გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-326-96-კს-03 21 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 6 აგვისტოს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ფინანსთა სამინისტრომ შპს “ს.” მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების _ 860000,22 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
2000წ. 20 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “ს.” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე გაცემული კრედიტის დაფარვის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის 8.1 პუნქტის თანახმად, Aშპს “ს.” იკისრა ვალდებულება გადაეხადა სამინისტროსათვის ამ უკანასკნელის მიერ “ნ.-ი. ბ.” გარანტის საფუძველზე დეპოზიტში გადახდილი თანხა 2928530 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით ამავე მუხლში მოცემული გრაფიკის შესაბამისად, ხოლო ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად, თანხის გადმორიცხვის დაგვიანების შემთხვევაში, შპს “ს.” უნდა გადაეხადა საჯარიმო გადასახდელი ვადაგადაცილებული ვალის თანხის წლიური 12%. აღნიშნული გრაფიკის შესაბამისად შპს “ს.” 2002წ. 20 დეკემბერს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 800000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ეროვნული ვალუტაში, რაც მოპასუხის მხრიდან არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ერიცხება დავალიანება 860000, 22 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, მათ შორის 800000,18 აშშ დოლარი დეპოზიტში გადახდილი თანხის ნაწილის სახით და 60000,04 აშშ დოლარი დაკისრებული ჯარიმის სახით.
მოსარჩელემ, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც მოპასუხის მხრიდან მისი ქონების გასხვისების საშიშროებას ქმნიდა, ითხოვა სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება შპს “ს.” უძრავ-მოძრავ ქონებაზე (მათ შორის ნაკვეთებზე, შენობა-ნაგებობებზე), საბანკო ანგარიშებზე, ფასიან ქაღალდებზე და ფულად სახსრებზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნოდა და იყო მასთან ან სხვა პირთან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 6 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში და ყადაღა დაედო შპს “ს.” უძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. სასამართლო კლეგიამ ჩათვალა, რომ მოპასუხის მოძრავი ქონების, მათ შორის ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების დაყადაღება გამოიწვევდა ამ უკანასკნელის საქმიანობის სრულ შეფერხებას, რასაც შესაძლოა გამოუსწორებელი დაბრკოლება შეექმნა საჯარო ინტერესებისათვის.
აღნიშნული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ფინანსთა სამინისტრომ და მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უძრავი ქონება შეიძლება საკმარისი არ აღმოჩენილიყო მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ამავე დროს მოპასუხეს შეიძლებოდა გაესხვისებინა მის საკუთრებაში არსებული ქონება, რაც შემდეგომში შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას და მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა სახელმწიფო ბიუჯეტს. კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შპს “ს.” მოძრავ ქონებაზე, მათ შორის საბანკო ანგარიშზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე ყადაღის დადების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლო კოლეგიის დასკვნას, რომ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება შპს “ს.” საქმიანობის სრულ შეფერხებას გამოიწვევს და ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის შპს-ს შემდგომ ფუნქციონირებას. აღნიშნული საფუძვლით არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზეც. ამავე დროს მოპასუხის ფასიან ქაღალდებზე ყადაღის დადების მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა მოცემულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ვინიადან ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს მიმოქცევად ფინანსურ ინსტრუმენტს და უფლებებს, ამასთან წილობრივი ფასიანი ქაღალდი ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში და შესაძლებელია მათი საჯარო შეთავაზება წილობრივი სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით, შესაბამისად ფასიანი ქაღალდების რეალიზაციას შედეგად მოჰყვება შპს-ს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება, რაც საკითხის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში ხელს შეუშლის ამ უკანასკნელის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებას.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივრის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს “ს.” კუთვნილ ფასიან ქაღალდებზე ყადაღის დადების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 6 აგვისტოს ¹3ა/372-2003 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და მოპასუხის უძრავ ქონებასთან _ მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობებთან ერთად ყადაღა დაედოს შპს “ს.” საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.