საქმე №ას-320-303-2017 26 თებერვალი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი – გ.ბ–ძე (ა.პ–ძის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ა–ი, სსიპ შემოსავლების სამსახური
მეორე კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–ძე
მესამე კასატორი - ლ.ა–ი (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გ.ბ–ძის სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება, ლ.ა–ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ყველა წინმსწრები განჩინების გაუქმება
მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და გ.ბ–ძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მესამე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ლ.ა–ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რეგისტრირებულმა კოოპერატივმა „ქ.ქ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში კოოპერატივის ყოფილი დირექტორის - ა.პ–ის, შპს „ა–ას“ მეანაბრეების: ნ.გ–იძის, ზ.წ–ძის, ნ.ბ–ძის, ნ.მ–ნის (შ.ხ–კის უფლებამონაცვლე), ა.პ–ძისა და ო.ლ–ძის მიმართ კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორ ა.პ–სა და კოოპერატივ „ქ–ის“ უფლებამონაცვლე შპს „ა–ას“ მეანაბრეთა რწმუნებულ ნ.გ–იძეს შორის გაფორმებული 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობისა და დავალიანების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მოთხოვნით.
2. რეგისტრირებულ კოოპერატივ „ქ.ქ–სა“ და ნ. გ–ძეს შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს ასევე მიმართეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებმა: სსიპ შემოსავლების სამსახურმა (თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) და ლ.ა–მა (იგივე ლ.გ–ა).
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
4. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 12-14 ოქტომბრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც კოოპერატივის ყოფილმა დირექტორმა ა.პ–მა კორპორაცია „ქ–ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ.გ–იძეს გადასცა კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ ბალანსზე რიცხული ქონება, კოოპერატივ „ქ.ქ–ს“ უარი ეთქვა კორპორაცია „ქ–სა“ და კოოპერატივ „ქ.ქ–ს“ შორის არსებულ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე უსაფუძვლობის გამო, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირების: შემოსავლების სამსახურისა და ლ.ა–ის სარჩელები დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 12-14 ოქტომბრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორმა ა.პ–მა კორპორაცია „ქ–ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ.გ–იძეს გადასცა კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ ბალანსზე რიცხული ქონება.
5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ბ–ძემ და ა.პ–ძემ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 ივნისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 ივლისის განჩინებები).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინებით ნ.ბ–ძისა და ა.პ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
6.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დედოფლისწყაროს რაიონის კომერციულ სასოფლო-სამეურნეო საწარმო „ქ.ქ–ს“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა–ას“ (კორპორაცია „ქ–ის“ სამართალმემკვიდრე) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანება 74 879 ლარი. 1999 წლის 30 აპრილს კორპორაცია ქ–ის სამართალმემკვიდრე შპს „ა–ას“ მეანაბრეთა რწმუნებულ ნ.გ–იძის სასარგებლოდ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების საფუძველზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც „ქ.ქ–ისთვის“ დაკისრებული თანხა - 74 879 ლარი განისაზღვრა მყარი ვალუტით გადახდევინების პერიოდში არსებული კურსით - 57 687,98 აშშ დოლარით. დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით განიმარტა, რომ 1999 წლის 30 აპრილის სააღსრულებო ფურცელი ამოიწერა თორმეტი მეანაბრის: მ. ჯ–ის, გ. ჩ–ის, ე. ბ–ის, რ. ბ–ძის, რ. ჩ–ძის, ნ. გ–ძის, კ. ლ–ძის, ზ. ლ–ძის, მ. ბ–ის, მ. ს–ძის, გ. ა–ისა და ა. ა–ძის ერთობლივი განცხადების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილი იყო კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორ ა.პ–სა და კორპორაცია „ქ–ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ.გ–იძეს შორის გაფორმებული, 1999 წლის 12-14 ოქტომბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტების იდენტური შინაარსის რამდენიმე ეგზემპლარი, მათ შორის იმგვარი ვარიანტები, რომლებზეც მხარეთა ხელმოწერები დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ. 1999 წლის 12 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორმა ა.პ–მა „ქ–ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ.გ–იძეს საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის, ასევე, 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინების თანახმად, გადასცა კოოპერატივის ბალანსზე რიცხული 135 ჰა ფართობი ვენახი. მიღება-ჩაბარების აქტს კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორი ა. პ. და კორპორაცია „ქ–ის“ შპს „ა–ას” მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებული ნ. გ–ძე ხელს აწერენ 1999 წლის 14 ოქტომბრის თარიღით. აღნიშნულ აქტზე 2001 წლის 25 აპრილის თარიღით დასმულია ნოტარიუსის შტამპი, სადაც მითითებულია, რომ ხელმოწერები ნამდვილია და შესრულებულია ნოტარიუსის თანდასწრებით.
6.2. ქონების გადაცემის შესახებ 1999 წლის 12 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორმა ა.პ–მა კორპორაცია „ქ–ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ.გ–იძეს საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის, ასევე 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინების თანახმად, გადასცა კოოპერატივის ბალანსზე რიცხული შემდეგი ქონება: 1. კომპლექსი საძროხეები; 2. შიდა მოწყობილობა; 3. სამშობიარო შენობა; 4. კორმის ცეხი; 5. მაცივარი ოთახი; 6. საცხოვრებელი სახლი; 7. სან.გამტარი; 8. კაჩეგარია; 9.ხელოვნური დათესვის ოთახი; 10. სასენაჟე ტრანშეები; 11. ელ.მოტორის შენობა; 12. ბინების ფურნე; 13.წყლის გაყვანილობა; 14. სასენაჟე; 15.სასენაჟე; 16. სასენაჟე; 17. წყლის ნავი.
6.3. მიღება-ჩაბარების აქტს კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორი ა. პ–ი და კორპორაცია „ქ–ის“ შპს „ა–ას” მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებული ნ. გ–ძე ხელს აწერენ 1999 წლის 14 ოქტომბრის თარიღით. აღნიშნულ აქტზე 2001 წლის 25 აპრილის თარიღით დასმულია ნოტარიუსის შტამპი, სადაც მითითებულია, რომ ხელმოწერები ნამდვილია და შესრულებულია ნოტარიუსის თანდასწრებით.
6.4. 1999 წლის 12 ოქტომბრის ქონების გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორმა ა.პ–მა კორპორაცია „ქ–ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ.გ–იძეს საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების, დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინების თანახმად, გადასცა კოოპერატივის ბალანსზე რიცხული შემდეგი ქონება: 1. ვენახი ალაზანზე - 135 ჰა; 2. აგურის ქარხანა: ა) აგურის ქარხნის საცხოვრებელი სახლი; ბ) აგურის ქარხნის საცხოვრებელი სახლი; გ) აგურის ქარხნის საცხოვრებელი სახლი; დ) ქურა აგურის ქარხნის; დ) საშრობი ფარდული; ე) საშრობი ფარდული; ვ) თიხის ამრევი მოწყ. დაზგა; ზ.) რეზერვუარები 25 და 12 ტ; თ) საშრობი ფარდული.; 3. ავტომანქანა კმზ; 4. ავტომანქანა კმზ; 5. ავტომანქანა კმზ; 6. ავტომანქანა კმზ; 7. ტრაქტორი ტ-76; 8. ტრაქტორი მტზ-80; 9. ტრაქტორი მტზ-80; 10. კომბაინი ნივა; 11. კომბაინი „ნივა“; 12. კომბაინი „ნივა“; 13. საწყობი; 14. მეღორეობის ფერმა; 15. საცხოვრებელი სახლი; 15. მეღორეობის ფერმა, საცხოვრებელი სახლი; 16. მეღორეობის ფერმა, საცხოვრებელი სახლი; 17. ტრაქტორი ტ-25; 18. ტრაქტორი ტ-25; 19. ტრაქტორი ტ-25; 20. ტრაქტორი ტ-25; 21. მზესუმზირის სათესი; 22. კულტივატორი; 23. ხორბლის სათესი; 24. ტრაქტორი მტზ-80; 25. სათესი; 26. ტრაქტორი ტ-54; 27. წისქვილთან მდებარე საწყობი; 28. საწყობის შენობის ნარჩენი; 29. აფთიაქი; 30. ტრაქტორი მტზ-80; 31. ტრაქტორი მტზ-80; 32. ტრაქტორი მტზ-80; 33. ტრაქტორი დტ-70; 34. ტრაქტორი დტ-75; 35. ტრაქტორი იუმზ-80; 36. ხორბლის სათესი; 37. ტრაქტორი მტზ. 80; 38. ლაფეტი ორღერძიანი; 39. მზესუმზირის სათესი; 40. სამჭედლო სადურგლო; 41. ტრაქტორი მტზ-80; 42. გუთანი; 43. ავტომანქანა გაზ. 53; 44. ავტომანქანა ზილ. 130; 45. ავტომანქანა ზილ. 130; 46. ავტომანქანა ზილ. 130; 47. ავტობუსი; 48. სათესი; 49. მეცხოველეობის კომპლექსი იზოლატორი.
6.5. აღნიშნულ აქტზე 2001 წლის 25 აპრილის თარიღით დასმულია ნოტარიუსის შტამპი, სადაც მითითებულია, რომ ხელმოწერები ნამდვილია და შესრულებულია ნოტარიუსის თანდასწრებით.
6.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელანტების წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაზე, სადაც ნ.გ–იძე უთითებდა, რომ სადავო, 1999 წლის 12-14 ოქტომბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტები მხარეთა შორის გაფორმდა რამდენჯერმე, თუმცა, საბოლოო შინაარსზე მხარეები შეჯერდნენ მაშინ, როდესაც მხარეთა ხელმოწერები დაამოწმა ნოტარიუსმა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო 1999 წლის 12-14 ოქტომბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტების საბოლოო ვარიანტები მხარეთა შორის შედგა ნოტარიუსის მიერ ხელმოწერების დადასტურების დღეს - 2001 წლის 25 აპრილს.
6.7. დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დედოფლისწყაროს რაიონის საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო მოთხოვნა და კოოპერატივ „ქ.ქ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 287 850 ლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით, 2000 წლის 19 მაისს დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს აღმასრულებელმა ზ.ბაკაშვილმა დააყადაღა კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ ქონება.
6.8. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით საფინანსო-სატრასტო კომპანია „ქ–ს“ ლ.გ–ას (ლ.ა–ი) სასარგებლოდ დაეკისრა 2 332 000 რუსული რუბლისა და 6 999 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 10 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეებს: ლ.ა–სა და დედოფლისწყაროს რაიონის კოოპერატივ „ქ.ქ–ს“ შორის დადებული მორიგების ხელწერილი სხვადასხვა დასახელების უძრავ-მოძრავი ქონების (ღირებულებით 16050 ლარი) გადაცემის შესახებ, კერძოდ, ლ. ა–ს გადაეცა შემდეგი ქონება: 1. მეძროხეობის კომპლექსში მდებარე ერთი ფერმა; 2. სახბორე; 3. ავტომანქანა გაზ.66; 4. ხორბლის სათესი; 5. აგურის ქარხანა; 6. ავტობუსი კავზი; ტრაქტორი ტ. 25; 7. მტზ. 80 და მისი მისაბმელი; 8. რძის მიმღები მაცივარი.
6.9. გაზიარებულ იქნა აპელანტების მოსაზრება, რომ 1999 წლის 12-14 ოქტომბრით დათარიღებული სადავო მიღება-ჩაბარების აქტები წარმოადგენდა არა აღსრულების პროცესში დადებულ მორიგებას, არამედ - სააღსრულებო წარმოებათა მიღმა დადებულ გარიგებებს.
6.10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 428-ე მუხლით და მიიჩნია, რომ კოოპერატივ „ქ.ქ–ს“ კორპორაცია „ქ–ის“ მეანაბრეთა სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა თანხის გადახდა, რის სანაცვლოდაც კოოპერატივის დირექტორმა ნებაყოფლობით განახორციელა სხვა შესრულების გადაცემა კრედიტორისთვის.
6.11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რეგისტრირებული კოოპერატივი „ქ.ქ–ის“ წესდების 6.20 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, გამგეობას კოოპერატივის წევრთა შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით ხმის უმრავლესობით ირჩევდა რწმუნებულთა წარმომადგენელთა კრება 7 წევრის შემადგენლობით 4 წლის ვადით. წესდების 6.24 პუნქტის მიხედვით კი, გამგეობა სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებდა ხმათა უმრავლესობით. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 66-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომელიც ადგენდა, რომ კოოპერატივის გამგეობა შედგებოდა არანაკლებ ორი დირექტორისაგან (გამგეობის წევრები), სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ქ.ქ–ის“ საერთო კრების 1997 წლის 5 მარტის №2 ოქმის ამონაწერის თანახმად, კოოპერატივის საერთო კრებამ ნება დართო, კოოპერატივის გამგეობას თავისი შეხედულებისამებრ გაეყიდა კოოპერატივის ქონება.
6.12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 50-ე, 54-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ 1999 წლის 12-14 ოქტომბრით დათარიღებული სადავო მიღება-ჩაბარების აქტები კოოპერატივის სახელით დადებული იყო კოოპერატივის დირექტორის მიერ ერთპიროვნულად. საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა კოოპერატივის გამგეობის გადაწყვეტილება, სადავო მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სადავო გარიგებები არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებულ გარიგებებად შეაფასა. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ 1999 წლის 12-14 ოქტომბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტების დადებისას ქონების მესაკუთრე კოოპერატივ „ქ.ქ–ს“ მისი კუთვნილი ქონების გასხვისებაზე ნება არ გამოუვლენია, რის გამოც სადავო გარიგებები იყო ბათილი, არღვევდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს.
6.13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 130-ე მუხლის საფუძველზე და მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 1999 წლის 12-14 ოქტომბრით დათარიღებული სადავო მიღება-ჩაბარების აქტების საბოლოო, შეჯერებული ვარიანტები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორ ა.პ–სა და კორპორაცია „ქ–ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ.გ–იძეს შორის გაფორმდა 2001 წლის 25 აპრილს - იმ დროს, როდესაც მხარეებმა ნოტარიუსის თანდასწრებით ხელი მოაწერეს მიღება-ჩაბარების აქტებს. კოოპერატივმა „ქ.ქ–მა“ სარჩელი სასამართლოში აღძრა 2003 წლის ოქტომბერში, შესაბამისად, მოსარჩელეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები არ დაურღვევია.
6.14. ამავე საფუძვლით არ იქნა გაზიარებული აპელანტების მტკიცება ლ.ა–ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, განმარტა, რომ იმ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ ლ.ა–ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმული იყო, ეკისრებოდათ აპელანტებს, რომლებმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაასაბუთეს, თუ როდის გახდა ცნობილი მოწინააღმდეგე მხარეებისთვის მათი უფლებების დარღვევის შესახებ, შესაბამისად, აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს მათი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დედოფლისწყაროს საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 6 დეკემბრის წერილზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ქ.ქ–ს“ დედოფლისწყაროს საგადასახადო ინსპექციაში ბოლო ბალანსი წარდგენილი ჰქონდა 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობით და საგადასახადო ინსპექციისთვის ცნობილი არ იყო კოოპერატივის კუთვნილი ქონების ბალანსიდან მოხსნის შესახებ. გარდა ამისა, დადგენილი იყო, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2000 წლის 19 მაისს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ყადაღა დაედო კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ ქონებას. აღნიშნული ყადაღა არ გაუქმებულა და კვლავ ძალაშია, რაც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გამორიცხავდა ეჭვს, რომ საგადასახადო ინსპექციამ იცოდა, ან შესაძლოა სცოდნოდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ მიერ ქონების განკარგვის ფაქტი.
6.15. დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა ასევე აპელანტების მოთხოვნა, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინებების (დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინება; მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინება; მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინება; მოსამართლისაცილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინება) გაუქმების თაობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული გასაჩივრებული საოქმო განჩინებების უსწორობებთან დაკავშირებით არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ასევე საქმეზე მიღებული ყველა შუალედური (საოქმო) განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ბ–ძემ და ა.პ–ძემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების მოწინააღმდეგე მხარეებისათვის დაკისრება (ასევე იხ. საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინება - ტ.7, ს.ფ.457-459)-
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ძისა და ა.პ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რეგისტრირებულ კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ სარჩელი კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორ ა.პ–სა და კოოპერატივ „ქ–ის“ უფლებამონაცვლე შპს „ა–ას“ მეანაბრეთა რწმუნებულ ნ.გ–იძეს შორის გაფორმებული 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობისა და დავალიანების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ არ დაკმაყოფილდა; სსიპ „შემოსავლების სამსახურისა“ და ლ.ა–ის მოთხოვნის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; ნ.ბ–ძესა და ა.პ–ძეს უარი ეთქვათ საოქმო განჩინებების გაუქმების მოთხოვნაზე.
8.1. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სპეციალური კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კოოპერატივის გამგეობა შედგება არანაკლებ ორი დირექტორისაგან (გამგეობის წევრები). საქმეში წარმოდგენილი კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ წესდების 6.20 პუნქტის თანახმად, გამგეობას კოოპერატივის წევრთა შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, ხმის უმრავლესობით, ირჩევს რწმუნებულთა წარმომადგენელთა კრება 7 წევრის შემადგენლობით 4 წლის ვადით. წესდების 6.24 პუნქტის მიხედვით კი გამგეობა სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ხმის უმრავლესობით.
8.2. საქმეში წარმოდგენილია და თავად კასატორები მიუთითებენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ საერთო კრების 1997 წლის 5 მარტის №2 ოქმის ამონაწერზე, რომლითაც განისაზღვრა შემდეგი: საზოგადოების დაგროვებული დავალიანების გასტუმრების მიზნით, კოოპერატივის საერთო კრებამ ნება დართო კოოპერატივის გამგეობას, თავისი შეხედულებისამებრ განეხორციელებინა კოოპერატივის ქონების ნაწილის გაყიდვა.
8.3. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომ სადავო გარიგებების დადების დროისათვის კოოპერატივი „ქ.ქ–ის“ გამგეობა შედგებოდა მხოლოდ ერთი დირექტორის - ა.პ–საგან, რომელიც უფლებამოსილი იყო, განეკარგა საზოგადოების ქონება, ამდენად, კასატორთა არგუმენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების არასწორი შეფასების თაობაზე უსაფუძვლოა.
8.4. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემული საქმის არსებითად განხილვამდე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, რა დროსაც როგორც პირველი, ისე ზემდგომი - თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვის შედეგად დაზუსტდა ზემოაღნიშნული გარემოებები, მათ შორის მხარეთა უფლებამოსილება თუ მოთხოვნის (სარჩელების) იურიდიული ინტერესი, ხოლო ის გარემოება, რომ, სარჩელის გამო, სახელმწიფო ბაჟი, შესაძლოა, არ იყოს სრულყოფილად გადახდილი, არ წარმოადგენს სსსკ- ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპროცესო ნორმის იმგვარ დარღვევას, რასაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, ამასთანავე, ამ გადაცდომის გამოსწორებისათვის, თუ იგი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი ხასიათის აღმოჩნდება, არსებობს საპროცესო-სამართლებრივი ბერკეტები (მაგ: სსსკ-ის 42-ე, 55-ე მუხლები).
8.5. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ მოთხოვნის ნაწილში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლებამოსილია ამ ნაწილში თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე და, ხანდაზმულობის გამო, უარი უთხრას კოოპერატივს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება სპეციალური კანონით გათვალისწინებული შემადგენლობის არსებობა (სპეციალური კანონის 9.5 მუხლი), რაც კოოპერატივ „ქ.ქ–ს“ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებას 2001 წლის 25 აპრილს, მიღება-ჩაბარების აქტებზე მხარეთა მიერ ნოტარიუსის თანდასწრებით ხელმოწერის მომენტიდან წარმოუშობს და ეს ვადა ამოიწურა 2002 წლის 25 ოქტომბერს, საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ კოოპერატივ „ქ.ქ–მა“ სარჩელი სასამართლოში 2003 წლის ოქტომბერში აღძრა. აღნიშნული გარემოება, სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
8.6. რაც შეეხება დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირების: ლ. ა–ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელების ხანდაზმულობის საკითხს, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, სსკ-ის 129-ე და 130-ე მუხლები. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთება, რომ ლ. არაბულისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნების მიმართ ვრცელდება 3-წლიანი და 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადები, თუმცა, ამ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად გაანაწილა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მტკიცების ტვირთი.
8.7. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორცილებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს.
8.8. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო გარიგებები (მიღება-ჩაბარების აქტები) მხარეთა შორის გაფორმდა 2001 წლის 25 აპრილს, დადგენილია ის გარემოებაც, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციამ (უფლებამონაცვლე სსიპ შემოსავლების სამსახური) სასამართლოს სარჩელით 2005 წლის 17 ივნისს მიმართა, ხოლო ლ.ა–მა (ლ.გ–ამ) - 2005 წლის 3 ივნისს, ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ კუთხით გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავდასაკმარის დასაბუთებას და საჭირო იყო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამასთანავე, საყურადღებო იყო ის ფაქტიც, რომ ლ. ა–ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელები აღიარებითი სარჩელებია, რომლებიც მიმართულია მოსარჩელეთა მიმართ არსებული დავალიანების რეალურად აღსრულებისაკენ.
8.9. საკასაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 180-ე მუხლზე და განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას მესამე პირების სარჩელის იურიდიული ინტერესის ფარგლების თაობაზე, რამდენადაც მესამე პირებს სადავო გარიგებების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი მხოლოდ მათი მოთხოვნის ოდენობით შეიძლება გააჩნდეთ, ამ კუთხით კი საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ლ.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 12-14 ოქტომბრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორმა ა.პ–მა კორპორაცია ქ–ის მენაბრეთა ჯგუფის რწმუნებულს ნ.გ–იძეს გადასცა კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ ბალანსზე რიცხული მეძროხეობის კომპლექსში მდებარე ერთი ფერმა; სახბორე; აგურის ქარხანა და რძის მიმღები მაცივარი; მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 12-14 ოქტომბრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორმა ა.პ–მა კორპორაცია ქ–ის მენაბრეთა ჯგუფის რწმუნებულს ნ.გ–იძეს გადასცა კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ ბალანსზე რიცხული შემდეგი უძრავი ქონება: კომპლექსი საძროხეები; შიდა მოწყობილობა; სამშობიარო შენობა; კორმის ცეხი; მაცივარი ოთახი; საცხოვრებელი სახლი; სან.გამტარი; კაჩეგარია; ხელოვნური დათესვის ოთახი; სასენაჟე ტრანშეები; ელ. მოტორის შენობა; ბინების ფურნე; წყლის გაყვანილობა; სასენაჟე; სასენაჟე; სასენაჟე; წყლის ნავი; ვენახი ალაზანზე - 135 ჰა; აგურის ქარხანა: ა) აგურის ქარხნის საცხოვრებელი სახლი; ბ) აგურის ქარხნის საცხოვრებელი სახლი; გ) აგურის ქარხნის საცხოვრებელი სახლი; დ) ქურა აგურის ქარხნის; დ) საშრობი ფარდული; ე) საშრობი ფარდული; ვ) თიხის ამრევი მოწყ. დაზგა; ზ.) რეზერვუარები 25 და 12 ტ; თ) საშრობი ფარდული.; საწყობი; მეღორეობის ფერმა; საცხოვრებელი სახლი; მეღორეობის ფერმა, საცხოვრებელი სახლი; მეღორეობის ფერმა, საცხოვრებელი სახლი; წისქვილთან მდებარე საწყობი; საწყობის შენობის ნარჩენი; აფთიაქი; მეცხოველეობის კომპლექსი იზოლატორი; დანარჩენ ნაწილში დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
9.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ორი გარემოება: 1. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების (ლ.ა–ი და სსიპ შემოსავლების სამსახური) იურიდიული ინტერესის ფარგლები და 2. მათ სასარჩელო მოთხოვნებზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილის განსაზღვრა.
9.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ.ა–ის იურიდიული ინტერესის ფარგლები მოიცავდა 16 050 ლარის ღირებულების შემდეგი ქონების: 1. მეძროხეობის კომპლექსში მდებარე ერთი ფერმა; 2. სახბორე; 3. ავტომანქანა გაზ.66; 4. ხორბლის სათესი; 5. აგურის ქარხანა; 6. ავტობუსი კავზი; ტრაქტორი ტ. 25; 7. მტზ. 80 და მისი მისაბმელი; 8. რძის მიმღები მაცივარი, - გადაცემის ნაწილში სადავო მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობას;
9.3. რაც შეეხება სსიპ საქართველოს შემოსავლების სამსახურის იურიდიული ინტერესის ფარგლებს, დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დედოფლისწყაროს რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის გამო „ქ.ქ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 287 850 ლარის გადახდა, რომლის აღსასრულებლადაც საქართველოს შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს გადასახადების გადამხდელის მთელ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, შესაბამისად, კოოპერატივი „ქ.ქ–ის“ მიმართ დაკისრებული თანხის ოდენობიდან გამომდინარე, სსიპ საქართველოს შემოსავლების აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის ფარგლები უნდა განისაზღვროს სადავო მიღება-ჩაბარების აქტებით გადაცემულ მთელი უძრავ-მოძრავი ქონებით.
9.4. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის ათვლას, როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორცილებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს.
9.5. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებმა მათი უფლებების დარღვევის შესახებ შეიტყვეს არა დარღვევისთანავე, არამედ მოგვიანებით, მათვე აკისრიათ.
9.6. კონკრეტულ შემთხვევაში, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ შეძლეს იმის დამტკიცება, რომ მათ სადავო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შესახებ შეიტყვეს არა მათი გაფორმებისთანავე, არამედ - მოგვიანებით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ სასარჩელო მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2001 წლის 26 აპრილიდან.
9.7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირების სარჩელები სადავო მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით მოძრავი ნივთების გადაცემის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მათი უფლებების დაღვევიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უძრავი ქონების გადაცემის ნაწილში სარჩელები არ არის ხანდაზმული, ვინაიდან არ არის გასული 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
10. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ.ა–მა, გ.ბ–ძემ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
10.1. გ.ბ–ძემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა გ.ბ–ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, ლ.ა–ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
10.2. სსიპ შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და გ.ბ–ძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10.3. ლ.ა–მა ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ლ.ა–ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელები, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
11. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
12. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.
13. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
14.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. მაგალითისათვის, მოსარჩელეს შეეძლო მიღება-ჩაბარების აქტების ბათილობის სამართლებრივი შედეგი - კონდიქციური მოთხოვნა (სსკ-ის 976-ე მუხლის 1 „ა“ ქ/პუნქტისა და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი) წაეყენებინა მოპასუხისათვის. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.
15. საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად.
16.საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ლ.ა–ისა და სსიპ შემოსავლების სასარჩელო მოთხოვნების იურიდიული ინტერესია მიღება-ჩაბარების აქტებში დასახელებული ქონებების დაბრუნება, რადგან ამგვარ მოთხოვნას დასახელებული სარჩელები არ შეიცავენ. რაც შეეხება ნ.გ–იძის შესაგებელს, იგი მის მიერ წერილობით წარდგენილ შესაგებლებში პირველივე ინსტანციის სასამართლოში უთითებდა, რომ წარდგენილი აღიარებითი სარჩელები დაუშვებელი იყო, ასევე, სასამართლო სხდომებზეც განაცხადა, რომ მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით არ ჰქონდათ დასაბუთებული მათ მიერ აღძრული სარჩელების ნამდვილი იურიდიული ინტერესი (იხ. შესაგებლები - ტ.2, ს.ფ.13-19; 20-31; ტ.3-ს.ფ.15-18; ასევე - დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი- ტ.5, ს.ფ.181-192; ამავე სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის სხდომის ოქმი - ტ.5, ს.ფ.350-360).
17.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში როგორც გ.ბ–ძე (ა.პ–ძის უფლებამონაცვლე), ისე ლ.ა–ი და სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენენ კრედიტორებს, კერძოდ:
17.1. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დედოფლისწყაროს რაიონის კომერციულ სასოფლო-სამეურნეო საწარმო „ქ.ქ–ს“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა–ას“ (კორპორაცია „ქ–ის“ სამართალმემკვიდრე) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანება 74 879 ლარი. 1999 წლის 30 აპრილს კორპორაცია ქ–ის სამართალმემკვიდრე შპს „ა–ას“ მეანაბრეთა რწმუნებულ ნ.გ–იძის სასარგებლოდ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების საფუძველზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც „ქ.ქ–ისთვის“ დაკისრებული თანხა - 74 879 ლარი განისაზღვრა მყარი ვალუტით გადახდევინების პერიოდში არსებული კურსით - 57 687,98 აშშ დოლარით. დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით განიმარტა, რომ 1999 წლის 30 აპრილის სააღსრულებო ფურცელი ამოიწერა თორმეტი მეანაბრის: მ. ჯ–ის, გ. ჩ–ძის, ე. ბ–ის, რ. ბ–ძის, რ. ჩ–ძის, ნ. გ–ძის, კ. ლ–ძის, ზ. ლ–ძის, მ. ბ–ის, მ. ს–ძის, გ. ა–სა და ა. ა–ძის ერთობლივი განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მოვალეა კოოპერატივი „ქ.ქ–ი“;
17.2. დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დედოფლისწყაროს რაიონის საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო მოთხოვნა და კოოპერატივ „ქ.ქ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 287 850 ლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით, 2000 წლის 19 მაისს დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს აღმასრულებელმა ზ.ბ–მა დააყადაღა მოვალის - კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ ქონება;
17.3. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით საფინანსო-სატრასტო კომპანია „ქ–ს“ ლ.გ–ას (ლ.ა–ი) სასარგებლოდ დაეკისრა 2 332 000 რუსული რუბლისა და 6 999 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ამ შემთხვევაში მოვალეა საფინანსო-სატრასტო კომპანია „ქ–ი“, ხოლო ამ უკანასკნელის სამართალმემკვიდრეა შპს „ა–ა“.
17.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ორი კრედიტორის - ლ.ა–ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აღიარებითი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ისე, რომ არ არის დასაბუთებული, თუ რას მიაღწევენ მესამე პირები სადავო აქტების ბათილად ცნობით. მოცემულ შემთხვევაში კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ მიერ აღძრულია მიკუთვნებითი სარჩელი, რომელმაც, როგორც მოვალემ, კოოპერატივის ყოფილი დირექტორისა და შპს „ა–ას“ მეანაბრეებისაგან (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) დავალიანების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა მოითხოვა. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მესამე პირების აღიარებითი სარჩელით დაუსაბუთებელია, თუ სამართლებრივად როგორ გაიუმჯობესებენ მესამე პირები თავია– მდგომარეობას, რის გამოც სარჩელები პროცესუალურ-სამართლებრივად დაუშვებელია; დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების მიერ, თითოეულის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო მოვალის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელისათვის სადავო ქონების დაბრუნებისა და ამის შემდეგ ქონებაზე აღსრულების მიქცევის მოთხოვნით კრედიტორთა (მესამე პირების) სასარგებლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე.
18საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრების იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ.ა–ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელები განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
20. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამავე კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ლ.ა–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. გაუქმდეს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება;
5. ლ.ა–ის სარჩელი დარჩეს განუხილველად;
6. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დარჩეს განუხილველად;
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე