Facebook Twitter

საქმე №ა-2180-შ-56-2019 16 სექტემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „ს.“

მოწინააღმდეგე მხარეები – ე. ბ-ი, მ. ა-ი, ნ. ნ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის დადგენილება

დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის დადგენილებით ღსს „ს.“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ღსს „ს.“ და მ. ა-ს შორის ხელმოწერილი 2018 წლის 22 მაისის საკონსულტაციო ხელშეკრულება და ღსს „ს.“ და ნ. ნ-ს შორის ხელმოწერილი 2018 წლის 14 ივნისის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება.

2. ღსს „ს.“ სახელით საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ბ-მა და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება „ს.“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში: ა) წარმოედგინა ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის დადგენილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი დამოწმებული ქართული თარგმანი; ბ) წარმოედგინა დაზუსტებული მოთხოვნა; გ) მიეთითებინა, რა იურიდიული ინტერესი გააჩნდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები; დ) წარმოედგინა განახლებული ამონაწერი კომერციული ორგანიზაციის სახელმწიფო რეესტრიდან (დედნის სახით) და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი, რომლითაც დადასტურდებოდა ბ. ჰ-ის, როგორც კომპანიის დირექტორის, უფლებამოსილება; ე) წარმოედგინა წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის დედანი და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი; ვ) წარმოედგინა იმის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, რომ წარმომადგენელი არის ღსს „ს.“ თანამშრომელი შუამდგომლობის წარმოდგენის ეტაპზე.

4. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს ჩაბარდა 2019 წლის 29 ივლისს. თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 19 აგვისტოს დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ღია სააქციო საზოგადოება „ს.“ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

8. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინების ასლი ჩაბარდა 2019 წლის 29 ივლისს, ხოლო ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის დენა დაიწყო მომდევნო დღეს - 2019 წლის 30 ივლისს [სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი] და ამოიწურა 2019 წლის 19 აგვისტოს (ორშაბათი), ვინაიდან 20-დღიანი ვადის უკანასკნელი დღე, 2019 წლის 18 აგვისტო, იყო კვირა [სსსკ-ის 61.2 მუხლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე]. ამასთან, მას განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა. თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 19 აგვისტოს დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ღია სააქციო საზოგადოება „ს.“ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ღია სააქციო საზოგადოება „ს.“ შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური