Facebook Twitter

საქმე №ას-281-281-2018 22 მარტი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სპს იურიდიული ფირმა ,,ა.თ–ძე, კ.პ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სადაზღვევო კომპანია ,,ჯ.ჰ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ.ჰ–სა" (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, სადაზღვევო კომპანია ან მზღვეველი) და სპს ,,იურიდიული ფირმა ა.თ–ძე, კ.პ–ს’’ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, სპს ან დამზღვევი) შორის 2015 წლის 22 ივლისს დაიდო დაზღვევის №VMI-B-... ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება;იხ. ხელშეკრულება, ს. ფ. 18-40).

1.1. ხელშეკრულების თანახმად მზღვეველი ვალდებული იყო დაზღვეულისათვის მისი ქონებრივი და ფინანსური ინტერესის დასაცავად დამზღვევის მიერ პრემიის სრულად ან პირველი შენატანის გადახდის სანაცვლოდ # 1 დანართში მითითებული მომსახურება გაეწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და წესით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა დანართებში მითითებული პირების სამედიცინო დაზღვევას;

1.2. ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად, დამზღვევის მიერ დაზღვეულთა სასარგებლოდ გადასახდელი ჯამური სადაზღვევო პრემია დაანგარიშდებოდა # 1 და # 2 დანართებში წარმოდგენილი პირობებისა და დაზღვეულთა რაოდენობის შესაბამისად. ხელშეკრულების 5.3 მუხლის თანახმად სადაზღვევო პრემიის გადახდა ხორციელდებოდა ყოველი თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა, ამასთან, პირველი გადახდა ხორციელდებოდა არა უგვიანეს 15.08.2015-ისა;

1.3. ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულების №2 დანართის თანახმად დაზღვეულ იქნა 24 ადამიანი, რომელთაგან 1 ადამიანის ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 189 ლარს, 3 ადამიანის ყოველთვიური პრემიის ოდენობა შედგენდა 99 ლარს თითოეულ ადამიანზე, 17 ადამიანის ყოველთვიური პრემიის ოდენობა - 33 ლარს თითოეულ ადამიანზე, 2 ადამიანის - 63 ლარს, 1 ადამიანის დაზღვევის პრემია - 47 ლარს. საწყისი ყოველთვიური პრემია შეადგენდა 189+3X99+17X33+2X63+47=1220 ლარს, მთელი ხელშეკრულების წლიური პრემიის ჯამური ოდენობა შეადგენდა 1220X12=14640 ლარს;

1.4. ხელშეკრულების 5.2 მუხლის თანახმად, სადაზღვევო პრემიის გადახდა ხდებოდა ყოველთვიურად შემდეგი სქემის მიხედვით: დაზღვეულთა რაოდენობის მიხედვით, დაზღვეულ პირთა რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში ხდებოდა გადასახდელი პრემიის კორექტირება. ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, დაზღვეულ პირთა დამატება/გაუქმება ხორციელდებოდა ყოველთვიურად: დამატების თარიღი იმეორებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის პირველ რიცხვს, გაუქმება ხორციელდებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის პირველ რიცხვამდე ერთი დღით ადრე;

1.5. ხელშეკრულების 9.1 მუხლის თანახმად, ,,ხელშეკრულება ძალაში შედის 24.07.2015 წლის 00:00 საათიდან და მოქმედებს 23.07.2016 წლის 24:00 საათამდე’’.

2. მოსარჩელეს 2015 წლის 26 ოქტომბერს წერილით მიმართა მოპასუხე კომპანიის დირექტორმა და მოითხოვა ი.ბ–ათვის /სიითი ნომერი 24/ 99-ლარიანი პაკეტის დაზღვევის გაუქმება -, და მის ნაცვლად ე.კ–ძის დაზღვევა 33 ლარიანი პაკეტით; ხელშეკრულების თანახმად, ი.ბ. დაზღვეულთა სიიდან ამოღება უნდა მომხდარიყო 2015 წლის 21 ნოემბრიდან, ხოლო ამავე სიაში ე.კ–ძის დამატება კი - 2015 წლის 22 ნოემბრიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით გადასახდელი პრემია შეადგენდა შემდეგს: 2015 წლის 15 ნოემბერს- 1187 ლარს, ხოლო პრემიის ოდენობა 2015 წლის 15 ნოემბრის შემდეგ, ყოველთვიურად შემდგომ ცვლილებამდე, შეადგენდა 1187-99+33=1121 ლარს’’.

3. მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიის ბათუმის წარმომადგენლობაში კურატორი იყო მ.ს–ძე, რომელთანაც, წლების განმავლობაში ურთიერთობის გამო მოპასუხეს, მისი მითითებით, განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა ჩამოუყალიბდა. ამ კურატორს 08.10.2015 წელს დამზღვევმა თავისი ერთ-ერთი თანამშრომლისა და დაზღვეულის - ბ. თ–ძის გარდაცვალების მოწმობა წარუდგინა და დაზღვეულის 01.10.2015 წელს გარდაცვალების გამო, მოითხოვა მისი 33 - ლარიანი სადაზღვევო პაკეტის გაუქმება, რაც, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 15 ოქტომბრამდე უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ მზღვეველი კომპანიის კურატორმა-მ. ს–ძემ, მიუხედავად დაპირებისა, ამაზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა და არ აცნობა სათავო ოფისს არსებული ვითარება, რამაც განაპირობა ის, რომ 15.11.2015 წლისათვის დამზღვევს (მოპასუხეს) წარედგინა ინვოისი 1220.00 ლარზე და არა -1194.00 ლარზე... მოპასუხემ, მისი მტკიცებით, 26.10.15 წელს განცხადებით მიმართა მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიის ბათუმის წარმომადგენლობას და მოითხოვა დაზღვეულ ი.ბ– მიმართ 99- ლარიანი სადაზღვევო პაკეტის გაუქმება იმ მოტივით, რომ დასახელებული პირი იმავე წლის 20 ოქტომბრიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან ... ამ შემთხვევაშიც, დამზღვევი კომპანიის კურატორმა მ. ს–ძემ ზემოაღნიშნულის თაობაზე დროულად არ აცნობა სათავო ოფისს რეაგირებისათვის, რამაც განაპირობა 15.11.2015 წლისათვის მზღვეველისათვის ინვოისის წარდგენა 1220.00 ლარზე ნაცვლად 1088.00 ლარისა (1187-99).

4. სარჩელის საფუძვლები

4.1. მზღვეველმა 2016 წლის 30 სექტემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს დამზღვევის წინააღმდეგ და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 5 407.91 ლარის დაკისრება მოითხოვა.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

6.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მზღვეველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6.2. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე, 799-ე, 808-ე, 807-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

7. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

7.1. მოსარჩელემ (მზღვეველმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მზღვეველის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სადაზვევო კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 5 407.91 ლარის გადახდა დაეკისრა.

8.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-3 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ დამზღვევის მიერ დაზღვეულ პირთა დამატება/გაუქმების თაობაზე სადაზღვევო კომპანიის შეტყობინება არამართებულად განხორციელდა, სახელშეკრულებო დათქმის დარღვევით, ხოლო ასეთ პირობებში მოპასუხის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ დაზღვეულ პირთა სიაში ი.ბ– ნაცვლად ე.კ–ძის დამატება არ მოხდა დადგენილ ვადებში, გაუმართლებელია. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ არის. მოპასუხემ თავად დაარღვია სახელშეკრულებო პირობა.

8.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების მე-6 მუხლით დეტალურად იქნა მოწესრიგებული ,,ხელშეკრულების შეწყვეტისა და შესაძლო ცვლილებების განხორციელების პირობები’’. ხელშეკრულების აღნიშნული პირობები მოპასუხის მიერ არ იქნა დაცული, კერძოდ, მას დაზღვეულ პირთა დამატება/გაუქმების თაობაზე შეტყობინება უნდა განეხორციელებინა არა მზღვეველის ბათუმის წარმომადგენლობაში მყოფი მუშაკის - კურატორისათვის მ.ს–ძისთვის, არამედ უშუალოდ ხელშეკრულების მხარისათვის - აპელანტისათვის. სააპელაციო სასამართლომ ამ თვალსაზრისით ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების მითითებული მუხლის რამდენიმე პუნქტზე, კერძოდ ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, ,,დამზღვევის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლის შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მზღვეველს (და არა მუშაკს მ.ს–ძეს, როგორც ეს მოპასუხემ გააკეთა) ხელშეკრულების მოშლის შესახებ 1 (ერთი) თვით ადრე’’. ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლის ან/და შეწყვეტის შემთხვევაშიც კი დამზღვევი ვალდებული იყო დამატებით გადაეხადა ,,დაზღვევის შეწყვეტის მომენტისათვის გამომუშავებული სადაზღვევო პრემიის 100%’’ (ხელშეკრულების 6.2 პუნქტი); ამავე ხელშეკრულების 6.3.-6.5 პუნქტების თანახმად, ,,დაზღვეულ პირთა დამატება/გაუქმება ხორციელდება ყოველთვიურად: დამატების თარიღი იმეორებს ხელშეკრულების მოქმედების ვადის პირველ რიცხვს, გაუქმება ხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის პირველ რიცხვამდე ერთი თვით ადრე; დაზღვეულ პირთა სიაში ცვლილებების (დამატება, გაუქმება) განხორციელებისას მზღვეველს უნდა ეცნობოს წერილობით ცვლილებების ძალაში შესვლამდე 10 დღით ადრე; დაზღვეულ პირთა სიაში დამატების შესახებ წერილობითი შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: დაზღვეულის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, სამსახურებრივი სტატუსი, ოჯახური სტატუსი, სამსახურში აყვანის თარიღი და სამსახურში აყვანის ბრძანების ნომერი, სადაზღვევო ბარათი და მისი ტიპი, ოჯახის წევრის შემთხვევაში - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონი, სტატუსი დაზღვეულ თანამშრომელთან მიმართებაში’’.

8.4. ხელშეკრულების 6.9-6-12. პუნქტების თანახმად, ,,დაზღვეული თანამშრომლის სადაზღვევო ბარათის ვადაზე ადრე გაუქმება ხორციელდება მხოლოდ დაზღვეული თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში, ოჯახის წევრების დაზღვევის გაუქმება მზღვეველის მხრიდან არ განიხილება; სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის მიერ სადაზღვევო ბარათის შეცვლა მზღვეველის მიერ არ განიხილება; დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პრემია ყველა დაზღვეულზე სრულად; მზღვეველს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს სადაზღვევო ხელშეკრულება, ოღონდ ვალდებულია შეატყობინოს დამზღვევს ხელშეკრულების მოშლის შესახებ 1 (ერთი) თვით ადრე’’.

8.5. ამავე ხელშეკრულების 7.3.8-7.3.10 პუნქტების თანახმად, დამზღვევი ვალდებულია დაზღვეული პირის სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში შეატყობინოს მზღვეველს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფორმაცია...; დაზღვეულთა/მოსარგებლეთა მიერ ხელშეკრულებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ქმედებების შესრულებაზე, ასევე მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების/უმოქმედობის ხელშეკრულებასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია დამზღვევი, შესაბამისად, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზიანი, თუ დაზღვეულთა/მოსარგებლეთა მიერ დარღვეული იქნება წინამდებარე ხელშეკრულებით და მისი დანართით გათვალისწინებული ვალდებულებები და პროცედურები; გადაიხადოს სადაზღვევო პრემია მზღვეველთან შეთანხმებული წესის მიხედვით ყველა დაზღვეულზე სრულად’’.

8.6. მოპასუხის ზემოთ მითითებული განმარტებისა და მხარეთა სახელშეკრულებო პირობების ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის/მზღვეველის მიერ 2015 წლის ოქტომბრ-ნოემბრის გადასახდელ პრემიასთან მიმართებით ინვოისი (ბ.თ–ძის, ი.ბ–ძის დაზღვეულ პირთა სიიდან ამოღებისა და ე.კ–ძის დამატებასთან დაკავშირებით) წარდგენილ იქნა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობის თანახმად. წარმოდგენილი ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა კონკრეტული დაზღვეულის მიმართ დაზღვევის შეწყვეტის (დაზღვეულთა სიიდან ამოღების) განსხვავებულ წესს, დაზღვეულთა სიიდან პირის ამოღების მიზეზების მიხედვით. შესაბამისად, ინვოისი მოწინააღმდეგე მხარისათვის წარდგენილ იქნა სწორად, დადგენილი წესითა და ოდენობით, რაც სარჩელის მოთხოვნას საფუძვლიანს ხდიდა.

8.7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულების მოქმედება არ შეწყვეტილა და დამზღვევმა მიიღო სადაზღვევო მომსახურება, ხელშეკრულებიდან გასვლის სურვილი მხარეების არ გამოუთქვამთ. დამზღვევის მიერ განხორციელებული არასრული პერიოდული გადახდები ცხადყოფდა იმას, რომ დამზღვევის სადაზღვევო ინტერესი გამოკვეთილი იყო და მზღვეველის მიერ დაზღვეულის სადაზღვევო ინტერესის უზრუნველყოფა და რეალიზაცია მოხდა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

8.8. დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელის მე-8 ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდია. მე-8 ფაქტობრივი გარემოება ეხებოდა 2015 წლის დეკემბრის და 2016 წლის იანვარ-ივლისის თვეების გადასახდელი პრემიის დაანგარიშებას და მოპასუხის მიერ სრულად გადაუხდელობას. აღნიშნულ გარემოებებზე შედავება მოპასუხეს არ განუხორციელებია.

8.9. ზემოთ მითითებული გარემოებების პირობებში სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე/დამზღვევი არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. დადგენილია, რომ პრემიის ჯამურმა წლიურმა ოდენობამ, ცვლილებების გათვალისწინებით, 13195 ლარი შეადგინა, ხოლო აღნიშნული თანხიდან დამზღვევმა მხოლოდ 7787. 09 ლარი გადაიხადა, ბოლო გადახდა (990 ლარი) 2016 წლის 04 მარტს განხორციელდა, შესაბამისად, მოწინააღმდეგის/მოპასუხე მხარის დავალიანებამ 5407.91 ლარი შეადგინა.

8.10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316.1-ე, 317.1-ე, 361.2-ე, 799.1-ე, 799.2-ე, 815.2-ე მუხლებით და არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ 2015 წლის დეკემბრის თვიდან აპელანტის/მოსარჩელის მიერ მთლიანად იქნა შეჩერებული სადაზღვევო მომსახურება. მოპასუხის აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ, ამიტომ, სსკ-ის 50-ე, 51-ე, 52-ე მუხლების შესაბამისად დამზღვევს მზღვეველისათვის უნდა ეცნობებინა, რომ მას არ მიუღია სადაზღვევო მომსახურება და აქედან გამომდინარე განეხორციელებინათ სახელშეკრულებო დათქმის შესაბამისი პროცედურები, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დადასტურდა, უფრო მეტიც, ხელშეკრულებიდან გასვლის სურვილი ამ შემთხვევაში არ იკვეთება, რადგან მოპასუხემ/დამზღვევმა 2016 წლის მარტის თვეშიც განახორციელა სადაზღვევო პრემიის შეტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსახილველ შემთხვევაში დამზღვევის სადაზღვევო ინტერესი გამოკვეთილი იყო და მზღვეველის მიერ მოხდა დაზღვეულის სადაზღვევო ინტერესის უზრუნველყოფა და რეალიზაცია ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

8.11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 816-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა. დაზღვევის ხელშეკრულება ვალდებულებებს წარმოშობს არა მისი დადების ან სადაზღვევო პოლისის გაცემის, არამედ - პირველი სადაზღვევო შენატანის განხორციელების მომენტიდან.

8.12. მზღვეველის უფლება, მიიღოს პრემია, არ არის დამოკიდებული იმაზე დამზღვევი მიიღებს თუ არა მომსახურებას, იმ გაგებით, რომ დაზღვეულია კონკრეტული რისკის დადგომისას მიყენებული ზიანი, რისკი თავისი ბუნებიდან გამომდინარე კი შეიძლება არც დადგეს ხელშეკრულების მოქმედების მთელს პერიოდში, რაც დამზღვევს არ ათავისუფლებს პრემიის გადახდის ვალდებულებისგან. თავისთავად იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია პრემიის გადახდის სანაცვლოდ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

9. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. მოპასუხემ (დამზღვევმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და მზღვეველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივით.

9.2. კასატორის განმარტებით, ინვოისებს,რომლებიც ყოველთვიურად ეგზავნებოდა დამზღვევს მზღვეველის მიერ ელექტრონული ფორმით გადახდამდე რამდენიმე დღით ადრე, თან ერთვის დაზღვეული პირების ჩამონათვალი და მათი კუთვნილი პოლისები 15.08.2015 და 15.09.2015 წლისათვის; თითოეული თვისთვის ცალ-ცალკე სადაზღვევო კომპანიამ მოითხოვა 1249.28 ლარის გადახდა, ანუ საწყის კუთვნილ ყოველთვიურ შენატანთან (1220.00 ლარი) შედარებით 29.28 ლარით მეტი. მოპასუხემ აღნიშნა, რომ დამზღვევმა გადაიხადა ინვოისით მოთხოვნილი თანხა, რაც ორი თვისათვის 60 ლარს შეადგენდა. კასატორის განმარტებით 15.08.2015 წლისათვის გადასახდელი პრემიის ოდენობა 1220 ლარის ნაცვლად 935.18 ლარი უნდა ყოფილიყო, რადგან ხელშეკრულება 22.07.2015 წლიდან ამოქმედდა, იმავე წლის 15 აგვისტომდე კი 23 დღე იყო დარჩენილი.

9.3. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 12.10.2015 წლის ინვოისით 15.10.2015 წლისათვის გადასახდელად მოთხოვნილი იყო 1249.28 ლარი, ანუ სასარჩელო გაანგარიშებით 55.28 ლარით მეტი, ვიდრე გადასახდელი იყო. წარმოდგენილ ინვოისზე თანდართულ დაზღვეულ პირთა ჩამონათვალში კი კვლავ ირიცხებოდა გარდაცვლილი თ–ძე კუთვნილი პაკეტით, როგორც მოქმედი დაზღვეული პირი, მიუხედავად იმისა, რომ დამზღვევს გარდაცვლილ პირზე სს-თვის ინფორმაცია მიწოდებული ჰქონდა. სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა კასატორს უკმაყოფილება მოსარჩელის მიმართ და მოპასუხემ მზღვეველის მიერ მოთხოვნილი პრემია აღარ გადაიხადა, მან საკუთარი გაანგარიშებით შეასრულა გადახდა.

9.4. კასატორმა წერილობით წარდგენილ შესაგებელში წარდგენილ გაანგარიშებებზე მიუთითა საკასაციო საჩივარში და განაცხადა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სულ გადახდილი აქვს 7 875 ლარი.

9.5. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დაზღვევის შეჩერებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი ოთხი თვის განმავლობაში და რომ ამასთან დაკავშირებით მოპასუხის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს არათუ სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, არამედ ბოლოს სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობდნენ სადაზღვევო კომპანიაში.

9.6. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა და საქმის მასალები არასრულად გამოიკვლია.

9.7. კასატორმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკმარისად არ არის დასაბუთებული. კასატორმა განაცხადა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევდა.

14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება, სარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 799-ე მუხლის მეორე ნაწილს /დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია)/ ეფუძნება.

15.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, სსკ-ის 799-ე მუხლის საფუძველზე, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი). დაზღვევის ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება არ არის დამოკიდებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე. სადაზღვევო რისკის რეალიზაცია მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი წინაპირობაა და არა დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განმსაზღვრელი ერთადერთი ნიშანი. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისათვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია. დაზღვევის ხელშეკრულებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამზღვევის მხრიდან მზღვეველისათვის სადაზღვევო პერიოდის ცალკეულ ეტაპზე დაზღვევის ობიექტის შესახებ სრულყოფილი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება (სსკ-ის 808-ე, 812-ე, 814-ე მუხლები). სადაზღვევო პრემია წარმოადგენს მზღვეველის მიერ გაწეული „რისკის“ ტარების ღირებულებას. მეორე მხრივ, სადაზღვევო პრემიების აკუმულაცია სადაზღვევო კომპანიაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი წინაპირობაა (შდრ. სსკ-ის 799-ე მუხლი კომენტარი, www.gccc.ge ბოლო დამუშავება 14 მარტი, 2016 წ.; იხ. სუსგ #ას-663-624-2011, 17.02.2012 წ.).

16. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 8.2-8.12 ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მისი წილი მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე, რამაც სარჩელის დაკმაყოფილება განაპირობა. კასატორი თავად აღნიშნავს, რომ მან მზღვეველის მიერ მოთხოვნილი პრემია აღარ გადაიხადა, მან საკუთარი გაანგარიშებით შეასრულა გადახდა (იხ. ამ განჩინების 9.3 ქვეპუნქტი).

17.საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, საკასაციო საჩივარი დასაბუთებულად მიეჩნია, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

18. საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩება (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სპს იურიდიული ფირმა ,,ა.თ–ძე, კ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი