Facebook Twitter

საქმე №ას-882-2019 9 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. გ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – ააიპ ქუთაისის მადლიერების სახლი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება და მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. გ-ემ (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა ააიპ ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის (შემდეგში: დამსაქმებელი ან ააიპ ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) დამსაქმებლის 2018 წლის 27 მარტის N18 ბრძანების (შემდეგში - სადავო ბრძანება) ბათილად ცნობა; ბ) მოსარჩელის აღდგენა ააიპ-ის მთავარი სპეცილისტის ტოლფას თანამდებობაზე; გ) ააიპ-სთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელე მუშაობდა ააიპ-ის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. მისი ხელფასი შეადგენდა 550 ლარს. იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და მისი მხრიდან არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც ააიპ ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლში დაინიშნა ახალი დირექტორი, იგი მუდმივად ახდენდა მოსარჩელის შევიწროებას და უკანონოდ გაათავისუფლა სამსახურიდან იმ მიზეზით, რომ თითქოს მოხდა მთავარი სპეციალისტის თანამდებობის შემცირება. გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოება - შტატების შემცირება რეალობას არ შეესაბამება, პირიქით, მოხდა სხვადასხვა შტატების დამატება. გარდა ამისა, დირექტორმა თავისი შეხედულებით გაანაწილა ფუნქციები და ის საქმიანობა, რომელსაც მოსარჩელე ახორციელებდა, დაავალა სხვა თანამშრომლებს.

3. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ 2018 წლის საშტატო განრიგით, 2017 წელთან შედარებით, 3 საშტატო ერთეულით შემცირდა და ყოველთვიურად 1200 ლარით ნაკლები ხელფასია განსაზღვრული. გარდა ამისა, ააიპ-ში რეორგანიზაცია დაიწყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წერილობითი თანხმობით, რომლის საფუძველზე, ააიპ -ის დირექტორმა, 2018 წლის 08 იანვარს გამოსცა ბრძანება სტრუქტურული რეორგანიზაციის და დაკავებული თანამდებობის შესაძლო შემცირების თაობაზე. აღნიშნული წერილობითი გაფრთხილება მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 08 იანვარს. 2018 წლის 21 მარტს დამტკიცდა ააიპ ქუთაისის მადლიერების სახლის წესდების ახალი რედაქცია, რომლითაც მოსარჩელის ფუნქციები გადანაწილდა სხვადასხვა თანამშრომლებზე. მოპასუხის მტკიცებით, ააიპ -ში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რადგან რეალურად განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები და შტატების შემცირება.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილი იქნა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას - ააიპ - ის უფროსი სპეციალისტის (მენეჯერი) თანამდებობაზე აღდგენა და გათავისუფლების დღიდან - სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ააიპ-ში მუშაობდა 2012 წლის 01 აგვისტოდან უფროს სპეციალისტად, ხოლო 2013 წლის 02 თებერვლიდან-2018 წლის 27 მარტამდე მთავარ სპეციალისტად და მისი ხელფასი შეადგენდა 550 ლარს.

7. 2013 წლის 21 მარტის №7 ბრძანებით, შეიქმნა მონიტორინგის და ინსპექტირების ჯგუფი, უფასო სასადილოს სამზარეულოს და სასადილო დარბაზის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ააიპ-ის მთავარი სპეციალისტი - მოსარჩელე. მოსარჩელის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა ბენეფიციართა სიების მონიტორინგი, ასევე უზრუნველყოფდა მადლიერების სახლში შესული განცხადებების და მიმართვების გაკომისიებას, ბენეფიციართა სიების დადგენას, ბენეფიციართა განცხადებაზე პასუხის მომზადებას.

8. ააიპ -ის ბენეფიციართა შერჩევის წესის 4.1. და 4.2. პუნქტის თანახმად, უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, პირი განცხადებით მიმართავდა ააიპ მადლიერების სახლს. ააიპ მადლიერების სახლის დირექტორი 30 დღის ვადაში განიხილავდა განცხადებას და იღებდა გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

9. 2017 წლის 22 მარტის საშტატო განრიგის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლში განსაზღვრული იყო თანამშომელთა 33 საშტატო ერთეული. თანამშრომელთა წლიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 171 300 ლარს, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება შეადგენდა წლიურად-15 600 ლარს.

10. 2018 წლის 08 იანვრის №3 ბრძანებით დადგინდა ააიპ -ში სტრუქტურული რეორგანიზაცია. ამ ბრძანების საფუძველზე დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაძლო შემცირების შესახებ გაფრთხილება (წერილი) მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 08 იანვარს.

11. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 მარტის №569 ბრძანებით დამტკიდა ააიპ ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის წესდების ახალი რედაქცია. ამ წესდების შესაბამისად, ააიპ-ის დირექტორის 2018 წლის 26 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2015 წლის 20 აგვისტოს №35 ბრძანებაში, ბენეფიციართა შერჩევის წესში და მუდმივმოქმედი კომისიის ფუნქციები დაეკისრა ააიპ -ის დირექტორს. აღნიშნული წესის 5.3. პუნქტის თანახმად, ბენეფიციართა შერჩევის მიზნით, ააიპ-ის დირექტორი განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოსაკვლევად უგზავნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იკვლევს და აწვდის ინფორმაციას ააიპ მადლიერების სახლის დირექტორს, ხოლო დირექტორი ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრირების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ის ფუნქციები, რასაც მოსარჩელე ახორციელებდა, კერძოდ, ბენეფიციართა სიების მონიტორინგი გადაეცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამ ვითარების გათვალისწინებით, ააიპ-ის დირექტორის 2018 წლის 26 მარტის №15 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ააიპ -ის დირექტორის 2013 წლის 21 მარტის ბრძანება მონიტორინგის და ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ.

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვარლამ ფხაკაძემ განმარტა, რომ იგი მადლიერების სახლში მუშაობს 2014 წლიდან მთავარ სპეციალისტად. 2018 წლის მარტის თვიდან არის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი. მოსარჩელე იყო მონიტორინგის ჯგუფის უფროსი, ახორციელებდა ბენეფიციარების მიღება-შემოწმებას. მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებდა ბენეფიციართა ყოველდღიურად გამოცხადების აღრიცხვას, სიების შედგენას. ბენეფიციართა მონიტორინგის ფუნქციას ამჟამად ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. მოწმის განმარტებით, რეორგანიზაციის დაწყების და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ეცნობათ თანამშრომლებს, მათ შორის, მოსარჩელეს. დირექტორის მხრიდან, რომელიმე თანამშრომლის შევიწროებას ადგილი არ ჰქონია და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერით არავისთვის არ მიუმართავს. ერთ-ერთ ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მოსარჩელემ მონაწილეობა არ მიიღო, სხვა თანამშრომლის სასარგებლოდ.

13. ააიპ-ის დირექტორის 2018 წლის 26 მარტის №16 ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 მარტის №01/7754 წერილით შეთანხმებული ააიპ -ის 2018 წლის ახალი საშტატო განრიგი და დასრულდა ააიპ ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეული, ასევე მთავარი სპეციალისტის 1, უფროსი სპეციალისტის 1 და სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული. ახალი საშტატო განრიგით საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 29 ერთეულით, მათ შორის, განსაზღვრული იქნა 2 განყოფილების უფროსის თანამდებობა-ადმინისტრაციული განყოფილების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თანამდებობა. საშტატო ერთეულების შემცირების ხარჯზე შემცირდა 2018 წლის შრომის ანაზღაურების წლიური სახელფასო ფონდი. ყოველწლიური შრომის ანაზღაურების ოდენობა 2017 წელთან შედარებით, ნაცვლად 171 300 ლარისა განისაზღვრა 165 550 ლარით. შტატგარეშე მოსამსახურეთა ყოველწლიური ანაზღაურება განისაზღვრა ნაცვლად 15 600 ლარისა-4 100 ლარით. 2018 წლის ხარჯთაღრიცხვით გაიზარდა ბენეფიციართა კვების და სხვა ხარჯები (ტ.1.ს.ფ.220, 224). 2018 წლის 08 იანვრის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ააიპ ქ. ქუთაისის მადლიერების სახლის 2018 წლის 27 მარტის №18 ბრძანების საფუძველზე, ააიპ ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის მთავარ სპეციალისტს, მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2018 წლამდე, ააიპ-ის მადლიერების სახლში ცალკეულ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები რაიმე სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არ ყოფილა. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოსარჩელე მხარემ. 2018 წლის 08 ივნისის №42, №43 და №44 ბრძანებებით დამტკიცდა ააიპ ქუთაისის მადლიერების სახლის შრომის შინაგანაწესი, ასევე, კონკრეტულად განისაზღვრა თანამშრომელთა და შტატგარეშე თანამშრომელთა შორის ფუნქციონალური მოვალეობები, რომლის მიხედვითაც, მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, ყოველთვიური ბენეფიციართა სიის დადგენა და დირექტორისათვის წარდგენა დაევალა სპეციალისტს (საქმის მწარმოებელი, კადრები).

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი-ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. სააპელაციო პალატის შეფასებით, რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 2018 წელს, ააიპ -ში მთავარი სპეციალისტის შტატის გაუქმების საჭიროება, განაპირობა თუ არა, საწარმოს ფინანსურმა სიძნელეებმა-2018 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდის შემცირებამ, სამუშაო ფუნქციების გაუქმებამ, თუ ეს ემსახურებოდა დისკრიმინაციული ნიშნით არასასურველი პირის, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას.

15. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ფუნქცია-მოვალეობები ააიპ -ში რაიმე დოკუმენტით გაწერილი არ ყოფილა. შესაბამისად, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმის ჩვენების გათვალისწინებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ააიპ ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლში მოსარჩელის ძირითად ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენდა: ბენეფიციართა სიების მონიტორინგი, რაც გულისხმობდა მადლიერების სახლში შემოსული ბენეფიციართა განცხადებების განხილვა და შესწავლა, შესწავლის შემდგომ განცხადებებზე დასკვნის შედგენა და სამსახურის უფროსისათვის წარდგენას; ბენეფიციართა კვების კონტროლი; ბენეფიციართა სიების შედგენა, აღრიცხვა და მათი გამოცხადების კონტროლი. (იხ. 10.04.2019წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი - აპელანტი მხარის ახსნა-განმარტება 11:55-12:27 სთ.; მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტება 12:27-12:42 სთ.).

16. დადგენილი იქნა, რომ, მხოლოდ ააიპ -ის დირექტორის 2018 წლის 08 ივნისის №43 ბრძანებით განაწილდა თანამშრომელთა ფუნქციონალური მოვალეობები, მათ შორის: პუნქტი 11 - სპეციალისტს (საქმის მწარმოებელი, კადრები) ც. გ-ეს დაევალა: მიღებული კორესპოდენციის ელექტრონულად რეგისტრაცია და გაგზავნა დირექტორთან, რეზოლუციის შემდგომ განაწილება შემსრულებელზე; მიღებულ განცხადებებსა და მომართვებზე პასუხის პროექტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში კონტროლზე აყვანა; დირექტორის დავალებების რეგისტრაცია; საქმისწარმოების დოკუმენტების სათანადოდ გაფორმება და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; მიღებული ინფორმაციების საფუძველზე ყოველთვიურად ბენეფიციართა სიის დადგენა, მისი დირექტორისათვის წარდგენა და სხვა; პუნქტი 13 - ავტოქარხნის სასადილოს უფროს სპეციალისტ (მენეჯერი) ქეთევან მშვიდობაძეს დაევალა ავტოქარხნის უფასო სასადილოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. პუნქტი 14 - ავტოქარხნის სასადილოს (მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ავტოქარხნის სასადილო წარმოადგენს მადლიერების სახლის ფილიალს) სპეციალისტს ელგუჯა შუბლაძეს დაევალა: ბენეფიციართა გამოცხადების კოტროლი; ბენეფიციართა ჟურნალის წარმოება და ინფორმაციის მიწოდება საქმის მწარმოებელზე; (იხ. ბრძანება, ს/ფ 245-249).

17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე დაწესებულება არ წარმოადგენს მოგებაზე ორიენტირებულ მეწარმე სუბიექტს. იგი არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ და რომლის მიზნები და ამოცანებია: ქალაქ ქუთაისში მცხოვრები განსაკუთრებით გაჭირვებული, უმწეო პირების კვებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ამ პირებისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვის ორგანიზება, კოორდინაცია და ხელშეწყობა. საქმეში განთავსებული 2017-2018წ. ხარჯთაღრიცხვებით დადგენილია, რომ დამფუძნებელი პარტნიორის-ქ. ქუთაისის მერიის თანხმობით, შემცირდა შრომის ანაზღაურების წლიური სახელფასო ფონდი, ხოლო საშტატო ერთეულების და შრომის ანაზღაურების შემცირების ხარჯზე 2018 წლის ხარჯთაღრიცხვით გაიზარდა ბენეფიციართა კვების და სხვა ხარჯები. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაცია, რის შედეგადაც, შემცირდა ოთხი საშტატო ერთეული, გაუქმდა მოსარჩელის შტატი და როგორც წესდებით განისაზღვრა, მისი ფუნქციების ნაწილი გადაეცა ორგანიზაციის დირექტორს და ამავე ორგანიზაციაში დასაქმებულ სპეციალისტებს, ხოლო ბენეფიციართა სიების მონიტორინგი გადაეცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამდენად, სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ააიპ-ში რეალურად განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რასაც მოჰყვა ფინანსური რესურსების დაზოგვა, მათ შორის, სახელფასო ფონდის შემცირება. უარყოფილი იქნა აპელანტის შედავება მასზედ, რომ დამსაქმებელმა დაარღვია შრომის კოდექსის მოთხოვნები და არ შესთავაზა ტოლფას სამუშაოზე დანიშვნა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ვინაიდან მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის-2018 წლის 27 მარტს, ორგანიზაციაში თავისუფალი შტატი, მათ შორის, აპელანტის მიერ მითითებული მენეჯერის საშტატო ერთეული არ არსებობდა, დამსაქმებელი ორგანიზაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეთავაზებინა მისთვის სხვა ტოლფასი სამუშაო ადგილი.ამ გარემოებების გათვალისწინებით, მიჩნეული იქნა, რომ დამსაქმებელ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლება არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს, იყო კანონიერი, დასაბუთებული და გააჩნდა ობიექტურად ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც, არ არსებობდა მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ვინაიდან, გათავისუფლების შესახებ ბრძანება სააპელაციო პალატას კანონიერად მიაჩნია, აღნიშნული გამორიცხადა ტოლფას სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობას.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ.

19. კასატორის განმარტებით, ვინაიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ პუნქტი, სასამართლოს უნდა გამოეკვლია მართლა არსებობდა თუ არა მოსარჩელის შტატის შემცირების აუცილებლობა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ შემცირდა წლიური სახელფასო ფონდი, რითაც გაიზარდა ბენეფიცართა კვებისა და სხვა ხარჯები. კასატორი აღნიშნავს, რომ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომის 2019 წლის 7 დეკემბრის ააიპ-ის დირექტორის მიერ სხდომაზე წარდგენილ ანგარიშს, რომლის თანახმადაც ხელფასის სახით სულ თანაშრომლებზე გაცემულ იქნა 169650 ლარი და რომლითაც დასტურდებოდა რომ არანაირი ეკონომიკური გარემოებების გამო, არ მომხდარა შტატების შემცირება და შესაბამისად, ხელფასის დაზოგვა ხარჯის სახით არ მიიღო იმ მოტივით, რომ საქმესთან შემხებლობაში არ იყო. ამასთან, 2017 და 2018 წლებში ააიპ-ის დაფინანსება არ შეცვლილა და შეადგენდა 620000 ლარს.

20. კასატორი უთითებს სასამართლო პრაქტიკაზე - Nას-941-891-2015, 29.01.2016, რომელშიც, სასამართლომ განმარტა რეორგანიზაციის მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებასთან დაკავშირებული საკითხები.

21. კასატორი აღნიშნავს, რომ თუნდაც შტატების შემცირების აუცილებლობის არსებობისას, დამსაქმებელი ვალდებული იყო ინდივიდუალურდ შეეფასებინა დასაქმებულის სასარგებლო გარემოებები და მხოლოდ აღნიშნული შეფასების შედეგად უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

22. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებასაც მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმეს არ დაურთო მის მიერ წარდგენილი ააიპ-ის საშტატო განრიგი და საკრებულოს სხდომაზე ააიპ-ის დირექტორის მიერ წარდგენილი ანგარიში. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტები მნიშვნელოვანი იყო დავის გადაწყვეტისათვის, რადგან ადასტურებდა რომ საფუძველი, რომელიც სამსახურიდან მის გათავისუფლებას დაედო, იყო უკანონო.

სამოტივაციო ნაწილი:

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

24. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

25. საკასაციო საჩივრით სადავოა სამსახურიდან კასატორის გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება. კასატორს მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლება, თუნდაც, რეორგანიზაციის საფუძვლით, უკანონოა.

26. საკასაციო პალატა პირველ რიგში, განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედების პირობებში, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეებს შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

27. საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ პუნქტი, რომლის დანაწესით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

28. საგულისხმოა, რომ მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტ შედავებაში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხე ააიპ-ში შტატების შემცირება დაასახელა. მან აღნიშნა, რომ 2018 წლის საშტატო განრიგით, 2017 წელთან შედარებით, 3 საშტატო ერთეულით შემცირდა და ყოველთვიურად 1200 ლარით ნაკლები ხელფასია განსაზღვრული. გარდა ამისა, ააიპ-ში რეორგანიზაცია დაიწყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წერილობითი თანხმობით, რომლის საფუძველზე, ააიპ -ის დირექტორმა, 2018 წლის 08 იანვარს გამოსცა ბრძანება სტრუქტურული რეორგანიზაციის და დაკავებული თანამდებობის შესაძლო შემცირების თაობაზე.

29. საკასაციო პალატა იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მართალია აღნიშნავს, რომ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომის 2019 წლის 7 დეკემბრის ააიპ-ის დირექტორის მიერ სხდომაზე წარდგენილი ანგარიშის მიხედვით ხელფასის სახით სულ თანაშრომლებზე გაცემულ იქნა 169650 ლარი და რომლითაც დასტურდებოდა რომ არანაირი ეკონომიკური გარემოებების გამო, არ მომხდარა შტატების შემცირება და შესაბამისად, ხელფასის დაზოგვა, თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულებები საქმეზე დართვის შესახებ შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, კასატორის აღნიშნული პოზიციის მართებულებაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს. რაც შეეხება უშუალოდ 2019 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ კასატორის მოთხოვნას, კასატორი ვერ უთითებს მისი გაუქმების საფუძველზე, იგი, მხოლოდ წარდგენილ მტკიცებულებათა შინაარსობრივ მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს, თუმცა, თუ რა პროცესუალურ დარღვევას ეფუძნება მისი პრეტენზია (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი) საკასაციო საჩივრიდან არ ირკვევა, შესაბამისად, კასატორის მიერ წარმოდგენილი ზოგადი შედავება არაა გასაზიარებელი, რის გამოც, მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

30. ამდენად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2013 წლის 21 მარტის №7 ბრძანებით, შეიქმნა მონიტორინგის და ინსპექტირების ჯგუფი, უფასო სასადილოს სამზარეულოს და სასადილო დარბაზის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ააიპ-ის მთავარი სპეციალისტი - მოსარჩელე. მოსარჩელის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა ბენეფიციართა სიების მონიტორინგი, ასევე უზრუნველყოფდა მადლიერების სახლში შესული განცხადებების და მიმართვების გაკომისიებას, ბენეფიციართა სიების დადგენას, ბენეფიციართა განცხადებაზე პასუხის მომზადებას.

31. ააიპ-ის ბენეფიციართა შერჩევის წესის 4.1. და 4.2. პუნქტის თანახმად, უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, პირი განცხადებით მიმართავდა ააიპ მადლიერების სახლს. ააიპ მადლიერების სახლის დირექტორი 30 დღის ვადაში განიხილავდა განცხადებას და იღებდა გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

32. 2017 წლის 22 მარტის საშტატო განრიგის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლში განსაზღვრული იყო თანამშომელთა 33 საშტატო ერთეული. თანამშრომელთა წლიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 171 300 ლარს, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება შეადგენდა წლიურად-15 600 ლარს.

33. 2018 წლის 08 იანვრის №3 ბრძანებით დადგინდა ააიპ -ში სტრუქტურული რეორგანიზაცია. ამ ბრძანების საფუძველზე დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაძლო შემცირების შესახებ გაფრთხილება (წერილი) მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 08 იანვარს.

34. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 მარტის №569 ბრძანებით დამტკიდა ააიპ ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის წესდების ახალი რედაქცია. ამ წესდების შესაბამისად, ააიპ-ის დირექტორის 2018 წლის 26 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2015 წლის 20 აგვისტოს №35 ბრძანებაში, ბენეფიციართა შერჩევის წესში და მუდმივმოქმედი კომისიის ფუნქციები დაეკისრა ააიპ -ის დირექტორს. აღნიშნული წესის 5.3. პუნქტის თანახმად, ბენეფიციართა შერჩევის მიზნით, ააიპ-ის დირექტორი განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოსაკვლევად უგზავნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იკვლევს და აწვდის ინფორმაციას ააიპ მადლიერების სახლის დირექტორს, ხოლო დირექტორი ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრირების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ის ფუნქციები, რასაც მოსარჩელე ახორციელებდა, კერძოდ, ბენეფიციართა სიების მონიტორინგი გადაეცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამ ვითარების გათვალისწინებით, ააიპ-ის დირექტორის 2018 წლის 26 მარტის №15 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ააიპ -ის დირექტორის 2013 წლის 21 მარტის ბრძანება მონიტორინგის და ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ.

35. ააიპ-ის დირექტორის 2018 წლის 26 მარტის №16 ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 მარტის №01/7754 წერილით შეთანხმებული ააიპ -ის 2018 წლის ახალი საშტატო განრიგი და დასრულდა ააიპ ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეული, ასევე მთავარი სპეციალისტის 1, უფროსი სპეციალისტის 1 და სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული. ახალი საშტატო განრიგით საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 29 ერთეულით, მათ შორის, განსაზღვრული იქნა 2 განყოფილების უფროსის თანამდებობა-ადმინისტრაციული განყოფილების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თანამდებობა. საშტატო ერთეულების შემცირების ხარჯზე შემცირდა 2018 წლის შრომის ანაზღაურების წლიური სახელფასო ფონდი. ყოველწლიური შრომის ანაზღაურების ოდენობა 2017 წელთან შედარებით, ნაცვლად 171 300 ლარისა განისაზღვრა 165 550 ლარით. შტატგარეშე მოსამსახურეთა ყოველწლიური ანაზღაურება განისაზღვრა ნაცვლად 15 600 ლარისა-4 100 ლარით. 2018 წლის ხარჯთაღრიცხვით გაიზარდა ბენეფიციართა კვების და სხვა ხარჯები (ტ.1.ს.ფ.220, 224).

36. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რეორგანიზაციის თვალთმაქცურობის კუთხით, კასატორმა დასაბუთებული საკასაციო შედავება ვერ წარმოადგინა. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც შტატების შემცირების აუცილებლობის არსებობისას, დამსაქმებელი ვალდებული იყო ინდივიდუალურდ შეეფასებინა დასაქმებულის სასარგებლო გარემოებები და მხოლოდ აღნიშნული შეფასების შედეგად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ამ კუთხითაც კასატორმა წარმოადგინა ზოგადი ხასიათის შედავება, კერძოდ, მას არ მიუთითებია თუ კონკრეტული რა გარემოება უგულვებელჰყო სასამართლომ ან რაში გამოიხატა დისკრიმინაციული მოპყრობა კასატორის მიმართ.

37. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასათან დაკავშირებით იხ., სუსგ №ას-598-598-2018, 6 ივლისი, 2018 წელი.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე და აგრეთვე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30% - 90 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2.კასატორ მ. გ-ეს (პ/ნ 600010...) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 90 ლარის გადახდა, თანხა ჩარიცხული იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე