საქმე №ას-593-2019 2 აგვისტო, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „რ….“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.გ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გადაუხდელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის პროცენტის გადახდევინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „რ...“-სა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) და დ.გ–ასა (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) შორის 2015 წლის 1 ივნისს შრომითი ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება) ერთი წლის ვადით, 2016 წლის 1 ივნისამდე გაფორმდა (ტ. 1, ს.ფ. 14-16).
2. მოსარჩელე ტექნიკოსის თანამდებობაზე იყო დასაქმებული, მისი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად 400 აშშ დოლარს შეადგენდა (ტ. 1, ს.ფ. 14-16).
3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა, 2015 წლის პირველი ნოემბრის დამატებითი შეთანხმებით, 2016 წლის 1 ნოემბრამდე გაგრძელდა (ტ. 1, ს. ფ. 17).
4. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, 2016 წლის 4 თებერვლის დამატებითი შეთანხმებით, 800 ლარით განისაზღვრა (ტ. 1, ს. ფ. 18).
5. დამსაქმებლის 2015 წლის 5 ივნისის ბრძანებით მოპასუხე საზოგადოების თანამშრომლებს უხელფასო შვებულება მიეცათ (ტ. 1, ს. ფ. 37).
6. მოსარჩელემ 2016 წლის 20 თებერვალს დამსაქმებელს განცხადებით მიმართა 2016 წლის 1 მარტიდან სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა (ტ. 1, ს. ფ. 38).
7. სასარჩელო მოთხოვნა
7.1. დასაქმებულმა 2018 წლის 17 იანვარს სარჩელით მიმართა სასამართლოს დამსაქმებლის წინაააღმდეგ და მისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2015 წლის ივლისისა და აგვისტოს ხელფასის 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (გადასახადების გარეშე) და 2016 წლის მაისიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე - 6 თვის ხელფასის - 4 800 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ, მის სასარგებლოდ, ასევე მოითხოვა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დარიცხული 800 აშშ დოლარის 0.07 %-ის, სულ - 497.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. ასევე, მოსარჩელის სასარგებლოდ, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მოპასუხისათვის ს 6 თვის გაუცემელი ხელფასის - 4 800 ლარის 0.07 %-ის, სულ 1 585 ლარის გადახდის დაკისრება .
8. მოპასუხის შესაგებელი
8.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლითა, ასევე, სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მიუღებელი შრომის ანაზღაურების, დაკისრება და დაყოვნებული ყოველთვიური თანხის 0.07 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სულ 497.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
10.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.2. სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინების 1-3 პუნქტებში ასახული გარემოებები დადგენილად მიიჩნია და არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელე 2015 წლის 7 ივნისიდან იმავე წლის 1 აგვისტომდე იმყოფებოდა ანაზღაურების გარეშე შვებულებაში.
11.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენების უფლება გარანტირებულია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 21-ე მუხლის მე-2 ნაწილით. დასახელებული ნორმა უზრუნველყოფს დასაქმებულის უფლებას, მისი საჭიროებიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს შვებულებით და მისი სამსახურში გამოუცხადებლობა საპატიო გარემოებად შეფასდეს, ხოლო დამსაქმებელს არ ეკისრება ვალდებულება, აანაზღაუროს დასაქმებულის მიერ განუსაზღვრელი ვადით (მინიმუმ 15 დღე) აღებული შვებულება მაშინ, როდესაც დასაქმებული არ ასრულებს მის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას შრომითი ურთიერთობის შეჩერების გამო.
11.4. სშკ-ის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი.
11.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მოპასუხის მიერ გაცემული ანაზღაურების გარეშე შვებულებაში თანაშრომელთა გაშვების შესახებ ბრძანების დასაქმებულებთან შეთანხმებით გაფორმების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასევე, არ დასტურდება, რომ დასაქმებული ბრძანებას გაეცნო და მას დაეთანხმა, არც ის დასტურდება, რომ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს მოსარჩელე მითითებულ პერიოდში არ ასრულებდა.
11.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხული აქვს შემდეგი თანხები: 14.07.2015 წ. – 400 აშშ დოლარი; 02.10.2015 წ. – 400 აშშ დოლარი; 04.11.2015 წ. – 400 აშშ დოლარი; 21.12.2015 წ. – 400 აშშ დოლარი; 30.12.2015 წ. – 400 აშშ დოლარი; 02.02.2016 წ. - 320 აშშ დოლარი; 28.03.2016 წ. – 986.74 ლარი, 22.04.2016 წ. – 800 ლარი (ტ. 1, ს. ფ. 19-21).
11.7. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის მეორე მუხლის მეორე ნაწილსა და 31-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ დასაქმებულს არ მიუღია 2015 წლის ივლისისა და აგვისტოს თვის ხელფასი - 800 აშშ დოლარი. აპელანტს, ასევე, უნდა დაეკისროს გადაუხდელი ხელფასის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დარიცხული 0.07 %-ის გადახდა, რაც - 497.5 აშშ დოლარია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე გაზიარებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები.
12. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. აპელანტმა (დამსაქმებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს განჩინება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
12.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ანაზღაურების გარეშე შვებულებაში მისი გაშვების შესახებ ბრძანება, შესაბამისად ის ნამდვილად მიიჩნევა. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული სამართლებრივი მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნას აცდენილია.
12.3. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად გაანაწილეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი.
12.4. კასატორის განმარტებით დასაქმებულის მოთხოვნა ხანდაზმულია.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.
21. „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ 3 ას-941-891-2015, 29.01.2016 წ.)
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, რომელიც წინამდებარე განჩინების 11.4-11.7 ქვეპუნქტებშია ასახული და დამატებით განმარტავს, რომ სშკ-ი დამსაქმებელს დასაქმებულთან იმგვარი შეთანხმების გაფორმების უფლებას არ აძლევს, რომლითაც დასაქმებულს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნა მოუწევს (სშკ-ის 21.3-ე მუხლი). შესაბამისად, დამსაქმებელს დასაქმებულის მიერ მოთხოვნილი 2 თვის, 2015 წლის ივლისისა და აგვისტოს ხელფასისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს.
23. დასაქმებულის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობაზე შედავება საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი ეტაპის დამთავრებამდე არ წარუდგენია, რის გამოც მისი პოზიცია დაუსაბუთებელია და საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი ხელფასის 0.07 %-ის მოპასუხისათვის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილია დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, ანუ - ხელშეკრულების მოქმედების (არსებობის) პერიოდში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ამ უკანასკნელის მუშაობის გამო ხელფასის (ანაზღაურების) გადახდის ვალდებულების არსებობა და მისი გადახდის დაგვიანება (დაყოვნება) და/ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა. ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი, პირგასამტეხლოს სახით, უკავშირებს დაყოვნებული (გადასახდელი, მაგრამ დაგვიანებული) თანხის 0.07%–ის გადახდის ვალდებულებას, არ იგულისხმება იძულებითი განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმების, არამედ დამსაქმებლის არამართლზომიერი ქმედების გამო დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს. დამსაქმებლისათვის დასაქმებულის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა იძულებით განაცდური ანუ ხელფასი, რომელსაც დასაქმებული მიიღებდა, რომ არა მისი იძულებითი, არაკანონიერი მოცდენა, არ შეიძლება გაიგივებული იქნეს სშკ-ის 38.8-ე მუხლით განსაზღვრულ კომპენსაციასთან. იმისთვის, რომ მხარემ მის სასარგებლოდ განახორციელოს სშკ-ის 31-ე მუხლით დადგენილი უფლება, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს ამ მუხლის ამოქმედებისათვის აუცილებელი წინაპირობები (შემადგენლობა): ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (სშკ-ის 34-ე მუხლი) (იხ. სუსგ # ას-461-429-2017, 10.11.2017 წ.).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "რ..."-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "რ...."-ის (ს/კ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N725, გადახდის თარიღი 2019 წლის 28 მაისი), 70% – 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე