Facebook Twitter

საქმე №ას-1521-1441-2017 17 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ. უ. ე. ფ.“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჩ-ია

(მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება

დავის საგანი – მოხმარებული წყლის ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ჯ. უ. ე. ფ.“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჩ-ას (შემდგომში „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელის ავტორი“ ან „აბონენტი“) მიმართ და მოითხოვა მოხმარებული წყლის ღირებულების, 10 406 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

2. სარჩელის თანახმად, ქ. თბილისში, ქ. ქ. #...-ში აბონენტად რეგისტრირებულია მოპასუხე, რომელსაც წყლის მრიცხველის ჩვენების მიხედვით მოსარჩელის მიმართ ერიცხება 2365 კუბ.მ მოცულობის წყლის დავალიანება, რომელსაც არ იხდის.

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წლების მანძილზე მის მიერ ყოველთვიურად მოხმარებული წყლის რაოდენობა 5 კუბ.მ-ს არ აღემატებოდა, რომლის საფასურს პირნათლად იხდიდა, ხოლო მიმდინარე ჩვენებით მას დარიცხული აქვს წყლის დავალიანება არარეალური მოცულობით. სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ წყლის მრიცხველი უვარგისად ცნო, რადგან მისი ცდომილება აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს.

4. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა უკანონოდ დარიცხული წყლის სააბონენტო დავალიანების, 10 406 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, მისი ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ 2013 წლის ოქტომბრის თვეში აბონენტის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობა 700-ჯერ აღემატება ყოველთვიურად დახარჯული წყლის ოდენობას, რაც ძალზე მაღალი ალბათობით გამოწვეულია მრიცხველის ჩვენების განრახ გაზრდით ჰაერის დაბერვით ან მასზე სხვა მექანიკური ზემოქმედებით. შეგებებული სარჩელის ავტორმა განმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებული ფართი გაცემული აქვს იჯარით ინდ. მეწარმე „ო. ღ.“, რომელიც ამ ტერიტორიაზე ამუშავებს ქვის საამქროს და, ბუნებრივია, მოიხმარს წყალს, თუმცა დაკისრებული დავალიანების გამო შეწყვეტილი აქვს წყლის მიწოდება.

5. შეგებებულ სარჩელზე შესაგებელი წარადგინა მოსარჩელემ, შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის საკუთრებაში არსებული ფართი გაქირავებული აქვს ი/მ „ო. ღ-ზე“. მონაცემთა ბაზაში აბონენტად რეგისტრირებულია მოპასუხე, როგორც ფიზიკური პირი, რომელსაც არ მიუმართავს კომპანიისთვის აბონენტის შეცვლის მოთხოვნით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე შეგებებული სარჩელის ავტორმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მისთვის დაკისრებული თანხის, 10 406 ლარის ნაცვლად, 10 206 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოხმარებული წყლის საფასური 200 ლარის ოდენობით; მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე გათავისუფლდა მოსარჩელის მიერ დარიცხული წყლის სააბონენტო დავალიანების - 10 206 ლარის გადახდისაგან.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10.1. ქ. თბილისში, ქ. ქ. #...-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა მოპასუხე, რომელიც რეგისტრირებულია აბონენტის ნომრით - 755372...;

10.2. 2013 წლის 30 ოქტომბერს აბონენტს N75537... გადასახდელად დაერიცხა 2365 კუბ.მ მოხმარებული წყლის საფასური 10 406 ლარი;

10.3. 2013 წლის 2 ნოემბერს აბონენტის (N75537...) მრიცხველზე მოსარჩელის მიერ შედგა დამღის დადების აქტი, ხოლო იმავე წლის 28 ნომბერს აბონენტს შეუწყდა წყლის მიწოდება;

10.4. სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს მიერ გაცემული #0020... შეტყობინებისა და წყლის მრიცხველის დამოწმების #52 ოქმის შესაბამისად, მოპასუხის წყლის მრიცხველი ცნობილ იქნა უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისათვის;

10.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 15 აგვისტოს დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, ქ. ქ. #...-ში განთავსებულ ინდ. მეწარმე „ო. ღ.“ ქვის დასამუშავებელ საამქროში ჩვეულებრივად თვიურად მოხმარებული წყლის რაოდენობის დაახლოებით 700-ჯერ გაზრდა, რაც დაფიქსირდა 2013 წლის 30 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე, არ არის დაკავშირებული წყლის ასეთი რაოდენობით დახარჯვასთან, არამედ ძალზე მაღალი ალბათობით გამოწვეულია მრიცხველის ჩვენების განზრახ გაზრდით ჰაერის დაბერვით ან მასზე სხვა მექანიკური ზემოქმედებით. დასკვნაში მითითებული გარემოება დაადასტურა ექსპერტმა ზ. გ-მაც 2017 წლის 16 მარტს სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით და აღნიშნა, რომ დასახელებული რაოდენობით წყალს მოპასუხე ვერ მოიხმარდა.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია. შესაბამისად, მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს 2013 წლის 30 ოქტომბერს წყლის მრიცხველზე დარიცხული 2365 კუბ.მ წყალი არ მოუხმარია.

12. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერზე და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნულით დასტურდებოდა ქირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის კუთვნილი ქონების ინდ. მეწარმე „ო. ღ.“ მიერ ფლობის ფაქტი. ეს გარემოება ასევე დასტურდებოდა საექსპერტო დასკვნით, მოპასუხისა და მოწმე ვ. ჩ-ას ჩვენებებით, ასევე მოსარჩელის მიერ შედგენილი დამღის დადების აქტით, რომლის შედგენასაც ესწრებოდა და აქტს ხელი მოაწერა ო. ღ-ამ.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

14. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხის ქონებას ქირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში ფლობს ინდ. მეწარმე „ო. ღ.“. აღიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კასატორის აზრით, საქმეში არ მოიპოვება. მოპასუხეს არ წარუდგენია ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურდებოდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, ასევე არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ ო. ღ-ა არის ინდ. მეწარმე.

15. სასამართლომ არასწორად გაიზიარა საექსპერტო დასკვნაც, რომლითაც მოხმარებული წყლის რაოდენობის გაზრდის მიზეზად დასახელდა მრიცხველის ჩვენების განზრახ გაზრდა ჰაერის დაბერვით ან მასზე მექანიკური ზემოქმედებით. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, საექსპერტო დასკვნა წინააღმდეგობრივია, ვინაიდან, ერთის მხრივ, მასში მითითებულია, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა მრიცხველის განზრახ დატრიალებას, თუმცა, მეორეს მხრივ, გამორიცხავს მოსარჩელის წარმომადგენლების მონაწილეობას ამ ზემოქმედებაში და თანაც მიუთითებს, რომ საამქროს ჰყავს დარაჯი და თუ წყლის მილი დაზიანდებოდა და წყალი დაიღვრებოდა, დარაჯისთვის აღნიშნული აუცილებლად გახდებოდა ცნობილი. შესაბამისად, ისმის კითხვა, თუ ვის უნდა ჰქონოდა მრიცხველის დატრიალების განზრახვა და ვის უნდა ჩაედინა ეს ქმედება. ასეთ პირობებში, კი სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ექსპერტის წინააღმდეგობრივი დასკვნა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ქირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში ინდ. მეწარმე „ო. ღ.“ მიერ მოპასუხის ქონების ფლობის ფაქტი. ამასთან, საქმეში წარდგენილი საექსპერტო დასკვნა, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, წინააღმდეგობრივია და მის საფუძველზე არ შეიძლებოდა წყლის დავალიანებისაგან მოპასუხის გათავისუფლება.

22. კასატორის პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

23. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

25. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

26. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები - წყლის მრიცხველზე დამღის დადების აქტი, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შეტყობინებისა და წყლის მრიცხველის დამოწმების ოქმის საფუძველზე მოსარჩელის მიერ გაცემული ინფორმაცია (წყლის მრიცხველის ექსპლუატაციისათვის უვარგისად ცნობის თაობაზე), ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 15 აგვისტოს დასკვნა ექსპერტის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებასთან ერთობლიობით, მხარეთა ახსნა-განმარტებები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეს, 2013 წლის 30 სექტემბრიდან იმავე წლის 30 ოქტომბრამდე მრიცხველის ჩვენებით დარიცხული წყალი 2365 კუბ.მ მოცულობით არ მოუხმარია. სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას ვერ გააბათილებს კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია ქირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში ინდ. მეწარმე „ო. ღ.“ მიერ მოპასუხის ქონების ფლობის ფაქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავოა ქ. თბილისში, ქ. ქ. #....-ში მდებარე უძრავ ქონებაზე აბონენტად რეგისტრირებული პირის, მოპასუხის მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული წყლის საფასურის ანაზღაურება, თუნდაც არ ირკვეოდეს აღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონების სხვა პირის მიერ სადავო პერიოდში ფლობის ფაქტი, ეს გავლენას ვერ მოახდენს დარიცხული წყლის საფასურის განსაზღვრაზე.

27. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას საექსპერტო დასკვნაში მითითებული შეფასებების ურთიერთწინააღმდეგობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სარწმუნო, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა მოპასუხის მიერ წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 15 აგვისტოს დასკვნა, რომლითაც მოხმარებული წყლის რაოდენობის გაზრდის მიზეზად დასახელდა მრიცხველის ჩვენების განზრახ გაზრდა ჰაერის დაბერვით ან მასზე მექანიკური ზემოქმედებით და დადგინდა, რომ აბონენტის მიერ ჩვეულებრივად თვიურად მოხმარებული წყლის რაოდენობის დაახლოებით 700-ჯერ გაზრდა არ იყო დაკავშირებული წყლის ასეთი რაოდენობით დახარჯვასთან (იხ. ტ. 1. ს.ფ 95-98). კასატორს სსსკ 102-ე მუხლის შესაბამისად, არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ექსპერტის ზემოაღნიშნულ დასკვნებს გააქარწყლებდა, მხოლოდ ზეპირი სახის მითითება კი არ შეიძლება გახდეს საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარებისა და მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

28. საკასაციო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილი ვერც ის გარემოება გააქარწყლა, რომლის მიხედვითაც მოპასუხის წყლის მრიცხველი ცნობილ იქნა უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისათვის (იხ. ტ. 1, ს.ფ 60). აღნიშნული კი კიდევ უფრო ამყარებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ აბონენტს მრიცხველის ჩვენებით დარიცხული ოდენობით წყალი არ მოუხმარია.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე მართებულად იქნა უარყოფილი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1252-1192-2014, 18 თებერვალი, 2015 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 510 (ხუთას ათი) ლარისა და 30 თეთრის 70% – 357 (სამას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი და 21 თეთრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჯ. უ. ე. ფ.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ჯ. უ. ე. ფ.“ (ს/კ: 20382....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 11 იანვარს №89 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 510 (ხუთას ათი) ლარისა და 30 თეთრის 70% – 357 (სამას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი და 21 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე