№ ას-58-58-2018 30 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ. ნ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. კ-ე (შემდგომში „დასაქმებული“, „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) 2015 წლის 2 აპრილიდან მუშაობდა შპს „ბ. ნ.“ (შემდგომში „დამსაქმებელი“, „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „აპელანტი“) ტვირთების მოზიდვის კოორდინატორად.
2. 2015 წლის 8 ივნისს დამსაქმებელმა დასაქმებულთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) საფუძველზე.
3. 2015 წლის 7 ივლისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წერილობითი დასაბუთება მოითხოვა.
4. 2015 წლის 15 ივლისს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა საწარმოს ორგანიზაციული ცვლილების გამო, რასაც შედეგად მოსარჩელის საშტატო ერთეულის გაუქმება მოჰყვა.
5. 2015 წლის 15 ივლისის შეტყობინება მოსარჩელეს ჩაბარდა 2015 წლის 20 ივლისს.
6. 2015 წლის 21 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
7. მოსარჩელის განცხადებით, არ არსებობდა მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან რეორგანიზაციის შედეგად მოპასუხე კომპანიაში არც შტატები შემცირებულა და არც სტრუქტურული ცვლილებები განხორციელებულა. პირიქით, კომპანიაში დასაქმდნენ ახალი მუშაკები, გაიზარდა სახელფასო ფონდიც, დაემატა გენერალური დირექტორის მრჩევლის პოზიციაც, რომელიც იმავე ფუნქციას ასრულებდა, რასაც მოსარჩელე. ამდენად, არ არსებობდა მისი სამუშაოდან გათავისუფლების კანონისმიერი საფუძველი.
8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა (რომელიც უნდა აითვალოს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი დასაბუთების მისთვის ჩაბარების მომდევნო დღიდან), რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ კომპანიაში ჩატარდა რამდენიმე რეორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ხარჯების დაზოგვას, ორგანიზაციის სტრუქტურულ გადახალისებასა და მუშაობის ეფექტურობის ამაღლებას. სწორედ ამ მიზნით შეწყდა მოსარჩელესთან შრომითი კონტრაქტი, ვინაიდან დადასტურდა 2015 წლის 2 აპრილიდან ივნისის თვის დასაწყისამდე (2 თვის პერიოდში) მისი საქმიანობის არაეფექტურობა - მოსარჩელის მონაწილეობით ამ პერიოდში არ დადებულა არცერთი ხელშეკრულება, მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხადდებოდა სამსახურში, ამას დაერთო ორგანიზაციის ფინანსური პრობლემებიც - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრდა ტვირთბრუნვა და შემოსავალი, რის გამოც კომპანია იძულებული გახდა მოეხდინა სტრუქტურული რეორგანიზაცია და შტატების გადახალისება, თანხების დაზოგვისა და მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები. ამავე დროს დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად შტატები არ შემცირებულა, უფრო მეტიც, საწარმოში იმავე რაოდენობის თანამშრომელი დარჩა, რაც რეორგანიზაციამდე იყო. რეორგანიზაციის შედეგად, კომპანიის ხარჯები არათუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაასკვნა, რომ წარდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით და აღნიშნა, რომ ვინაიდან ხელშეკრულების მოშლის თაობაზე დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთება მოსარჩელეს ჩაბარდა 2015 წლის 20 ივლისს, მას უფლება ჰქონდა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სადავოდ გაეხადა 20 ივლისიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ე.ი 2015 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით. რადგან სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 21 სექტემბერს, არსებობდა ხანდაზმულობის მოტივით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
13. სასამართლომ არ მიიჩნია მართებულად სასამართლოს მიერ იმ ფაქტის დადგენა, რომ სარჩელი თავდაპირველად სასამართლოში წარდგენილი იყო 2015 წლის 13 აგვისტოს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე, 138-ე, 219-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა, ასევე, მისი დენის შეწყვეტა ფაქტობრივი გარემოებებია და მხარემ საქმის განხილვის სათანადო ეტაპზე უნდა მიუთითოს მათზე. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე თავის შესაგებელში აპელირებდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ფაქტზე საქმის მომზადების არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია. ამავე დროს, ვინაიდან საქმეში არ არის სარჩელი, რომელიც მოსარჩელისთვის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ფაქტს ადასტურებს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შეუძლებელი იყო ამ ფაქტის დადგენა.
14. სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მოეპოვებინა და გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად გამოეყენებინა მტკიცებულება, რომელიც მხარეებს არ წარუდგენიათ და რომლის გაცნობისა და გამოკვლევის საშუალება მათ არ ჰქონიათ.
15. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყვეტილა, ხოლო მოპასუხემ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე, არ არსებობდა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
17. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულად. მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2015 წლის 13 აგვისტოს, ხოლო მას შემდეგ, რაც 2015 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სასამართლომ უარი უთხრა მის მიღებაზე, იმავე წლის 21 სექტემბერს მოსარჩელემ განმეორებით წარადგინა სარჩელი წარმოებაში უარის თქმის საფუძვლების გათვალისწინებით.
18. კასატორის აზრით, ხანდაზმულობის, როგორც ფაქტის მტკიცების ტვირთი უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს და სწორედ მას ჰქონდა სრული უფლება და შესაძლებლობა მოეპოვებინა მტკიცებულება, რომლითაც უდავოდ დადასტურდებოდა, რომ სარჩელი წარდგენილი არ იყო კანონით დადგენილ ვადაში. ვინაიდან მოპასუხემ მსგავსი სახის მტკიცებულება ვერ წარადგინა, ხოლო მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ სარჩელის დადგენილ ვადაში აღძვრის თაობაზე, სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და არ მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად. სააპელაციო პალატამ კი მოცემული გარემოების მტკიცების ტვირთი არასწორად დააკისრა მოსარჩელეს.
19. კასატორმა საკასაციო საჩივარს დაურთო მის მიერ სარჩელის თავდაპირველად, 2015 წლის 13 აგვისტოს სასამართლოში შეტანის დამადასტურებელ მტკიცებულებები და მათზე დაყრდნობით მიუთითა, რომ არ არსებობდა მისი მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობის საფუძველი.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
24. კასატორის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი).
26. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ გარანტიად. გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის მოქალაქეები – თ. ჯ-ი, ნ. ჯ-ი და ი. ჯ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 21).
27. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე“ (იხ. სუსგ საქმე №ას-934-899-2016, 14 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-68-68-2018, 3 აპრილი, 2018 წელი)
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით დავებზე ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6, მე-7 პუნქტები: დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ) განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები (იხ. სუსგ საქმე №ას-747-715-2016, 20 იანვარი, 2017 წელი).
29. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის შესახებ შრომის კოდექსის 38.6 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის 30-დღიანი ვადის ათვლა მოსარჩელისათვის დაიწყო მისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის მიერ გაგზავნილი წერილობითი დასაბუთების გაცნობის მომდევნო დღიდან, 2015 წლის 21 ივლისიდან და ამოიწურა იმავე წლის 21 აგვისტოს, ხოლო წინამდებარე სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 21 სექტემბერს (წერილობითი დასაბუთების გაცნობიდან თითქმის ორი თვის შემდეგ). თუმცა კასატორი მის მიერ სარჩელის ხანდაზმულობის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის ფაქტზე აპელირებს და განმარტავს, რომ ანალოგიური მოთხოვნით მან სასამართლოს მიმართა 2015 წლის 21 სექტემბრამდე, იმავე წლის 13 აგვისტოს. მისივე მოსაზრებით, ხანდაზმულობის, როგორც ფაქტის მტკიცების ტვირთი უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს და სწორედ მას ევალებოდა მოეპოვებინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სარჩელის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ფაქტი. ამდენად, კასატორი სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ფაქტის მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის არასწორ განაწილებაზე მიუთითებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ზემოაღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხის ნაცვლად არასწორად დააკისრა მოსარჩელეს.
30. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითება მოპასუხის ვალდებულებაა, ვინაიდან, ზოგადად, ხანდაზმულობა სამართალში ფაქტის საკითხია, და სწორედ მოპასუხეს ევალება მიუთითოს ამ გარემოებაზე მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელ შესაგებელში. თუმცა კანონმდებელი მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტზე მითითებას და არა ამ ფაქტის დამტკიცებას ავალდებულებს, ხოლო როდესაც მოპასუხე სარჩელს უარყოფს აღნიშნული საფუძვლით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეს გადადის და მას ევალება ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი. (იხ. სუსგ №ას-1504-1424-2017, 2018 წლის 9 თებერვალი).
31. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი მოსარჩელემ წარადგინა შრომის კოდექსის 38.6 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის 30-დღიანი ვადის დარღვევით - წერილობითი დასაბუთების გაცნობიდან 2 თვის შემდეგ და აღნიშნულ ფაქტზე მოპასუხე მის მიერ წარდგენილ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელში უთითებს (იხ. მოპასუხის შესაგებელი, ტ. 1. ს.ფ. 41-57), სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტის - სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დარღვევით სასამართლოში წარდგენის - გაქარწყლების მტკიცების ტვირთი, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია. მოსარჩელე არცერთხელ შედავებია მოპასუხის ზემოაღნიშნულ არგუმენტს სასამართლოში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე განხილვისას (იხ. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრისა და 2016 წლის 29 თებერვლის მოსამზადებელი სხდომების ოქმები). ამასთან, დადგენილია, რომ, მართალია, საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის პრეტენზიას მოსარჩელემ დაუპირისპირა საკუთარი არგუმენტი სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარდგენაზე (და განმარტა, რომ თავდაპირველი სარჩელი 2015 წლის სექტემბრამდე, იმავე წლის აგვისტოში შეიტანა), თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. მას არც ამ გარემოების მთავარ სხდომამდე მიუთითებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის (სსსკ 206-ე მუხლი). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განმტკიცებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ მე-4 მუხლი), სასამართლოს არ ჰქონდა უფლება საკუთარი ინიციატივით გამოეკვლია მოსარჩელის მიერ მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოება.
32. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებების (რომლებითაც დგინდება მის მიერ თავდაპირველი სარჩელის 2015 წლის 13 აგვისტოს წარდგენის ფაქტი) შესაბამისად, არ არსებობდა მის მიერ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობის საფუძველი. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მხარეები ვალდებული არიან, საქმის მომზადების მიზნით შეასრულონ მოსამართლის მითითებები. არასაპატიო მიზეზით წერილობითი მასალების წარუდგენლობა ან სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ართმევს მხარეს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს.
33. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დგინდება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხის არგუმენტზე მოსარჩელის კვალიფიციური, სსსკ 206-ე მუხლით დადგენილი წესით (საქმის მოსამზადებელ ეტაპზე) შედავების ფაქტი, ამ უფლების განუხორციელებლობა ართმევს მხარეს შესაძლებლობას შეასრულოს ასეთი მოქმედება სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე - საქმის არსებითად განხილვის დროს (მით უფრო, საკასაციო სამართალწარმოებისას).
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
35. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ), კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები (ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის 2018 წლის 16 და 17 იანვრის მიმართვები; მიხეილ კოპაძის სარჩელის ასლი; განჩინების გზავნილი; ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 აგვისტოს განჩინების ასლი).
36. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუსგ საქმე №ას-167-157-2017 , 2 ივნისი, 2017 წელი; საქმე №ას-747-715-2016, 20 იანვარი, 2017 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს მ. კ-ეს (პ/ნ: 010090...) დაუბრუნდეს ვ. ც-ის (პ/ნ: 0101..) მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორ მ. კ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის 2018 წლის 16 და 17 იანვრის მიმართვები; მ. კ-ის სარჩელის ასლი; განჩინების გზავნილი; ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 აგვისტოს განჩინების ასლი), მთლიანობაში „06“ ფურცლად (ტომი 3, ს.ფ. 118-123);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე