ბს-324-308(კს-06) 25 ივლისი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – საქართველოს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ქობულეთის ფილიალი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ბ.-ი
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2004 წლის 2 დეკემბრის განჩინება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2003 წლის 15 სექტემბერს გ. ბ.-მა სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ქობულეთის ფილიალის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მასზე გავრცელება და მისთვის უკვე დანიშნულ პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა, მოხუცებულობისათვის დაწესებული მინიმალური პენსიის ორმაგი ოდენობით დანამატთან ერთად, 42 ლარის ოდენობით, ასევე მიუღებელი საპენსიო დანამატის _ 504 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 2).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაწყდა მოსარჩელისათვის ომის მონაწილის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო პენსიის _ 42 ლარის დანიშვნა, ასევე 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება 504 ლარის ოდენობით (ს.ფ. 10-11).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ს.ფ. 13).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ქობულეთის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით დატოვებულ იქნა განუხილველად (ს.ფ. 15-18).
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ქობულეთის ფილიალმა და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, შემდეგი მოტივით:
სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი წლის შემდეგ 2004 წლის 17 სექტემბერს, რაც დასტურდება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქობულეთის რაიონული ფილიალის კორესპონდენციათა აღრიცხვის წიგნით, ამასთან რაიონული სასამართლოს მიერ დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13-ე მუხლის I და II პუნქტების მოთხოვნები (ს.ფ. 25-26).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 მაისის განჩინებით სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ქობულეთის ფილიალის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში (ს.ფ. 29-31).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება და კერძო საჩივარი დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.ს.ფ. 39-43)
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 მაისის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ.-ის სარჩელი ორი სახეობის პენსიის დანიშვნისა და საპენსიო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; ქობულეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფილიალმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2004 წლის 12 ნოემბერს.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12-ე მუხლები და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით არასწორად იქნა განმარტებული აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს ადგილმდებარეობა და გასაჩივრების წესი, მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანიდან სააპელაციო საჩივრის შეტანამდე გასული იყო რა ერთი წელი და ორი თვე, ამდენადაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნით აპელანტის მიერ გაშვებული იყო სასამართლოში სარჩელის წარდგენის ერთწლიანი ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის დაუშველად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მითითება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის I და II ნაწილების დარღვევის თაობაზე, რომ მას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2004 წლის 17 სექტემბერს (იხ.ს.ფ. 53-55).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2004 წლის 2 დეკემბრის და 2006 წლის 4 მაისის განჩინებები და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმის მასალები, დარღვეულია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლები მოთხოვნები, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გასაჩივრებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ.-ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქობულეთის ფილიალის მიმართ, ორი სახეობის პენსიის დანიშვნისა და საპენსიო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა. ქობულეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფილიალმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა 2004 წლის 12 ნოემბერს.
საქმის მასალების თანახმად /იხ.ს.ფ. 27/, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქობულეთის რაიონულ ფილიალს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2004 წლის 17 სექტემბერს, რაც დასტურდება ქობულეთის სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალის ქსეროასლით, სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი საქმის მასალებში არ მოიპოვება. სააპელაციო საჩივარი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ იქნა 2004 წლის 15 ნოემბერს, გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 წლისა და ორის თვის შემდეგ /იხ.ს.ფ. 13, სააპელაციო საჩივარი/.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხისათვის, საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ 2004 წლის 17 სექტემბრამდე ცნობილი არ იყო, ვინაიდან რაიონული სასამართლოს მიერ ამ უკანასკნელისათვის გადაწყვეტილების გაგზავნის ან ჩაბარების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე /კოდექსის 2005 წლის რედაქცია/ მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 1 თვე და ამ ვადის დინება იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქობულეთის ფილიალს გადაწყვეტილება რაიონული სასამართლოს მიერ საერთოდ არ გაეგზავნა, ამ უკანასკნელისათვის ჩაბარება მხოლოდ 2004 წლის 17 სექტემბერს განხორციელდა, როცა მოპასუხისთვის ცნობილი გახდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსისა და გასაჩივრების უფლების შესახებ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მხარეს გასაჩივრების უფლების თაობაზე განემარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1. მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ მხარეებს არ განემარტათ ორგანოს ადგილმდებარეობა, სადაც შეიძლება გასაჩივრება (აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადგილმდებარეობა, იხ.ს.ფ. 11).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლო აქტი, მიუხედავად იმისა ჩაბარდა თუ არა იგი მხარეს, მისი გამოტანიდან ერთი წლის შემდეგ შედის კანონიერ ძალაში და მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება აღარ დაიშვება, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ნორმა უფრო კონკრეტულია, ვიდრე ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია განმარტებული და ადგენს გამონაკლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე და 258-ე მუხლებით დადგენილი წესის შეუსრულებლობისათვის, კერძოდ, მითითებული ნორმებით დადგენილია გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს ვალდებულება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გასაჩივრების წესისა და ვადის შესახებ განმარტების თაობაზე, ასევე, ასეთი განმარტების სავალდებულოობა სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნებისას, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლი განსაზღვრავს პროცესუალურ შედეგს სასამართლოს მიერ ასეთი ვალდებულების დარღვევისათვის და ადგენს, რომ ამგვარ შემთხვევაში (როცა სასამართლოს მიერ განმარტებული არ იქნება გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ვადა, იმ ორგანოს ადგილმდებარეობა, სადაც უნდა გასაჩივრდეს მითითებული გადაწყვეტილება და ა. შ.) გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქობულეთის ფილიალის მიერ დარღვეულია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის დინება სწორედ მისი მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან, ანუ 2004 წლის 17 სექტემბრიდან, დაიწყო, რის გამოც მის მიერ გადაწყვეტილების 2005 წლის 20 სექტემბერს სააპალაციო წესით გასაჩივრების პირობებში კანონით დადგენილი ერთწლიანი ვადა (გასაჩივრების უფლების არასრულად განმარტების პირობებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12-ე მუხლის თანახმად) დაცული იქნა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიას 12,1, მუხლით განსაზღვრული თუნდაც ერთ-ერთი პირობის დაუცველობა განაპირობებს სასამართლო აქტის გასაჩივრების უფლების ერთი წლის განმავლობაში რეალიზაციის შესაძლებლობას, რაც გულისხმობს, რომ მხარეს მითითებული საპროცესო მოქმედების (გასაჩივრების უფლების) შესრულება შეუძლია არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან, არამედ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1. მუხლით გათვალისწინებულ ერთწლიან ვადაში, რომლის ათვლის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის თარიღი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პირობა _ გასაჩივრების ვადის ერთ წლამდე განვრცობის თაობაზე, რამდენადაც მხარეს არამხოლოდ არ განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სრულყოფილად, ასევე საერთოდ არ ეცნობა ასეთი გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა სხვა საპროცესო სამართლურთიერთობა, რომელიც მხარისათვის გადაწყვეტილების უფლების არასწორად განმარტებას უკავშირდება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლით გათვალისწინებული პირობა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის გაგრძელების დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტის დადგენით, კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება კი არ ხდება, არამედ ამ ვადის ათვლის კონკრეტული თარიღი განისაზღვრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად უთხრა უარი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქობულეთის ფილიალს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, როცა მიიჩნია, რომ გასული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთწლიანი ვადა და ამ მოტივით დატოვა იგი განუხილველად, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქობულეთის ფილიალის კერძო საჩივარი დასაბუთებულია და ის უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 412-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქობულეთის ფილიალის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2004 წლის 2 დეკემბრის და 2006 წლის 4 მაისის განჩინებები და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.