№ ას-214-214-2018 23 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. ძ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ყ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2011 წლის 17 იანვარს დ. ძ-სა (შემდგომში „მოსარჩელე“, „გამყიდველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და ვ. ყ-ს (შემდგომში „მოპასუხე“ ან „მყიდველი“) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში „სადავო ხელშეკრულება“) ქ. თბილისში, ... მე-2 ჩიხში მდებარე #... ბინაზე (საკადასტრო კოდი 01.10.12...), რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ გამოხატა უძრავი ქონების მოპასუხისათვის მიყიდვის ნება, ხოლო ნასყიდობის ფასად განისაზღვრა 36 000 აშშ დოლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის გამო მასსა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 17 იანვარს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ნასყიდობის თანხის გადახდის შესახებ შესრულებულია გაქვითვის ფორმით. კერძოდ, მოსარჩელის ვალდებულება, გადაეხადა მოპასუხისთვის კუთვნილი თანხა 36 075 აშშ დოლარი (სესხი), გაიქვითა მოპასუხის ვალდებულებაში გადაეხადა ნასყიდობის ფასი მოსარჩელისათვის, ჯამში მოპასუხის მიერ უძრავი ქონება შეძენილი იქნა 63 000 აშშ დოლარად (36000 აშშ დოლარი+27000 აშშ დოლარი). გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე მოპასუხე წარმოადგენდა მოსარჩელის ერთ-ერთ კრედიტორს 2010 წლის 8 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში და მის მიმართ მოსარჩელეს ერიცხებოდა დავალიანება 36075 აშშ დოლარის ოდენობით.
3. გამყიდველმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მყიდველის მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების ნასყიდობის 2011 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის - 36 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია მისთვის ნასყიდობის საფასური.
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას გამყიდველის მიმართ ვალდებულება შესრულებული აქვს. სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა ასევე დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (რომელიც მიღებულია სხვა სამოქალაქო საქმეზე იმავე მხარეთა მონაწილეობით) დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს წინამდებარე დავასთან მიმართებით პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, ისინი აღარ საჭიროებენ დადგენას.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 266-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საფასურის მყიდველის მიერ გადახდის ფაქტი, ამ გარემოებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება წინამდებარე დავაში და მხარეს აღარ შეუძლია სადავო გახადოს იგი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
10. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს სრულად აქვს შესრულებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მტკიცების ტვირთია წარადგინოს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მან ვერ გასწია.
11. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს მის მიერ საჩივარზე დართულ მტკიცებულებებზეც (მის მიერ საქართველოს გენერალური პროკურორის სახელზე წარდგენილ განცხადებაზე, თანხის გადახდის გრაფიკზე) და აღნიშნავს, რომ მოცემული დოკუმენტებით დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რაც მის მიერ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
18. კასატორი სადავოდ ხდის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის თანხის მოპასუხის მიერ მისთვის გადახდის ფაქტს და აცხადებს, რომ არ არსებობს ამ გარემოების დადგენილად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან მყიდველს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოება - მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება (მოსარჩელისათვის ნასყიდობის საფასურის გადახდა) დაადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. კერძოდ, აღნიშნულ დავაში, სადაც მოსარჩელეს წარმოადგენდა დ. ძ-ი, ხოლო მოპასუხეს ვ. ყ-ი, დავის საგანი კი მხარეთა შორის 2011 წლის 17 იანვარს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იყო, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ნასყიდობის თანხის გადახდის შესახებ შესრულებული იყო გაქვითვის ფორმით (იხ. ტ. 1. ს.ფ 49-55). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ პრეიუდიციული მნიშვნელობა მიანიჭა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტს, რის გამოც გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა წინამდებარე სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე.
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრეიუდიციული ფაქტების მნიშვნელობის შესახებ უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით განმარტებულია შემდეგი: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1106-1063-2016; Nას-895-845-2015; Nას-58-56-2016, Nას-1199-1159-2016; Nას-824-790-2016; Nას-827-791-2014; Nას-592-560-2015).
21. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისთვის მატერიალური თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტები მართებულად დაადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, მთლიანობაში „5“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 107-111).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ. ძ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. კასატორ დ. ძ-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მთლიანობაში „5“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 107-111);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე