საქმე №ას-690-690-2018 24 აპრილი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ისა“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მოვალე ან ბანკი) და მესამე პირების: ა. შ-ის, ნ. ც-ისა და თ. კ-ის (შემდგომში _ მესამე პირები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ანაბრის თანხის _ 10 000 აშშ დოლარის, ასევე, საპროცენტო სარგებლის _ 6 836 აშშ დოლარის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 23 ივნისსა და 2011 წლის 21 ოქტომბერს მოსარჩელემ სს „პ-ის“ ზესტაფონის ფილიალში შეიტანა ანაბარი ორ ნაწილად: 6 000 და 4 000 აშშ დოლარი. ანაბრის წლიური სარგებელი შეადგენდა 11%-ს. ერთი წლის შემდეგ, 2012 წლის ივნისში, კრედიტორი გამოცხადდა ბანკში ანაბრის სარგებლის ასაღებად, თუმცა გაარკვია, რომ 10 000 აშშ დოლარი ბანკიდან გატანილი იყო მისი სახელით. ბანკიდან თანხა მისი ნებართვის გარეშე გაიტანა ბანკის მმართველმა ზ. ა-ემ (შემდგომში _ ბანკის მმართველი), რომელმაც დაუწერა ხელწერილი და დაჰპირდა, რომ ამ თანხას პროცენტით დაუბრუნებდა. ვინაიდან, კრედიტორს არ გააჩნდა იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მისი კუთვნილი თანხა ბანკის მმართველმა გაიტანა ანგარიშიდან, კრედიტორი დასთანხმდა ხელწერილის დაწერას, ბანკის მმართველმა კრედიტორს თანხა არ დაუბრუნა, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა პროკურატურას. ბანკის მმართველის მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა სხვა ანალოგიური ქმედებების გამო. 2015 წლის 11 მაისს სს „პ-ი“ შეერწყა სს „ს-ს“. საქმის ძიების პროცესში, 2016 წლის სექტემბერს, ზ. ა-ე გარდაიცვალა, რის გამოც, თანხის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება მოპასუხეს, რომელმაც, როგორც ანაბრის თანხა, ისე _ მასზე დარიცხული სარგებელი უნდა დაუბრუნოს კრედიტორს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი/შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა ფიზიკური პირის, ბანკის მმართველის ქმედების გამო, თუმცა ამ უკანასკნელის ბრალეული ქმედების არსებობა სათანადო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული. სარჩელს სრულად არ ერთვის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის ზ. ა-ის ხელწერილი ვალის აღიარებასთან დაკავშირებით, რაც მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე. სს „პ-ის“ გასავლის ორდერებითა და სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული სს „პ-ის“ თანამშრომელთა ჩვენებებით დგინდება, რომ ანაბრის ხელშეკრულებები შეწყვიტა მოსარჩელემ და თანხაც მან გაიტანა ბანკიდან. სისხლის სამართლის საქმის მასალების, კერძოდ, ზ. ა-ის ჩვენების თანახმად, მან, როგორც ფიზიკურმა პირმა ისესხა თანხა მ. მ-ისაგან, რისთვისაც გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და 2012 წლის 3 ივლისს დამოწმდა სანოტარო წესით. 2013 წლის 15 იანვრის ხელწერილით ირკვევა, რომ ზ. ა-ეს მ. მ-ისაგან ნასესხები ჰქონდა 14 000 აშშ დოლარი და ამ სესხისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა პროცენტი 500 აშშ დოლარის ოდენობით. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგოა და კატეგორიულად არ ადასტურებს საანაბრე ანგრიშიდან თანხის გატანის ქვითარზე ზ. ა-ის ხელმოწერის არსებობას. ვინაიდან, ანგარიშიდან თანხა გატანილია, ხოლო, ანაბრის ხელშეკრულებები შეწყვეტილი, არ არსებობს მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველი. გარდა ამისა,სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია ვინაიდან კრედიტორმა ზიანის შესახებ შეიტყო 2012 წლის 30 ივნისს, ხოლო სარჩელი 2017 წლის 27 ივნისსაა აღძრული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ანაბრის თანხის _ 10 000 აშშ დოლარისა და სარგებლის _ 6 170,90 აშშ დოლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბანკმა, რომლითაც მისი ნაწილობრივ (სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა და ამ კუთხით სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობის სისწორე. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები, სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, ხოლო, დადგენილი ფაქტები მატერიალური სამართლის ნორმათა დარღვევით შეაფასა (სსსკ-ის 393-ე მუხლი).
1.2. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ბანკთან გააფორმა ანაბრის ხელშეკრულება და საანაბრე ანგარიშზე განათავსა თანხა (სკ-ის 874-ე მუხლი), თავად სარჩელის ფაბულიდან ირკვევა, რომ ეს თანხა მეანაბრის ნების საწინააღმდეგოდ იქნა გატანილი ანგარიშიდან და იმ მიზნით, რომ ვალდებულების არსებობა დადასტურებულიყო, მოსარჩელე დათანხმდა ბანკის მმართველის მიერ (თანხის მიმღები) ხელწერილის დაწერას.
1.3. სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის საფუძვლიანობა სახელშეკრულებო, კერძოდ, ანაბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნად შეაფასა და განჩინება სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლზე დააფუძნა, თუმცა, ამ მსჯელობას არ ეთანხმება კასატორი, რომლის პოზიციას ნაწილობრივ საკასაციო სასამართლოც იზიარებს. პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის წარმატებულობის კვლევისათვის უპირველეს წინაპირობას მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის სწორად მოძიება წარმოადგენს და ეს პროცესი სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზს უნდა ემყარებოდეს (სსსკ-ის 178-ე და 201-ე მუხლები).
1.4. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლით გათვალისწინებული ანაბრის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ მეანაბრე და საკრედიტო დაწესებულება, ხელშეკრულების საგანი არის ფული, რომელიც მეანაბრეს შეაქვს ანაბარზე და ამ თანხაზე საკუთრებას გადასცემს საკრედიტო დაწესებულებას, ხოლო, ეს უკანასკნელი ვალდებულია, დადგენილ ვადაში დაუბრუნოს მეანაბრეს იმავე ოდენობის თანხა პროცენტთან ერთად. ანაბრის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ხელშეკრულების საგანი გვაროვნული ნივთია _ ფული, რომელზე საკუთრებასაც მეანაბრე გადასცემს საკრედიტო დაწესებულებას, ხოლო, ეს უკანასკნელი ვალდებულია, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, დააბრუნოს გვაროვნული ნივთი სარგებელთან ერთად. ასეთ ვითარებაში, მოპასუხე ბანკის მმართველის მხრიდან თანხის გატანა რა საკვირველია არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მოსარჩელის კუთვნილი თანხის გატანა, ვინაიდან ხელშეკრულების საგანზე საკუთრების უფლება (სკ-ის 170-ე მუხლი) გადაცემული აქვს საკრედიტო დაწესებულებას. ტექნიკური თვალსაზრისით კი, მხოლოდ გარკვეული ანგარიშიდან ამა თუ იმ ტრანზაქციის განხორციელება ვერ შეცვლის სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულების საგანზე სანივთო უფლების გადასვლის რეჟიმს.
1.5. მიუხედავად ზემოხსენებულისა, საკასაციო სასამართლო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიების მიზნით ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ გადმოცემულ ფაქტებზე: თანხის გატანის შემდგომ მეანაბრესა და ბანკის მმართველს შორის შედგა შეთანხმება, სადაც თანხის მიმღებმა წერილობით უღიარა ვალდებულების არსებობა მოსარჩელეს. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ანაბრის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმის გამოყენებამდე სასამართლომ უნდა შეამოწმოს სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეწყვეტის შემთხვევა, კერძოდ, არაუფლებამოსილი პირის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით ხომ არ ნახა სარგებელი მოსარჩელემ.
1.6. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოთხოვილ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე: საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის განცხადება ზესტაფონის რაიონული პროკურატურისადმი, სადაც გადმოცემულია ფაქტობრივად სარჩელში აღწერილის ანალოგიური გარემოებები და კრედიტორი თანხის დაბრუნებაში დახმარებას საგამოძიებო ორგანოს სთხოვს. წარმოდგენილია ასევე: ბანკის მმართველის ცალმხრივი ვალის აღიარება, სადაც უზრუნველყოფის საგნად მითითებულია უძრავი ქონება; 2013 წლის 15 იანვრით დათარიღებული ორმხრივი შეთანხმება, საიდანაც დასტურდება, რომ ზ.ა-ე სასესხო ურთიერთობაში იმყოფება მოსარჩელესთან; 2012 წლის 3 ივლისს ამავე პირებს შორის სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; მოსარჩელის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, სადაც უარყოფილია მის მიერ ანაბრიდან თანხის გატანის ფაქტი. ჩვენების თანახმად, ბანკის ოპერატორმა განუმარტა, რომ თანხა გაიტანა მმართველმა, რომელთანაც შემდგომში მოსარჩელე სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდა, თუმცა, თანხის დაკისრებას ითხოვს საკრედიტო ორგანიზაციის, როგორც ფულის შენახავზე პასუხისმგებელი პირისაგან. თანხის ანგარიშიდან გატანასთან დაკავშირებით, მოსარჩელის ჩვენების საპირისპირო ფაქტებია გადმოცემული ზ. ა-ის ჩვენებაში, თუმცა, აქაც ხაზგასხმაა მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. მოხმობილი მტკიცებულებებიდან მხედველობაშია მისაღები მოსარჩელის ჩვენების ის ნაწილიც, სადაც მხარე აღიარებს, რომ ზ. ა-ემ იკისრა, როგორც ანაბარზე შეტანილი თანხის, ისე _ მისაღები სარგებლის ანაზღაურების ვალდებულება, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.
1.7. საკასაციო პალატის დასკვნით, მოსარჩელესა და ბანკის მმართველს შორის წარმოშობილი სამართალურთიერთობის დადგენისათვის მხოლოდ ერთი მხარის განმარტებები არასაკმარისია, რადგანაც მისაღებ გადაწყვეტილებას შესაძლოა გარკვეული შედეგები მოჰყვეს იმ პირის მიმართ, რომელიც არ მონაწილეობს საქმის განხილვაში. ამგვარი ქმედება კი, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია. ამ საკითხის გადაჭრისათვის საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი.
1.8. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების კვლევის საფუძველზე უნდა შეაფასოს როგორც ბანკიდან თანხის გატანის ფაქტი, ისე _ შემდგომ განვითარებული მოვლენები (მოსარჩელესა და ბანკის მმართველს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა) და თუკი გამორიცხავს ამ მოვლენების კავშირს ანაბრის ხელშეკრულებასთან, მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული დავის სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტა. პალატა აქვე განმარტავს, რომ მოთხოვნის წინაპირობების სწორად დადგენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არ შეიძლება ერთი და იგივე მოთხოვნა ორმაგად იქნას დაკმაყოფილებული, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებს და გამოიწვევს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას.
1.9. საკასაციო პალატა შეფასების გარეშე ტოვებს მოპასუხის შედავებას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის განხილვის ამ ეტაპზე საკამათოა ვალდებული პირის ვინაობა, ისევე, როგორც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, ამასთან, თუკი წინამდებარე განჩინების კვლევით ნაწილში გადმოცემული წინაპირობების შემოწმებისას სასამართლო კვლავ მივა დასკვნამდე, რომ სწორედ ბანკმა უნდა აგოს პასუხი ანაბრის ხელშეკრულებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, გამართლებული იქნება ბანკის შედავების უარყოფა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო.
2. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის შესაბამისად (სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; დავის ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო სამართლის ნორმათა ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევას შედეგად არასსწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა), აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა), საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევის შედეგად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ამ გზით გადაწყვიტოს უფლების ბედი.
3. პროცესის ხარჯები:
ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით), ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი