საქმე #ა-3942-შ-106-2019 16 სექტემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. გ-ის (საკუთარი და არასწრულწლოვანი ე. გ-ის კანონიერი წარმომადგენლის სახელით წარმოდგენილი) შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის, ვოლგოდონსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის, ვოლგოდონსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ. ასული გ-ის (მოქმედი საკუთარი და არასრუწლოვანი შვილის _ ე. რ. ასული გ-ის სახელით) განცხადება დაკმაყოფილდა და ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს სსრ-ის ქ.თბილისის ისნის რაიონის, სამგორის რაიონისა და ქ.თბილისის მმააჩის ბიუროების მიერ სხვადასხვა დროს შედგენილ სააქტო ჩანაწერებში.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. გ-მა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, ასევე, სადავო სააქტო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებათა ცნობასა და მათი აღსრულების ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში – იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანაზე უფლებამოსილ ორგანოს, კერძოდ, კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამავე კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა.
ამდენად, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციისა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნატალია გრიგორიანის მოთხოვნა ექვემდებარება არა სასამართლოს არამედ, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ განხილვას, რის გამოც, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამგვარი დასკვნა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკასთან (სუსგ-ებები: 2009 წლის 6 ივლისი, №ა-842-შ-34-09; 2013 წლის 15 ივლისი, №ა-1430-შ-31-2013).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ს უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის, ვოლგოდონსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს ნ. გ-ს, რომ სააქტო ჩანაწერებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მას შეუძლია მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ.ალავიძე