Facebook Twitter

საქმე №ას-425-2019 2 აგვისტო, 2019 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელატი, კასატორი, მერია ან მეიჯარე) სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 25 აპრილის QN1207305 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, . .....-ის მიმდებარედ არსებული 816 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, 43 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაიდო იჯარის ხელშეკრულება და პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა ლ.მ–ს (შემდეგში: მოპასუხე ან მოიჯარე). საიჯარო პირობები განისაზღრა ამავე გადაწყვეტილების N2 დანართით. იჯარის ვადად განისაზღვრა 2016 წლის 1 აპრილამდე პერიოდი (იხ. ს. ფ. 18-22).

2. მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 25 აპრილის QN1207305 გადაწყვეტილების N2 დანართის (საიჯარო პირობები) 3.1. პუნქტის თანახმად, ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 5500 ლარის ოდენობით, ხოლო 3.2. პუნქტის თანახმად, მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა ყოველწლიურად, არა უგვიანეს ყოველი წლის გასვლის უკანასკნელი დღისა. გადახდის ვადა აითვლებოდა გადაწყვეტილების გაცნობის მომენტიდან (2014 წლის 29 აპრილი). 12.1. პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ქირის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ს. ფ. 20-22).

3. იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხეს არ შეუსრულებია მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 25 აპრილის QN1207305 გადაწყვეტილების N2 დანართის საფუძველზე ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება (იხ. ს.ფ. 23-25, 26, 48).

4. მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 25 აპრილის QN1207305 გადაწყვეტილების საფუძველზე დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული იჯარის ვადის ამოწურვის შედეგად - 2016 წლის 1 აპრილს (იხ. ს. ფ. 48).

5. სარჩელის საფუძვლები

5.1. მოსარჩელემ 2018 წლის 13 აპრილს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მისთვის მერიის სასარგებლოდ საიჯარო ქირის 10 575.22 ლარის დაკისრება მოითხოვა. მეიჯარემ ასევე მოითხოვა მოიჯარისათვის საიჯარო ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს, 2018 წლის 29 მარტის (დაანგარიშების პირობითი თარიღი) მდგომარეობით, 5 857.8 ლარის დაკისრება, ხოლო 2018 წლის 30 მარტიდან საიჯარო ქირის სრულად დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის ( 5 500 ლარი) – 0.1 %, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5.50 ლარს შეადგენს.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით მეიჯარის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის - 10 575.22 ლარის გადახდა დაეკისრა; მოიჯარეს მეიჯარის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - ერთი ლარის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - სულ, 1 112 ლარის გადახდა დაეკისრა.

8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

8.1. მოსარჩელემ (მეიჯარემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მეიჯარის სარჩელი მოიჯარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით, 2018 წლის 29 მარტამდე პერიოდისათვის, 1 171.5 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო 2018 წლის 30 მარტიდან აღსრულების პერიოდამდე - ყოველდღიურად 1.1 ლარის გადახდა.

9.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მერიის სასარგებლოდ 10575.22 ლარის გადახდა დაეკისრა სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ არის და ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.05.2018 წლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

9.3. მერიის სასარჩელო მოთხოვნას (პირგასამტეხლოსთან მიმართებით) მოპასუხისათვის 2018 წლის 29 მარტამდე პერიოდისთვის (დაანგარიშების პირობითი თარიღი) დარიცხული პირგასამტეხლოს სახით 5857.8 ლარის, ხოლო 2018 წლის 30 მარტიდან საიჯარო ქირის სრულად დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის (5500 ლარი) – 0.1%-ის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5.50 ლარის დაკისრება წარმოადგენს.

9.4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოხმობილი ნორმები პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.

9.5. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა,რომ სახეზეა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და შესაბამისად - მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, თუმცა, არა გადაწყვეტილებაში მითითებული ოდენობით. პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმის გარემოებები, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების დარღვევის ხარისხზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობაზე, სასამართლოში სარჩელის აღძვრის პერიოდზე, შესრულების ღირებულებაზე, ვალდებულების შესრულების/ შეუსრულებლობასთან მიმართებით კრედიტორის ეკონომიურ ინტერესზე და ორივე მხარის ინტერესების თანაზომიერად დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, მივიდა დასკვნამდე, რომ 2018 წლის 29 მარტამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობიდან - 5857,50 ლარიდან 1171.5 ლარამდე (წლიური საიჯარო ქირის 0,02% 1065 დღეზე) უნდა შემცირდეს და საბოლოოდ 29.03.2018 წლამდე დარიცხული პირგასამტეხლო 1171.5 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს.

9.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრება, საბოლოოდ კი ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ძირითადი ვალდებულების სახით დავალიანება გააჩნია, მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება ძირითადი ვალდებულების, კერძოდ, საიჯარო ქირის გადახდამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს სახით წლიური საიჯარო ქირის ოდენობის 0,1 %-ის დარიცხვაზე, ამ გარემოებების და პირგასამტეხლოს მიზნის - პროვოცირებული იქნეს ვალდებულების დროულად შესრულება მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 30.03.2018 წლიდან ძირითადი ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოიჯარეს მეიჯარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, არამედ შემცირებული - წლიური საიჯარო ქირის 0,02 %-ის ოდენობით, რაც ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 1,1 ლარს შეადგენს.

10. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. მოსარჩელემ (მერიამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მხარის მიერ დარღვეულ იქნა სარგებლობის პირობები, კერძოდ კი, საიჯარო ქირა მოიჯარის მიერ საერთოდ არ იქნა გადახდილი, რის გამოც მოპასუხეს მერიის სასარგებლოდ NQN1207305 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკისრება საიჯარო ქირა და პირგასამტეხლო ხელშეკრულების 12.1 პუნქტის შესაბამისად (სარგებლობის პირობების 12.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 /ერთი/ ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე).

10.3. მართალია, სასამართლოს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, მისი შეხედულებისამებრ, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მაგრამ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობის, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისას უნდა განმარტოს და დაასაბუთოს, რატომ მიიჩნევს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ თანხად და ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით გონივრული თანხით შეამციროს იგი, რომელიც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი არგუმენტაციით სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

10.4. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სასამართლოს ეს არგუმენტი - ზიანის სიმცირე არ ამართლებს მაღალი პირგასამტეხლოს გამოყენებას, ცხადია, ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს ბუნებას, რომელიც დამოუკიდებელია დამდგარი ზიანის ოდენობისგან.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით მეიჯარის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებას შეეხება.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

20. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, აღნიშნული საკანონმდებლო დათქმა არ გულისხმობს სასამართლოს მიერ უპირობოდ, ყველა შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში დარღვეული ვალდებულების გათვალისწინებით, ასევე, შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით, ამომწურავად იმსჯელა (იხ. წინამდებარე განჩინების 9.2-9.6 ქვეპუნქტები).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასმაართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.

23. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

24. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო კასატორის (კომპანიის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე