საქმე #ა-4111-შ-112-2019 16 სექტემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე რ. კ-ის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი შ. ფ-ოს მიმართ, მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით რ. კ-ესა და შ. ფ-ოს შორის კობენჰავნსის მმაჩის დაწესებულებაში რეგისტრირებული #3.. ქორწინება შეწყდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რ. კ-ემ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
საქმის მასალებით არ დგინდება ის გარემოება, შესულია თუ არა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში, მაშინ, როდესაც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისათვის სავალდებულოა, რომ იგი შესული იყოს კანონიერ ძალაში. კანონის იმპერატიულ მოთხოვნას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისათვის წარდგენილი უნდა იყოს უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ვერ შეცვლის ამ საკითხის თაობაზე მხოლოდ მხარის წერილობითი მითითება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, რ. კ-ეს უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. კ-ეს უარი ეთქვას მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს რ. კ-ეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას იმავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ.ალავიძე