საქმე №ას-53-2019 11 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „მ.“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 28 ივნისის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხე, გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591, მე-60, 61-ე და 374-ე მუხლებით და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 29 ივლისიდან და ამოიწურა 2018 წლის 11 აგვისტოს, რომელიც იყო შაბათი დღე. შესაბამისად, მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრება მომდევნო პირველი სამუშაო დღის, 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით შეეძლო. თუმცა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა დაგვიანებით, 2018 წლის 14 ნოემბერს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას და გაიგო რომ გადაწყვეტილება მზად იქნებოდა 20-30 დღემდე. თუმცა რომელ რიცხვში იქნებოდა იგი მზად არავის დაუკონკრეტებია. ამიტომაც მოითხოვა მან გადაწყვეტილება ნოემბრის თვეში. მართალია, სასამართლო აკეთებს განმარტებას, მაგრამ არავის უკითხავს მოპასუხისათვის გასაგები იყო თუ არა განმარტება გასაჩივრების წესის შესახებ. მოპასუხისათვის აღნიშნული საკითხი ისე რომ განემარტათ, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია ჩამოყალიბებული, იგი უფრო ადრე წარადგენდა სააპელაციო საჩივარს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
14. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების (უწყების) ჩაბარების მსგავსად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად, კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება საპროცესო მოქმედების შესრულების ზუსტ კალენდარულ თარიღს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ათვლის საპროცესო წესი მოცემულია ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი იმპერატიულია და, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
18. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
19. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხე (იხ. ტ.1. ს.ფ. 63-66), თუმცა მას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 (2018 წლის 18 ივლისი) და არაუგვიანეს 30-ე დღისა (2018 წლის 28 ივლისი) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. მოპასუხემ ასეთი განცხადებით სასამართლოს მიმართა 2018 წლის 13 ნოემბერს (იხ. ტ.1. ს.ფ. 77), ანუ სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ, 2018 წლის 29 ივლისს და ამოიწურა 2018 წლის 11 აგვისტოს, რომელიც იყო უქმე დღე (შაბათი), შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივრის წარდგენა შეეძლო 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. თუმცა მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2018 წლის 14 ნოემბერს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 78-86), გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა.
20. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მისთვის გაუგებარი იყო განმარტება გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის შესახებ, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დამდგარ შედეგს ეჭვქვეშ დააყენებდა.
21. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუკი განმარტების მიუხედავად, მოპასუხისათვის კვლავ გაუგებარი იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, მას შეეძლო აღნიშნულის შესახებ განეცხადებინა სასამართლოსთვის, კითხვით მიემართა მოსამართლის თანაშემწისათვის ან ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია ვერ აქარწყლებს კანონის ცოდნის პრეზუმფციას და, შესაბამისად, გავლენას ვერ მოახდენს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დამდგარ შედეგზე.
23. ამრიგად, ვინაიდან აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის მიმართვის ვალდებულება არ განუხორციელებია და სააპელაციო საჩივარი წარადგინა საპროცესო ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით და მართებულად დატოვა იგი განუხილველად დაუშვებლობის გამო.
24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე არის დაუსაბუთებელი. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე