საქმე №ას-752-2019 2 აგვისტო, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს "ი.ჯ." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ს–ო" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს–ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი შპს „ი.ჯ“-ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 14 138.25 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუამდგომლა.
5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-ე, 73-ე, 74-ე მუხლები მოიხმო და დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელს 2019 წლის 11 მარტს დანიშნული სხდომის თაობაზე, 2019 წლის 6 მარტს, პირადად ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი და მინდობილობა, ს/ფ 145-147, 192).
6. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 215.3-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო, რადგან მას სასამართლო უწყების ჩაბარებიდან ჰქონდა გონივრული ვადა, სასამართლოსათვის გამოუცხადებლოს საპატიო მიზეზების თაობაზე ეცნობებინა.
7. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
8. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის საოქმო განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით 2019 წლის 7 მარტს აპელანტსა და იურიდიულ კომპანია „ს.გ–ს“ შორის, ანგარიშსწორების პირობის შეუსრულებლობის საფუძვლით, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება შეწყდა და შესაბამისად გაუქმდა რწმუნებულებაც. აპელანტი საკუთარი პოზიციების დაცვას პირადად გეგმავდა, თუმცა პროცესის დღეს მოპასუხე კომპანიის დირექტორს მოულოდნელად შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო. აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს აპელანტმა 2019 წლის 18 მარტს შეატყობინა (იხ. ს.ფ. 206) .
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 23 მაისის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კერძო საჩივრის ავტორის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სასამართლომ დადგენილად მიიჩნიოს მისი სასამართლო განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა. აპელანტს არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებული სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობაზე ემსჯელა. რაც შეეხება ჯანმრთელობის ცნობას, რომელიც 2019 წლის 11 მარტსაა გაცემული და რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორმა დაცემის შედეგად თავის ტვინის შერყევა მიიღო და დაენიშნა წოლითი რეჟიმი, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულით არ დასტურდება აპელანტის მხრიდან სასამართლოს შეტყობინების შეუძლებლობა. აღსანიშნავია, რომ აპელანტი იურიდიული პირია, რომელშიც არაერთი ადამიანია დასაქმებული, დირექტორს შეეძლო რომელიმე თანამშრომლისათვის დაევალებინა სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის მიზეზის სასამართლოსათვის შეტყობინება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხადარა. საქმეში წარმოდგენილ ცნობაში არ არის მითითებული დრო, თუ როდის მოხდა შემთხვევა ან როდის მიმართა იურიდიული პირის წარმომადგენელმა სამედიცინო დაწესებულებას.
15. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
16. ამდენად, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
17.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, რასაც მხარე თვითონაც არ ხდის სადავოდ. იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილი, 372-ე, 387-ე მუხლები).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ი.ჯ–ს" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის საოქმო განჩინება
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე