Facebook Twitter

საქმე №ას-605-2019 2 აგვისტო, 2019 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ჩ.ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ააიპ „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაცია საქართველოში“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ააიპ „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაცია საქართველოში“-ს (შემდეგში: მოსარჩელე ან ააიპ) საკუთრებაში ირიცხება ქ. ბათუმში, თაყაიშვილის ქ. №36-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №05.23.26.010 (იხ. ამონაწერი, ტ. 1, ს/ფ 21-22).

2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მეზობლად, კერძოდ ქ. ბათუმში, .... (საკადასტრო კოდი: ....) მდებარეობს შპს „ჩ.ს–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შპს) საკუთრებაში არსებული, მის მიერვე აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი (იხ. ფოტოსურათები, ტ. 1, ს/ფ 146-153).

3. მოპასუხის მიერ ზ/აღნიშნული მრავალსართულიანი კორპუსის აშენების დროს მიმდინარეობდა არაერთი სასამართლო დავა მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის, რომელიც ეხებოდა როგორც შპს-ს მიერ პროექტის დარღვევით წარმოებულ მშენებლობას, ასევე - მშენებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილებები, ტ. 1, ს/ფ 30-65).

4. სპეციალისტების 2017 წლის 22 მარტის ერთობლივი დასკვნით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ქ. ბათუმში, ... არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი მოწყობილი იქნა 2015 წლის 20 აპრილის №314 კორექტირებული პროექტის დარღვევით. აღნიშნული სახურავის პროექტის დარღვევით მოწყობამ კი სახურავზე თოვლის დიდი მასის წარმოქმნა და ქ. ბათუმში, .... მდებარე ორსართულიანი შენობის დაზიანება გამოიწვია მრავალსართულიანი კორპუსის პროექტის დარღვევით მოწყობილი სახურავიდან თოვლის ჩამოცვენის შედეგად (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილებები, სპეციალისტების დასკვნა, ტ. 1, ს/ფ 30-65, 139-142).

5. მოსარჩელემ, 2017 წლის 1 თებერვალს, 19:07 საათზე, 19:41 საათზე და 19:54 საათზე შეატყობინა.სსიპ ,,112“-ს.მრავალსართულიანი შენობიდან თოვლის მასის ვარდნის გამო ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.

6. საქმეში წარმოდგენილი ა. გ–იას და დ. კ–ძის გამოკითხვის ოქმებით და მათ მიერვე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 თებერვალს ააიპ-ის შენობის მეორე სართულის სახურავის ძირითადი ნაწილი იყო ჩამონგრეული, რის შედეგადაც დაზიანდა მეორე სართულის რამდენიმე ოთახის რემონტი და ავეჯი, ოთახში დიდი რაოდენობით თოვლი ეყარა. მათ უშუალოდ დაინახეს, რომ 2 თებერვალს მეზობელ შპს-ის კორპუსიდან ჩამოცვენილი თოვლის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის შენობის სახურავი. გაყინული თოვლის ვარდნის გამო მათ რამდენიმე დღე ვერ შეძლეს დაზიანებულ ოთახებში შესვლა. ამდენად, ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ .... სახურავზე თოვლი მთლიანად არ დადნა (იხ. გამოკითხვის ოქმები, ტ. 1, ს/ფ 69-73; იხ. 02.05.2018წ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი 16:23-16:34, ს/ფ 154).

7. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს“ (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2017 წლის 21 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ,,ქ. ბათუმში, .... მდებარე ორსართულიან შენობა-ნაგებობაზე, დამკვეთის მიერ მითითებულ თოვლის ჩამოცვენის შედეგად მიყენებული ზიანის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება დღგ-ს და სხვა ნორმატიული ხარჯების გათვალისწინებით შეადგენს 17 864,73 ლარს.; ექსპერტის მითითებით, ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი განცხადების თანახმად, გამოსაკვლევი ობიექტი მდებარეობს ქ. ბათუმში, ..... და წარმოადგენს იმავე მისამართზე მდებარე ორ სართულიან შენობა-ნაგებობას, სადაც დასადგენია მეზობლად მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან გადმოცვენილი თოვლის მასის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა“ (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ტ. 1, ს/ფ 74-105).

8. ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ..... მდებარე შენობიდან, ექსპერტიზაზე დამკვეთის მიერ გამოსაკვლევად წარმოდგენილი დაზიანებული ავეჯის აღდგენა-რესტავრაციის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენს 880 ლარს (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ტ. 1, ს/ფ 106-116).

9. სასარჩელო მოთხოვნა

9.1. მოსარჩელემ 2017 წლის 28 მარტს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხისათვის ზიანის - 18 744.73 ლარის დაკისრება მოითხოვა.

10. მოპასუხის შესაგებელი

10.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

11.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ააიპ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 18 744.73 ლარის გადახდა დაეკისრა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად; ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი - 595.35 ლარი, ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისათვის გაწეული ხარჯი - 760.21 ლარი და წარმომადგენელთა მგზავრობის ხარჯი - 865.79 ლარი.

12. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

12.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

13.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი, ამ განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული, ფაქტობრივი გარემოებები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 992-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018).

13.3. სსკ-ის მე-1000 მუხლის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.

13.4. მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

13.5. სსსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვალს განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018).

13.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად გამოიკვლია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, რომლებითაც დასტურდება მიყენებული ზიანის ოდენობა. სასამართლომ მოწმეთა ჩვენებეზე დაყრდნობით სწორად დაადგინა ის გარემოება, რომ ზიანი გამოწვეული იქნა უშუალოდ მოპასუხის მიერ საკუთრებაში არსებული, მის მიერვე აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ჩამოცვენილი თოვლის შედეგად. შესაბამისად, გამოკვეთილია დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ყველა კომპონენტი, რაც მოპასუხისათვის ზიანის დაკისრების საფუძველია (სსკ-ის 408-ე, 412-ე მუხლები). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც ვერანაირი სარწმუნო მტკიცებულებით ვერ იქნა გაბათილებული მოპასუხის მიერ.

14. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14.2. კასატორის განმარტებით, შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, ვინაიდან სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხე მხარის არგუმენტებზე, კერძოდ იმაზე, რომ შპს მშენებლობას აწარმოებდა კანონმდებლობით და სანებართვო პირობების დაცვით და არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდებდა შპს-ის სახურავიდან თოვლის ვარდნის ფაქტი, ასევე, არ დასტურდებოდა, 2017 წლის 1 თებერვალს შპს-ის სახურავზე თოვლის არსებობა და ის, რომ იქიდან გადმოვარდნილმა თოვლის მასამ დაუზიანა მოსარჩელეს ქონება, გარდა ამისა, საერთოდ დაუდგენელია თოვლის მასით ქონების დაზიანების ფაქტობრივი გარემოებები და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის შეფასების კალკულაცია.

14.3. კასატორის მტკიცებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა ასევე სსკ-ის 412-ე მუხლი, რომლის თანახმად იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია გამოვლენილი იყოს ორი პირობა: 1. ზიანი მოვალისათვის წინასწარ უნდა იყოს სავარაუდო, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია, ვინაიდან თოვლი არის სტიქია, რომლის მართვაც შეუძლებელია, შესაბამისად შეუძლებელია, რომ მოპასუხეს რამენაირად მაინც ევარაუდა, მის სახურავზე არსებული თოვლისგან ზიანის დადგომის ფაქტი, ვინაიდან შეუძლებელია თოვლის მასების გაკონტროლება და ასევე მე-2 პირობა ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, საქმეში მოცემული ექსპერტიზის დასკვნებით კი არ დგინდება, თუ რომელი მოქმედების შედეგად განიცადა მოსარჩელემ მატერიალური ზიანი.

14.4. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ მითითებული არც ფაქტობრივი გარემოებებით და არც წარდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთებოდა მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის. მარტოოდენ ის ფაქტი, რომ მოპასუხეს უხვი ნალექის გამო, კერძოდ, თოვლის მასის გამო მიადგა ზიანი, არ გულისხმობს იმას, რომ ის აუცილებლად მოპასუხის ბრალითაა გამოწვეული, ასეთ მტკიცებას სათანადო მტკიცებულებით გამყარება სჭირდება, რაც სსსკ-ის 178-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს, თუმცა, მას არ განუხორციელებია.

14.5. სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა ასევე სსკ-ის მე-1000 მუხლი, რადგანაც ჩათვალა რომ თოვლის მასის ჩამოვარდნა დაკავშირებული იყო ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებულ საფრთხესთან, რის გამოც დააკისრა ნაგებობის მფლობელს ზიანის ანაზღაურება. მაშინ როდესაც ნაგებობიდან გამომდინარე საფრთხე სახეზე არ გვაქვს, დაუშვებელია, რომ სსკ-ის მე-1000 მუხლს მიეცეს ამგვარი განმარტება, რადგან შენობის სახურავზე თოვლის მასის დაგროვება არის გაუთვალისწინებელი სტიქიური მოვლენა, რომელსაც კავშირი არა აქვს შენობიდან გამომდინარე საფრთხესთან.

14.6. გარდა ამისა, ნაგებობის მფლობელად არ უნდა იქნეს მიჩნეული მოპასუხე. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ქ. ბათუმში, ....., თითქმის ყველა ბინა გაყიდულია, საცხოვრებელ ფართებს ჰყავთ ინდივიდუალური მესაკუთრეები. შპს-ის საკუთრებაში არც ზედა სართულები და არც სახურავი რეგისტრირებული არა აქვს, იგი ამხანაგობის საერთო საკუთრებად ითვლება, ამიტომ შეუძლებელია მთლიანი საცხოვრებელი კომპლექსი მიჩნეული იქნეს შპს-ის საკუთრებად და კომპანიას დაეკისროს ნაგებობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება.

14.7. საქმეში წარ დგენილი ექსპერტიზის დასკვნებით გამოთვლილია ზიანის ოდენობა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების და დაზიანებული ავეჯის აღდგენა-რესტავრაციის საბაზრო ღირებულების სახით, მაშინ როდესაც დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე,თუ საიდან მიიღო მოსარჩელემ აღნიშნული ზიანი, ანუ გამოკვეთილი არ არის ზიანის დადგენის მიზეზობრივი კავშირი.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ შპს-ს საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

19.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ #ას-211-211-2018, 15.06.2018 წ.; #ას-1153-2018, 06.02.2019 წ.; #ას-1350-2018, 22.02.2019 წ.).

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

21.საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოპასუხის ძირითადი პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რაც მოპასუხის ბრალეულობას გამორიცხავდა და მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე გამომდინარებს დელიქტური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმიდან, სსკ-ის მე-1000 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან „1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია,თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი“ , 408.1-ე და 409-ე მუხლებიდან.

24. საკასაციო სასამართლომ ანალოგიურ საქმეზე განმარტა: “პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, მე-1000 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რომელიც გამომდინარეობს ნაგებობიდან. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. წყლის მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის პასუხიმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ მოწყობილობების მფლობელის ბრალეულობას და კანონმდებელი დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს ამ მოწყობილობების მფლობელ პირს” (იხ. სუსგ # ას-1287-1208-2016, 26.02.2016წ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოება, თუ როგორ მდგომარეობაში იყო საცხოვრებელი სახლი და როგორ შეიცვალა ვითარება მოპასუხის კუთვნილი ნაგებობიდან გადმოვარდნილი თოვლის მასის დაცემით სახლის დაზიანების შედეგად, დადგენილი აქვს სასამართლოს, ხოლო სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის უმნიშვნელოა მოპასუხის ბრალეულობის (მათ შორის შერეული ბრალის) კვლევა და დადგენა, რადგან საკითხი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას ეხება. შესაბამისად, გამოკვეთილია ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

25. ამ კატეგორიის დავებზე სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობის (ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი, ბრალი და მართლწინააღმდეგობა) არსებობა და მტკიცება არ არის საჭირო, რადგან მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყენების დროს, ბრალის გარეშეც, ასეთი საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობაა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამ ვითარებაში, რადგან მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, მოთხოვნა წარმოშობილია, მოპასუხის სტადიის შემოწმების ეტაპზე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, არაკვალიფიციური შედავებისა და საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

26. სააპელაციო სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების (დელიქტური სამართალდარღვევის) დამადასტურებელ მტკიცებულებებად მართებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საწინააღმდეგო და გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის.

27. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითა და ამ ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინა სასამართლოში, რომლითაც მოპასუხის პასუხისმგებლობა, მისი ბრალეულობის მიუხედავად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში დასტურდება.

28. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ განჩინების 14.6 ქვეპუნქტში ასახულ პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, როგორც მშენებარე ობიექტის მესაკუთრეს და მშენებელს (იხ. ტ. 1, ს. ფ. 26-27).

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ჩ.ს–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ჩ.ს–ს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ტ.ქ–ის (პ/ნ ......) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 992,24 ლარის (საგადახდო დავალება N7947175288, გადახდის თარიღი 2019 წლის 16 მაისი), 70% – 694,56 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე