№ ას-1232-2018 13 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – რ. ქ-ე, გ. ქ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ხ. თ-ი, მ. ქ-ე, გ. ქ-ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება საგნის რეალიზაციის გზით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ხათუნა თუთისანმა, გ. და მ. ქ-ებმა (კანონიერი წარმომადგენელი - ხ. თ-ი) (შემდგომში „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში რ. და გ. ქ-ების (შემდგომში „მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) მიმართ და მოითხოვეს ქ. ქუთაისში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე (მისამართი: ბ. მე-... მ/რ., კორპ. #..., ბ. 67), ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე (მერსედეს ბენცი 190E“, სანომრე ნიშანი- B...11 1,8; ფერი - რუხი, 2/8; გამოშვების წელი - 1990, ს/ნ WDB2010181F..., სარეგისტრაციო მოწმობა - DV130..., გაცემის თარიღი - 0....06.201... წელი) (შემდგომში „სადავო ნივთები“) საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე მათი იძულებითი რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეთა შორის განაწილება კუთვნილი წილების შესაბამისად (მოსარჩელეებს 8/10 წილი, ხოლო მოპასუხეებს 1/10-1/10 წილი).
2. სარჩელის თანახმად, სადავო ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეთა და მოპასუხეთა თანასაკუთრებას. მოპასუხეებთან უთანხმოების გამო მოსარჩელეები იძულებული გახდნენ წამოსულიყვნენ სადავო ბინიდან და დღემდე ვერ სარგებლობენ კუთვნილი ქონებით. ასევე ვერ იყენებენ მოძრავ ქონებასაც. რადგან საზიარო უძრავ-მოძრავი ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია, მოსარჩელეები მოითხოვენ აღნიშნულ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებას იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
3. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ, მართალია, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს თანაზიარ საკუთრებას, თუმცა შესაძლებელია მისი ნატურით გაყოფა (შესაძლებელია მხარეებს გამოეყოთ თავიანთი ოთახები). მოპასუხეთა განცხადებით, ბინის გაყიდვის შემთხვევაში მიღებული თანხით ისინი ვერ შეძლებენ სხვა ბინის ყიდვას და დარჩებიან საცხოვრებლის გარეშე. მოპასუხეები ასევე არ ეთანხმებიან მოსარჩელეთა მოთხოვნას ავტომანქანაზე თანაზიარი საკუთრების გაუქმების შესახებ ნივთის იძულებითი რეალიზაციის გზით.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. ქ. ქუთაისში მდებარე უძრავი ქონება (ბ. მე-... მ/რ, კორპუსი №..., ბინა №67, ს/კ №03.01.02.016...) თანასაკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელეთა და მოპასუხეთა სახელზე. კერძოდ, ½ წილი ირიცხება ხათუნა თუთუსანის, ხოლო ½ წილი - ხ. თ-ის, გ. ქ-ის, რ. ქ-ის, მ. ქ-ისა და გ. ქ-ის სახელზე. ამდენად, 8/10 წილი წარმოადგენს მოსარჩელეების - ხ. თ-სა და მისი მცირეწლოვანი შვილების (მ. და გ. ქ-ების), ხოლო 1/10-1/10 წილი - მოპასუხეების საკუთრებას;
6.2. მოსარჩელე ხათუნა თუთისანის აწ გარდაცვლილი მეუღლის, თ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება მერსედეს ბენცი - 190E (სანომრე ნიშანი- B...11 1,8; ფერი - რუხი; გამოშვების წელი - 1990, საიდენტ.№WDB2010181F..., სარეგისტრაციო მოწმობა - DV130...7, გაცემის თარიღი - 0....06.201..- წელი);
6.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ნოტარიუს ე. გ-ის მიერ 2015 წლის 20 ივლისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და ქ. ქუთაისში, ბ. ქ. მე-.. მ/რ №17/...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კოდი 03.01.02.016....) ½ ნაწილის 1/5 წილზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა რ. ქ-ე, ხოლო ½ წილის 1/5 წილზე - გ. ქ-ე; აწ გარდაცვლილი თ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანის - მერსედეს ბენცი 190-E ½ ნაწილის 1/5 წილზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა რ. ქ-ე, ხოლო ½ ნაწილის 1/5 წილზე - გ. ქ-ე;
6.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 16 ივნისის №00348... დასკვნის თანახმად, ქ. ქუთაისში, ბ. ქ. მე-... მ/რ №17..-ში (მე-4 სადარბაზო, მე-2 სართული) მდებარე საცხოვრებელი ბინა შედგება სამი საცხოვრებელი ოთახისა (ფართით 36,17კვ.მ.) და დამხამარე სათავსოსაგან, საერთო ფართით 74,17 კვ.მ (სამზარეულო 7 კვ.მ, სანკვანძი - 4.12 კვ.მ, შემოსასვლელი 8.24 კვ.მ, სათავსო 6.5 კვ.მ და აივანი). აღნიშნული ბინის 8/10 წილი შეადგენს მთლიანი ფართიდან 59.34 კვ.მ-ს, ხოლო 2/10 წილი - 14.83 კვ.მ-ს. შესაბამისად, ბინის საერთო ფართიდან 8/10 ან 2/10 წილის გამოყოფა ისე, რომ მოისპოს საზიარო მფლობელობა, ტექნიკურად შეუძლებელია.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 961-ე, 963-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმები საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, ხოლო თუ საზიარო საგნის გაყოფით ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.
8. სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში საზიარო უფლების საგანს წარმოადგენს მრავალბინიან სახლში მდებარე იზოლირებული ბინა, რომელზეც საზიარო უფლების გაუქმება ნატურით შეუძლებელია საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის შესაბამისად. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით სადავო მოძრავ ნივთზეც (ავტომანქანაზე) ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია. ამდენად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა იმის თაობაზე, რომ საზიარო უფლების გაუქმება უნდა მოხდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ალტერნატიული გზით - ქონებათა აუქციონზე რეალიზაციის მეშვეობით, ხოლო საზიარო საგნების გაყიდვის შედეგად ამონაგები თანხა მხარეთა შორის უნდა განაწილდეს მათი წილების შესაბამისად.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
10. საკასაციო საჩივრის ავტორთა განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს კონსტიტუციას უპირატესი იურიდიული ძალა აქვს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებთან შედარებით, ხოლო კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაუშვებელია საკუთრების უფლების გაუქმება. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლშიც ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება მშვიდობიანად ისარგებლოს თავისი საკუთრებით და არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას საკუთრება გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული პირობებით. მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებით და საზიარო უფლების გაუქმებით სასამართლომ ხელყო მოპასუხეთა საკუთრების უფლება და მოხუცები დატოვა უსახლკაროდ, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი წილის შესაბამისად ქონების რეალიზაციიდან ამოგებული თანხით შეუძლებელია არათუ ბინის ყიდვა, არამედ დაქირავებაც.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
15. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორები სადავოდ ხდიან ქ. ქუთაისში, ბ. ქ. მე-... მ/რ №17/...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კოდი 03.01.02.016....) საზიარო უფლების გაუქმებას აუქციონის წესით რეალიზაციის გზით და მიიჩნევენ, რომ აღნიშნულით იზღუდება მათი კონსტიტუციური უფლება (საკუთრების უფლება). საჩივრის ავტორთა მითითებულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია, დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება (მოქმედი კანონმდებლობითაც საკუთრების ობიექტის განკარგვა, როგორც წესი, მესაკუთრის ნებით ხდება), თუმცა, საზიარო უფლების რეგულირების სფეროში აღნიშნული საკითხი სხვაგვარად წყდება. საზიარო საგნის განკარგვა შესაძლოა ერთ-ერთი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდაც დადგინდეს. საკუთრების უფლების ობიექტის ბედის ამგვარი გადაწვეტა ზოგადიდან საგამონაკლისო წესს წარმოადგენს და მას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც კატეგორიულად გამოირიცხება საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შედეგად თანამესაკუთრეთა ინტერესების დაცვის შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-990-951-2014, 24 მარტი, 2015 წელი).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილია სამოქალაქო კოდექსის 953-968-ე მუხლებით რეგულირებული კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელეთა და მოპასუხეთა საერთო საკუთრების უფლება, ხოლო მოსარჩელეები ითხოვენ საზიარო უფლების გაუქმებას ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მათი წილების შესაბამისად განაწილებას.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა“ (იხ. სუსგ საქმე №ას-39-39-2016, 1 მარტი, 2016 წელი; საქმე Nას-67-65-2014, 31 ივლისი, 2014 წელი; საქმე №ას-774-741-2014, 20 ივლისი, 2015 წელი; საქმე №ას-59-58-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).
19. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა შეზღუდული იყოს ან კანონით ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული. საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება (იხ. სუსგ საქმე №ას-1148-1194-2014, 19 მარტი, 2015 წელი). ამასთან, მესაკუთრის უფლების - ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება - რეალიზების საშუალება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში, რომლის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.
20. განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონება მრავალბინიან სახლში მდებარე იზოლირებული ბინაა. საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 16 ივნისის საექსპერტო დასკვნის შესაბამისად დადგენილია, რომ აღნიშნული ქონების გამიჯვნა მესაკუთრეთა წილების შესაბამისად შეუძლებელია (იხ. ს.ფ 16-20), რაც გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად საზიარო საგნის გაყოფას.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებმა საქმეში წარდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ვერც საკუთარი ახსნა-განმარტებით, ვერ გააქარწყლეს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 961-ე, 964-ე მუხლები). დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად კი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მოპასუხეთა მითითება მასზე, რომ ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხით ისინი ვერ შეძლებენ ბინის ყიდვას.
22. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოხსენებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია სადავო ქონების ნატურით გაყოფის შეუძლებლობა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გააუქმეს საზიარო უფლება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილებით.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-96-2019, 8 მაისი, 2019 წელი; საქმე №ას-1389-1309-2017, 30 აპრილი, 2018 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ. და გ. ქ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე