Facebook Twitter

საქმე #ა-4079-შ-108-2019 16 სექტემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ვ.“ შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი შპს „ს.“ მიმართ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ს.“ შპს „ვ.“ სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლის გადაუხდელი ღირებულების _ 18 444,61 აშშ დოლარის, 279,82 აშშ დოლარის წლიური 3%-ისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის _ 2 323,46 აშშ დოლარი, სულ _ 21 047 აშშ დოლარის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „ვ.“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილია შემდეგი დოკუმენტები:

ა) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და მისი ქართულენოვანი თარგმანი შესაბამისი დამოწმებით;

ბ) საარბირტაჟო შეთანხებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის დამოწმებული ასლები;

გ) მოპასუხისაათვის კორესპონდენციის გაგზავნის საფოსტო შეტყობინება;

დ) მოპასუხის წერილი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობასთან დაკავშირებით;

ე) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი შპს „ს.“ თაობაზე;

ვ) სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოდგენილი შუამდგომლობა პასუხობს „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის კონვენციის მე-4 მუხლსა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, თუმცა, საკასაციო პალატა ყურადღებას დამატებით საპროცესო-სამართლებრივ მოთხოვნებზე გაამახვილებს:

„უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ვინაიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, სავალდებულოა, დადგინდეს სასამართლოსათვის მიმართვის საპროცესო წესების დაცულობის საკითხი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელს (შუამდგომლობას) უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (შუამდგომლობა) სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.

განსახილველი შუამდგომლობა ხელმოწერილია დენის კოშევოის მიერ, თუმცა, შუამდგომლობას არ ერთვის მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე-98-ე მუხლებით განთვალისწინებული მტკიცებულება. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ხელშეკრულებაზე, რომლის დარღვევაც წინამდებარე საარბირტაჟო გადაწყვეტილების საფუძველია, იგივე პირი აწერს ხელს, როგორც კომპანიის დირექტორი, თუმცა, საქმეში არ მიპოვება პირდაპირი მტკიცებულება (მაგ: სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი), რაც, ერთი მხრივ, პირის კვლავ დირექტორად ყოფნის ფაქტს, და მეორე მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178.2 მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, შპს „ვუტმარკ-უკრაინას“ უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ვ.“ უარი ეთქვას შპს „ს.“ მიმართ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შპს „ვ.“ (ს/კ #00038114....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ანგარიში/სახაზინო კოდი: 1010010...) დაუბრუნდეს ი. ნ-ის მიერ 2...07.20..წ. #3 საგადახდო დავალებით შუამდგომლობის ავტორის (W. ) სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

3. შუამდგომლობის ავტორს ასევე დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

4. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში, ის არ კარგავს უფლებას იმავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ.ალავიძე