Facebook Twitter

საქმე №ას-1191-1111-2017 17 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ჯ. ტ-ი, დ. ტ-ი, ნოტარიუსი - ც. დ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 1998 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა ე. მ-ი (შემდგომში − „მამკვიდრებელი“).

2. მამკვიდრებელს პირველი რიგის მემკვიდრე არ დარჩენია. ხოლო მეორე რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: და − აწ გარდაცვლილი მ. მ-ი, გარდაცვლილი ძმის − ჟ. მ-ის შვილები − ო., მ. და ა. მუშკიაშვილები და გარდაცვლილის დის − რ. ტ-ის შვილი − დ. ტ-ი (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) და მეორე შვილის, 1.. წელს გარდაცვლილი ი. ტ-ის შვილი − ჯ. ტ-ი (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“).

3. გ. მ-ი (შემდგომში − „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) არის მამკვიდრებლის ძმის − ჟ. მ-ის შვილიშვილი (მ. მ-ის შვილი), ხოლო მეორე და პირველი მოპასუხეები, შესაბამისად, მამკვიდრებლის დის − რ. ტ-ის − შვილი და შვილიშვილი.

4. 2009 წლის 11 მარტს ნოტარიუსმა ც. დ-ემ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე − ქარელის რაიონის სოფელ ... მდებარე სახლსა და მიწის ნაკვეთზე, გასცა სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის ძმისშვილების − მ. მ-ისა და ო. მ-ის, ასევე ძმის შვილიშვილის − მ. ო-ის სასარგებლოდ.

5. 2014 წლის 30 მაისს ნოტარიუსმა ც. დ-ემ მის მიერ 2009 წლის 11 მარტს გაცემულ №2-... სამკვიდრო მოწმობაში შეიტანა ცვლილება და მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 3/4 ნაწილის კანონისმიერ მემკვიდრედ ცნო მამკვიდრებლის დისშვილი − ქ. მ-ი.

6. 2011 წლის 5 ივლისს ნოტარიუსმა მ. ქ-ამ მ. მ-ის სამკვიდრო ქონებაზე − ქარელის რაიონის სოფელ ... მდებარე სახლისა და მიწის ნაკვეთის კუთვნილ წილზე, გასცა სამკვიდრო მოწმობა შვილის − მოსარჩელის სასარგებლოდ.

7. მამკვიდრებლის საკუთრებაში გარდაცვალების დროისათვის ირიცხებოდა ქ. თბილისში, ა. ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4 ნაწილი, რომლის 1/2 ნაწილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე აღირიცხა ქ. მ-ის საკუთრებად. დანარჩენი 1/2 ნაწილი კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე − მ. ო-სა და მოსარჩელის საკუთრებად. მ. ო-მა და მოსარჩელემ აღნიშნული წილი გაასხვისეს და ამჟამად იგი ირიცხება ხ. პ-ის საკუთრებაში.

8. 2014 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუსმა ც. დ-ემ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებიდან − უძრავ-მოძრავი ქონებიდან, აგრეთვე ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობიდან, შესაბამის წილზე გასცა ზოგადი სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის დის, 1994 წლის 23 თებერვალს გარდაცვლილი რ. ტ-ის შვილის − 19... წლის 2.. იანვარს გარდაცვლილი ი. ტ-ის შვილის − პირველი მოპასუხის სასარგებლოდ. 2015 წლის 29 მაისს კი − რ. ტ-ის შვილის − მეორე მოპასუხის სასარგებლოდ.

9. 2015 წლის 19 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში პირველი და მეორე მოპასუხეების, ასევე ნოტარიუს ც. დ-ის მიმართ და მოითხოვა:

9.1. 2014 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუს ც. დ-ის მიერ მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების შესაბამის წილზე პირველი მოპასუხის სასარგებლოდ გაცემული №14085... სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა;

9.2. 2015 წლის 29 მაისს ნოტარიუს ც. დ-ის მიერ მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების შესაბამის წილზე მეორე მოპასუხის სასარგებლოდ გაცემული №150552... სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.

10. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო ნოტარიუს ც. დ-ეს შესაგებელი არ წარუდგენია.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და სარჩელი დარჩა განუხილველად.

14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მემკვიდრეების − პირველი და მეორე მოპასუხეების მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს და სარჩელით ითხოვდა აღნიშნული ფაქტის უარყოფას. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული საკითხი ცალკე სასარჩელო წარმოებაში, აღიარებითი სარჩელის წარდგენის გზით, დავის საგანი ვერ გახდებოდა, რადგან, სამკვიდრო მოწმობის არარსებობის პირობებშიც, მემკვიდრე, რომელსაც მიაჩნია, რომ დარღვეულია მისი უფლება, უფლებამოსილია პრეტენზია წაუყენოს სხვა მემკვიდრეებს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების საკითხიც მიკუთვნებითი სარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება შეიძლება იყოს.

15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული სარჩელი, მემკვიდრეების (პირველი და მეორე მოპასუხეების) მიერ სავარაუდო პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, მტკიცებულების შექმნას ემსახურებოდა, რაც არ ამართლებდა მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს სასარჩელო მოთხოვნის მიმართ. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველი იყო მემკვიდრის მიერ წარდგენილი, მამკვიდრებლის სახელზე გაცემული შემნახველი სალაროს წიგნაკი, რომელიც ნოტარიუსმა მიიჩნია სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტის დადასტურებისათვის საკმარის საფუძვლად, რაც არ გამორიცხავდა მისი გაბათილების შესაძლებლობას, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით, მიკუთვნებით სარჩელში.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო სხვა მემკვიდრეებს შორის და პირველ და მეორე მოპასუხეებს მხოლოდ სარჩელის წარდგენის გზით ჰქონდათ სადავოდ ქცეული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა, პირველი და მეორე მოპასუხეების მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტის უარყოფაც უნდა განხორციელებულიყო ამ დავის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამგვარად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს აღძრული სარჩელის მიმართ არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი, რაც სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

18. მოსარჩელემ საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

18.1. სამკვიდრო ქონებიდან დარჩენილია მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის აღრიცხული მემკვიდრეების სახელზე. სადავო სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე პირველი და მეორე მოპასუხეების მიერ მისი მიღება საგრძნობლად შეამცირებს მოსარჩელის კუთვნილ წილს;

18.2. სადავო სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე პირველ და მეორე მოპასუხეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ სამკვიდრო ქონებიდან წილი. მართალია, ქონება უკვე გასხვისებულია, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ქონების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნას, რაც მოსარჩელეს მიაყენებს უდიდეს მატერიალურ ზიანს. შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება იურიდიული ინტერესის არარსებობის თაობაზე;

18.3. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დატოვა განუხილველი, მაგრამ მოსარჩელეს არ დაუბრუნა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. სასამართლომ არ ჩაატარა მოსამზადებელი სხდომა და საკითხი პირდაპირ მთავარ სხდომაზე გადაწყვიტა.

19. მოსარჩელე მის მიერ წარმოდგენილ საჩივარში ასევე მსჯელობს დავის მატერიალურ საფუძვლებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს კერძო საჩივარს. სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად (სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა), საჩივრდება კერძო საჩივრით. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით მოსარჩელის აღიარებითი სარჩელი დარჩა განუხილველად. შესაბამისად, მისი გასაჩივრება შესაძლებელი იყო არა საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის შეტანის გზით.

22. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს დავისადმი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაუსაბუთებლობის მოტივით სარჩელის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

26. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის მიმართ არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი.

27. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 14-16 პუნქტებშია ასახული და დამატებით მიუთითებს: იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) – საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით მხარე გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ №ას-148-138-2015, 2015 წლის 27 ნოემბერი).

28. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ №ას-937-887-2015, 2015 წლის 10 ნოემბერი).

29. საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუსგ №ას-17-14-2015, 2015 წლის 1 ივლისი).

30. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუსმა ცირა დიდებულიძემ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების შესაბამის წილზე გასცა ზოგადი სამკვიდრო მოწმობა − პირველი მოპასუხის, ხოლო 2015 წლის 29 მაისს − მეორე მოპასუხის სასარგებლოდ. მოსარჩელე სადავოდ ხდის პირველი და მეორე მოპასუხეების მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს და ითხოვს აღნიშნული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობას.

31. კერძო საჩივრის ავტორი აღიარებითი სარჩელისადმი თავისი იურიდიული ინტერესის დასასაბუთებლად უთითებს, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე პირველი და მეორე მოპასუხეები შეძლებენ სასამართლოსათვის მიმართვას და სამკვიდრო ქონებიდან წილის მოთხოვნას, რაც მოსარჩელეს მიაყენებს მატერიალურ ზიანს.

32. შესაბამისად, განსახილველი დავის მიზანი სავარაუდო სარჩელისათვის საფუძვლის გამოცლაა, მოცემული აღიარებითი სარჩელის მიმართ კი მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილი არ არის.

33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუკი პირველი და მეორე მოპასუხეები ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე აღძრავენ მიკუთვნებით სარჩელს, მოსარჩელე სწორედ ამ სასარჩელო წარმოების ფარგლებში შეძლებს იდავოს პირველი და მეორე მოპასუხეების მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე.

34. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სამკვიდრო ქონებიდან დარჩენილია მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის აღრიცხული მემკვიდრეების სახელზე. სადავო სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე პირველი და მეორე მოპასუხეების მიერ მისი მიღება კი საგრძნობლად შეამცირებს მოსარჩელის წილს.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამგვარი ქონების არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი არ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელის მიმართ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში მემკვიდრეთა უფლებრივი მდგომარეობა ამგვარ ქონებაზეც მიკუთვნებითი სარჩელის წარდგენის გზით უნდა დადგინდეს.

36. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტში დატოვებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის ბოლო წინადადებაზე, რომლის მიხედვით, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სარჩელი განუხილველად დატოვა 2017 წლის 29 მარტის მთავარ სხდომაზე. შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საფუძველი.

37. დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ, მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის გარეშე, საქმის პირდაპირ მთავარ სხდომაზე განხილვასთან დაკავშირებით.

38. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადებაზე, რომლის თანახმად, მომხსენებელ მოსამართლეს შეუძლია დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ამ კოდექსის 205-ე მუხლის შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა.

39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა წარმოადგენს სასამართლოს უფლებას და არა − ვალდებულებას. ამგვარად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განეხილა მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის გარეშე.

40. კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომლებიც დავის მატერიალურ საფუძვლებს ეხება, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ პრეტენზიებს საკასაციო სასამართლო არსებითად ვერ განიხილავს, რადგან კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი − მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

42. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს თ. ტ-ის მიერ 2017 წლის 16 ოქტომბერს №2 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1000 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 950 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინება;

3. გ. მ-ს (პ/ნ: 01021000....) დაუბრუნდეს თ. ტ-ის მიერ 2017 წლის 16 ოქტომბერს №2 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1000 (ათასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე