Facebook Twitter

საქმე №ას-62-2019 17 ივლისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ.ც–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვალდებულების შეწყვეტილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის განჩინებით თ.ც–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) და ბ.კ–ძეს (შემდეგში: აწ. გარდაცვლილი) შორის მორიგების აქტით შეწყდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე. მორიგების აქტის თანახმად აწ გარდაცვლილს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 3500 ლარი 6 თვის ვადაში. თანხის გადახდა უნდა დამთავრებულიყო 2014 წლის 1 აპრილს. თანხის გადახდის შემდეგ მოსარჩელე უძრავ ქონებას დაუბრუნებდა აწ გარდაცვლილს და ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდებოდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ (ს/კ ....) (იხ. ტ. 2, ს.ფ 21-23).

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ლ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან აწ გარდაცვლილის უფლებამონაცვლე) განცხადება დაკმაყოფილდა; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს N2/262-2013წ. საქმეზე, აწ გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მოპასუხე; შესაბამისად, მხარეთა შორის დამტკიცებულ მორიგების განჩინებაზე სასამართლომ გასცა ახალი სააღსრულებო ფურცელი, რომელიც სააღსრულებო ბიუროში მოპასუხემ იძულებით აღსასრულებლად წარადგინა (იხ. ტ. 2, ს. ფ. 30-32).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. მოსარჩელემ 2018 წლის 1 ივნისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეწყვეტილად ცნობა და სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

3.2. მოსარჩელის განმარტებით აწ გარდაცვლილს მითითებულ ვადაში თანხის გადახდა არ დაუწყია, თანხა არც მოგვიანებით გადაუხდია. მოსარჩელემ განმარტა, რომ მან ინტერესი დაკარგა მხარეთა შორის არსებული მორიგებისადმი. 2015 წლის 31 მარტს ბ.კ–ძე გარდაიცვალა და საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეწყდა 2015 წლის 19 აგვისტოს მის მარწმუნებელთან შეთანხმებით. ამავე საქმეზე აწ გარდაცვლილის უფლებამონაცვლის - მოპასუხის მიერ მოხდა ახალი სააღსრულებო ფურცლის ამოწერა და კვლავ დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რითაც მოპასუხეს სურს აიძულოს მოსარჩელე მიიღოს ის შესრულება, რაც თავის დროზე არ განუხორციელებია აწ გარდაცვლილს და იძულებით გადაიფორმოს მიწის ნაკვეთი.

3.3. მოსარჩელის განმარტებით მას არავითარი ვალდებულება არ აკისრია აწ გარდაცვლილის უფლებამონაცვლის - მოპასუხის მიმართ, რადგან მორიგების აქტით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა. მოპასუხეს მაშინ ექნებოდა აწ გარდაცვლილის ვალდებულების შესრულების უფლება, როგორც უფლებამონაცვლეს, თუკი აწ გარდაცვლილის ვალდებულების შესრულებისათვის დათქმული ვადა გაშვებული არ ექნებოდა, მას მოსარჩელისაგან საპასუხო მოქმედების მოთხოვნის უფლება ექნებოდა მაშინ, თუკი აწ გარდაცვლილის სიცოცხლეში გადახდილი ექნებოდა მორიგების აქტში მითითებული თანხა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

3.4. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ფულის ინფლაციის გამო მითითებული თანხით ანალოგიურ მიწის ნაკვეთს ვერ შეიძენს.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი ამოიწერა ორჯერ. სააღსრულებო წარმოება შეჩერებული იყო და განახლდა მოპასუხის განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის წარდგენის შემდეგ, შესაბამისად, იგი უნდა აღსრულდეს. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელის მოთხოვნა არის უკანონო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის მორიგების აქტით მოსარჩელესა და აწ გარდაცვლილს (უფლებამონაცვლე - მოპასუხე) შორის განსაზღვრული ვალდებულებები შეწყვეტილად იქნა ცნობილი; შეწყდა სააღსრულებო წარმოება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებოს წარმოებაში არსებულ საქმეზე NA 18027506-005/002 21.03.2018 წ. (ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს გაცემული N2/262-13 სააღსრულებო ფურცელი).

5.2. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-8, 170-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, მე-400, 405-ე და 484-ე მუხლებით.

6. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

6.1. მოპასუხემ (აწ გარდაცვლილის უფლებამონაცვლემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-2 პუნქტებში ასახული გარემოებები და აღნიშნა, რომ ვინაიდან მორიგების განჩინება ორმხრივ ვალდებულებას ითვალისწინებდა, სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად, იმავდროულად მიწინააღმდეგე მხარეებად მიეთითა მოსარჩელე და აწ. გარდაცვლილი.

7.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტას მოსარჩელე ორი საფუძვლით ითხოვდა: 1) მოვალე მხარის გარდაცვალების გამო; 2) ასევე იმ საფუძვლით, რომ მორიგების განჩინებაში მითითებულ ვადაში, 2014 წლის 1 აპრილამდე, მოვალემ - აწ გარდაცვლილმა არ გადაიხადა თანხა, რითიც მას მოესპო ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე უთითებდა, , რომ მან დაკარგა ინტერესი აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმართ. მოსარჩელის მტკიცებით მის მიერ მითითებით გარემოებები სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.

7.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 92-ე მუხლის თანახმად სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყველა სტადიაზე.

7.5. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

7.6. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 24-ე მუხლის თანახმად სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნას გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია, ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა.

7.7. მითითებული ნორმების დაცვით, აპელანტი ცნობილი იქნა აწ გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ მორიგების განჩინებაზე, შესაბამისად, აპელანტი აღჭურვილი იქნა ყველა იმ უფლება-მოვალეობებით, რომელსაც კრედიტორ მხარეს ანიჭებს სპეციალური კანონი. აღნიშნული გარემოება, ამასთან ბ.კ–ძის გარდაცვალება არ არის სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

7.8. დადგენილია, რომ მორიგების აქტით მხარეთა ურთიერთვალდებულებების შესრულების ვადად 2014 წლის 1 აპრილი დასახელდა; ამ ვადაში მხარეებმა ნებაყოფლობით არ აღასრულეს ერთმანეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ იმავე მორიგების აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი მორიგების აქტის პირობები ნებაყოფლობით აღსრულდებოდა, სა, აღსრულების ქვემდებარე აქტი იძულებით აღსასრულებლად მიექცეოდა; აღსრულების საერთო ვადა კი 10 წელია.

7.9. უდავოა ისიც, რომ უფლებამონაცვლეობა ნებისმიერ ეტაპზეა დაშვებული, მათ შორის - აღსრულების ეტაპზეც.

7.10. ამასთან, ორმხრივი ვალდებულების შესრულებისას მხოლოდ ერთ-ერთი კრედიტორი მხარის მიერ საკითხისადმი ინტერესის დაკარგვა ვერ გახდება აღსრულების შეწყვეტის საფუძველი.

7.11. სასამართლომ აღნიშნა, რომ მორიგების განჩინება არის ის უდავო და შეუქცევადი შეთანხმება მხარეებისა, რომელიც კანონით დადგენილი წესით უნდა აღსრულდეს. სასამართლო მხარეთა მორიგების დამტკიცებამდე, მის მონაწილე მხარეებს განუმარტავს მორიგების სამართლებრივ შედეგებს, მათ შორის კანონის დანაწესს, რომელიც იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსადმი ხელმეორედ მიმართვას გამორიცხავს და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია (სსსკ-ის 272- ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და 273-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

7.12. საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებს: გადაწყვეტილება - კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს უდავოობისა და სავალდებულოობის თვისებას, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

7.13. სსკ-ის 142-ე მუხლის თანახმად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

7.14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული მორიგების განჩინების აღსრულების ვადა შეადგენს 10 წელს ამ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან, კონკრეტულ შემთხვევაში კი ეს ვადა გასული არ არის, რაც გამორიცხავს მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებას სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

8. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8.2. კასატორმა გაიმეორა ის პრეტენზიები, რაც სარჩელში ჰქონდა ასახული (იხ. ამ განჩინების 3.2-3.3 ქვეპუნქტები).

8.3.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

9. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

10. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.

11. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

12.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების შეწყვეტილად აღიარება მოსარჩელის შესაძლო დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი).

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის - შეწყვეტილად იქნეს აღიარებული მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება და სააღსრულებო წარმოება შეწყდეს, იურიდიული ინტერესი ბუნდოვანი და გაურკვეველია. თუ მოსარჩელეს, როგორც კრედიტორს, შესრულების მიღების ინტერესი არ აქვს, მას შეუძლია უარი თქვას შესრულების მიღებაზე, თუმცა მოსარჩელეს, როგორც მოვალეს კანონით არ ენიჭება უფლება უარი განაცხადოს კრედიტორის (განსახილველ შემთხვევაში აწ გარდაცვლილის უფლებამონაცვლის) წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ინტერესის დაკარგვის გამო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, შესაბამისად, მოსარჩელის სუბიექტური შეფასება, თუ რატომ არ უნდა აღსრულდეს მხარეთა შორის სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტი, ამ აქტის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულება აწ გარდაცვლილის უფლებამონაცვლის წინაშე, სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონოა.

14. საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად.

15.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი.

17.ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამავე კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

18.კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 187.2-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 408.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ც–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. თ.ც–ძის სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე