაღნიშნული საპატიო მიზეზების გაუთვალისწინებლობის შედეგად მოპასუხეს ემუქრება ერთადერთი საცხოვრებელი სახლის დაკარგვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

18. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

19. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

20. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

21. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით (სუსგ 12.01.2018წ. საქმე №ას-1483-1403-2017).

22. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2019 წლის 8 მაისს, 15:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით.

23. აღნიშნულის მიუხედავად, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

24. წარმოდგენილი კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აპელანტის წარმომადგენელი საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით – მისი ავადმყოფობის გამო.

25. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, აპელანტი მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.

26. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

27. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

28. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.

29. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (სუსგ 21.06.2019წ. საქმე №ას-754-2019).

30. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა 2019 წლის 7 მაისს მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა პროცესის გადადება, რადგან, ავადმყოფობის გამო, 2019 წლის 6 მაისს იმყოფებოდა კონსულტაციაზე ოჯახის ექიმთან და გაეხსნა შრომის უუნაროების ფურცელი.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე აპელანტის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია სსსკ-ის 215-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ პაციენტს დაენიშნა წოლითი რეჟიმი და იგი ობიექტურად ვერ შეძლებდა პროცესზე გამოცხადებას.

32. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხემ 2019 წლის 26 თებერვლის განცხადებით ერთხელ უკვე მოითხოვა 2019 წლის 27 თებერვლის სხდომის გადადება, რის შედეგადაც სასამართლო სხდომა ანალოგიური მიზეზით გადაიდო. აღნიშნულის მიუხედავად, მხარემ კვლავ არ გამოცხადდა პროცესზე.

33. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა, რომ აპელანტი მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა განაპირობა საპატიო მიზეზმა, რის გამოც სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე