საქმე №ას-753-721-2016 17 მაისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „თ-იმ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში_ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან შემკვეთი) მიმართ ზედმეტად გადახდილი პირგასამტეხლოს _ 29 419,28 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ელექტრონული ტენდერის საფუძველზე მხარეთა შორის 2015 წლის 14 იანვარს გაფორმდა #4 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამუშაო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით პირველი სამუშაო შეეხებოდა სოფელ დ-ში სპორტული დარბაზის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოს წარმოებას, ღირებულებით 93 499,17 ლარი, ხოლო მეორე _ სოფელ კ-ში სპორტული მოედნის მოწყობას, ღირებულებით 16 722,42 ლარი. მენარდემ პირველი სამუშაო შეასრულა დადგენილ ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ხოლო მეორე სამუშაოს შესრულება აღმოჩნდა შეუძლებელი შემკვეთის მიერ დეფექტური აქტის შედგენისას დაშვებული შეცდომის გამო: სტადიონის მოსაწყობად გამოყოფილი მიწა იყო დახრილ ფერდობზე, არ იყო გათვალისწინებული მიწის მოჭრის, საყრდენი კედლის, სადრენაჟე სისტემის მოწყობის, გაზის მილის გადატანის სამუშაოები და სხვა. 2015 წლის 23 აპრილს შემკვეთმა უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე და შესყიდვების სააგენტოში წარადგინა წერილი მენარდის მიერ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით, რის გამოც, სააგენტოს 2015 წლის 11 ივნისის #450 განკარგულებით, მოსარჩელე დარეგისტრირდა შავ სიაში, წაერთვა შემოსავლის წყარო და აღმოჩნდა გამოუვალ მდგომარეობაში. მხარეთა შორის 2015 წლის 24 ივნისს გაფორმდა საბოლოო #30 მიღება-ჩაბარების აქტი, რა დროსაც მენარდემ მოსთხოვა შემკვეთს დარიცხული პირგასამტეხლოსაგან (შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 16 722,42 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო _ 29 419,28 ლარს) გათავისუფლება იმ მიზეზით, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია. 2015 წლის 13 ივლისის წერილით შემკვეთმა უარყო ხსენებული მოთხოვნა, ასევე, უარი განუცხადა მენარდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე. საზოგადოებას დაკისრებული აქვს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო _ 120 %, მათ შორის, იმ ვალდებულების დარღვევის გამო, რომელშიც მას ბრალი არ მიუძღვის. ასეთ ვითარებაში პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს სოფელ დ-ში სამუშაოები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ დაუსრულებელია, კერძოდ, 16 მარტისათვის არ იყო მოწყობილი სველი წერტილები, ელ.გაყვანილობა და სხვა. მენარდის 2015 წლის 6 მარტის წერილის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხმობა მშენებლობის კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით წარმოების თაობაზე, თუმცა შეთანხმება ვერ იქნა მოღწეული, რადგანაც მას ხელი არ მოაწერა მენარდემ, შესაბამისად, სამუშაოები წარმოებდა მხოლოდ სოფელ დ-ში. შემკვეთი ხელს უწყობდა მენარდეს სამუშაოების ჯეროვნად შესრულებაში, მოხდა სამუშაოთა კორექტირება და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, მენარდემ მიიღო შუალედური ანაზღაურება 33 066,48 ლარის ოდენობით. იმის გამო, რომ სოფელ კ-ში სამუშაოები არ მიმდინარეობდა მენარდესთან შეთანხმების მიუღწევლობის გამო, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების პირგასამტეხლომ გადააჭარბა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს, ამავე ხელშეკრულების 8.6. პუნქტის შესაბამისად, შემკვეთმა ცალმხრივად მოშალა იგი. მენარდის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოფელ დ-ში შესულებული სამუშაოს ღირებულება - ნაცვლად 93 499,17 ლარისა, შეადგენდა 91 486,59 ლარს, ხოლო სოფელ კ-ში _ 0 ლარს. 2015 წლის 24 ივნისს მხარეთა შორის შედგა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და განხორციელდა ანგარიშსწორება, ამასთან მენარდის 2015 წლის 3 ივლისის მიმართვის საფუძველზე პირგასამტეხლო _ 29 419,28 ლარი ჩაირიცხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევა და მიღებული გადაწყვეტილებით, იგი შავ სიაში დარეგისტრირდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მენარდემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემკვეთს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 22 419,28 ლარის ანაზღაურება.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება, ასევე შემცირებული პირგასამტეხლო პროპორციულია თუ არა დარღვეული ვალდებულებისა. ამ მხრივ კასატორი პრეტენზიას ძირითადად გამოთქვამს იმაზე, რომ პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება თავისთავად მიანიშნებს მის მოსალოდნელ ზიანზე აღმატების შესაძლებლობაზე, რაც კანონიერია. შემკვეთის მოსაზრებით, წლის განმავლობაში გამოყოფილი ბიუჯეტით დაგეგმილი სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ზარალდება მოსახლეობა და სწორედ ამითაა გამართლებული ვალდებულების დამრღვევი მენარდისათვის საჯარიმო თანხის დაკისრება მიუხედავად იმისა, რომ შეუსრულებელ პროექტზე გასაწევი ხარჯები არ გადასცემია მოსარჩელეს. გარდა ამისა, მხარე აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ვალდებულების დამრღვევი თავად ეთანხმება პირგასამტეხლოს გადახდას, შემდგომში ამ საკითხის სადავოდ ქცევა არასწორია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ ზემოხსენებული პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს.
1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. 2014 წლის 14 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა #4 ხელშეკრულება, რომლის საგანიც ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში: სოფელ დ-სა და სოფელ კ-ში სპორტული დარბაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და სპორტული მოედნის მოწყობა იყო. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 110 221,59 ლარით, საიდანაც სპორტული დარბაზის რეკონსტრუქციის თანხა შეადგენდა 93 499,17 ლარს, ხოლო, მოედნის მოწყობისა _ 16 722,42 ლარს. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 21 მარტის ჩათვლით;
1.2.2. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, სამუშაოების მიღება წარმოებდა მენარდის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის მოცულობებისა და ხარისხის სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის თაობაზე სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის (შემდგომში _ ექსპერტიზის დასკვნა), ფორმა #2-ებისა და მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
1.2.3. 8.5. პუნქტის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით. 8.7. პუნქტით, შესყიდვის განხორციელებისას პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 120%-ით;
1.2.4. მენარდის 2015 წლის 16 მარტის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის 2015 წლის 6 მაისის დასკვნის თანახმად, სოფელ დ-ში მდებარე სპორტდარბაზის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ფაქტიური მოცულობები რიგ შემთხვევაში მეტობით, ხოლო, რიგ შემთხვევაში _ ნაკლებობით არის შესრულებული. ამ სამუშაოთა ღირებულება, ნაცვლად ფორმა #2-ში ნაჩვენები 93 494,75 ლარისა, ხარჯთაღრიცხვაში ნაჩვენები ერთეული ღირებულების გათვალისწინებით, შეადგენს 91 486,59 ლარს დღგ-სა და სხვა დარიცხვების ჩათვლით. სხვაობა ნაკლებობით 2 008,16 ლარს შეადგენს;
1.2.5. ექსპერტიზის 2015 წლის 27 ივლისის დასკვნის თანახმად, სოფელ კ-ში მინი სტადიონის მოწყობა არსებულ რელიეფზე შეუძლებელია ისე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში არ შევიდეს ცვლილება, რადგანაც იკვეთება ახალი სამუშაოები, რაც გამოკვლევაშია ასახული. რაც შეეხება სამუშაოების ცვლილებებით გამოწვეული მოცულობებისა და ღირებულებების განსაზღვრას, აღნიშნულზე უნდა შედგეს შესაბამისი პროექტი, რის შემდეგაც დადგინდება კონკრეტული სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები;
1.2.6. მენარდეს სოფელ კ-ში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ უწარმოებია;
1.2.7. 2015 წლის 24 ივნისს მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შემკვეთმა მიიღო სოფელ დ-ში ჩატარებული 90 474,15 ლარის ღირებულების სამუშაოები. ამავე აქტით მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 29 419,28 ლარის ოდენობით. უდავოა, რომ ეს თანხა გაიქვითა მენარდის მოთხოვნებთან;
1.2.8. პირგასამტეხლოდან _ 29 419,28 ლარიდან 6 833,93 ლარი სოფელ დ-ში სამუშაოების 31 დღის ვადაგადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოა, ხოლო, 22 585,33 ლარი _ სოფელ კ-ში სამუშაოების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო;
1.2.9. მენარდის მოთხოვნის საფუძველზე შემკვეთმა მიიღო გადაწყვეტილება სოფელ კ-ში შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში ცვლილების შეტანის თაობაზე, თუმცა, მოსარჩელეს სამუშაოები არ უწარმოებია. მენარდემ ვერ დაადასტურა ასევე ის გარემოება, რომ მან სოფელ დ-ში სამუშაოები ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაასრულა და არ არსებობდა ამ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს ინსტიტუტის არასწორად განმარტების თაობაზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი და დასაბუთებულია, იგი თანაზომიერია ვალდებულების დარღვევისა და უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს ინსტიტუტით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნის მიღწევას.
1.3.2. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შესამოწმებლად სასამართლო აანალიზებს მხარეთა შორის წარმოშობილ კერძოსამართლებრივ ურთიერთობას და აღნიშნავს, რომ 2014 წლის 14 იანვრის ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებას სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირობებზე, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს ეკისრებოდა დადგენილ ვადაში სამუშაოს შესრულება, ხოლო მოპასუხეს _ შესაბამისი თანხის გადახდა. შესრულებული სამუშაოს ხარისხი უნდა დადგენილიყო საექსპერტო დასკვნით (სკ-ის 639-ე მუხლი) და საბოლოო მიღება-ჩაბარება სწორედ ექსპერტის კვლევებზე დაყრდნობით განხორციელდებოდა (სკ-ის 649-ე მუხლი).
1.3.3. უდავოა ის ფაქტი, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების საშუალებაზე _ პირგასამტეხლოზე, რომელიც, როგორც შესრულების ვადის გადაცილებას, ისე _ ვალდებულების შეუსრულებლობას უზრუნველყოფდა (სკ-ის 418.2 მუხლი);
1.3.4. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მენარდემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, კერძოდ, მან სოფელ დ-ში გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას (სასამართლომ ვადაგადაცილება დაუკავშირა არა შესრულების დროს, არამედ მენარდის მიერ საექსპერტო კვლევის წარდგენას, თუმცა, ამ ნაწილში მენარდეს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო, საკასაციო პალატა საკუთარი ინიციატივით ვერ შეამოწმებს სკ-ის მე-400 მუხლის წინაპირობების არსებობის ფაქტს), ხოლო, სოფელ კ-ში საერთოდ არ შეასრულა იგი მიუხედავად იმისა, რომ შემკვეთი დასთანხმდა ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანაზე. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა პირგასამტეხლოს დაკისრების სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) გათვალისწინებული ყველა წინაპირობა.
1.3.5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 120%-ს წარმოადგენდა და იგი დღეში ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ს შეადგენდა, რაც ბუნებრივია, შეუსაბამოდ მაღალია ნებისმიერი ვალდებულების დარღვევისა და არ გამომდინარეობს კერძო სამართლისათვის დამახასიათებელი ბრუნვის მონაწილეთა თანასწორობის, ასევე თავად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის პრინციპიდან. რა თქმა უნდა, პირგასამტეხლოს ოდენობა მხარეთა თავისუფალი შეთანხმების საგანს წარმოადგენს (სკ-ის 418.1 მუხლი), თუმცა საკანონმდებლო დათქმა, რომ იგი შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანსაც, ვერ იქნება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით დამკვიდრებული სასამართლოს კონტროლი პირგასამტეხლოს ოდენობაზე ფორმალური დატვირთვის მატარებელი არაა და სასამართლო სადავოობისას ვალდებულია, ერთმანეთს შეუპირისპიროს კრედიტორისა და მოვალის ინტერესები იმგვარად, რომ სამართლიანად განსაზღვროს მათ შორის ბალანსი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ სახეზე არ არის არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი და არც მიუღებელი შემოსავალი (უდავოა, რომ შემკვეთს არ გააჩნდა კომერციული მიზანი მშენებლობის მიმართ და სხვა). შეუსრულებელი სამუშაოებისათვის მოპასუხეს არ გაუწევია ხარჯი, არ მიუთითებია იმგვარ ფაქტებზე, რომლებიც მის ქონებრივ დანაკლისს დაამტკიცებდა, ასეთ ვითარებაში კი, პირგასამტეხლოს განაკვეთის 4-ჯერ შემცირებით დაცულია, როგორც კრედიტორის ინტერესი, ისე _ მოვალის ქონებრივი შესაძლებლობები და შენარჩუნებელია თავად პირგასამტეხლოს ფუნქცია, კერძოდ: უდავოა, რომ შემკვეთმა მიიღო სოფელ დ-ში შესრულებული სამუშაო, რომლის ვადაგადაცილების გამო 1 500 ლარი საკმარისი კომპენსაციაა, რაც შეეხება შეუსრულებელ ნაწილს, ვინაიდან კრედიტორს არ უდასტურდება ქონებრივი დანაკლისი და არც სხვა რაიმე ვალდებულება წარმოშობია, 7 000 ლარის დაკისრებით სამართლიანად კომპენსირდა მისი დარღვეული უფლებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემკვეთს არ დაუკარგავს უფლება, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას წაუყენოს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა მოვალეს.
1.3.6. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას, რომ სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა მენარდის ნებით პირგასამტეხლოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა. პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, პირგასამტეხლო გაიქვითა მენარდის მოთხოვნაში. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის თანახმად, ურთიერთმოთხოვნის გაქვითვა დასაშვებია, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, ამასთანავე, გაქვითვა ხდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნება ცალმხრივი გარიგებაა და ამავე კოდექსის 51.1 მუხლის შესაბამისად, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს მიუვა. იმ პირობებში, როდესაც დამდგარი იყო, როგორც ნარდობის საზღაურის გადახდის, ისე _ პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვადა, შემკვეთის მხრიდან მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნება არ შეიძლება, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას დაედოს საფუძვლად.
1.3.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, 22 419,28 ლარის ანაზღაურების ვალდებულება მენარდეს შემკვეთის მიმართ არ წარმოშობია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, ამასთანავე, ვინაიდან ხსენებული თანხა არასწორად გაიქვითა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ეს თანხა მენარდეს უნდა აუნაზღაურდეს გასამრჯელოს (ნარდობის საზღაურის) ანგარიშში.
1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), საკასაციო სასამართლო უარყოფს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რადგანაც მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაამტკიცა მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ამ ხარჯებთან დაკავშირებით რაიმე შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუყენებია, ამასთანავე, ვინაიდან კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სამართალწარმოებისათვის პროცესის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური