Facebook Twitter

საქმე №ას-831-831-2018 22 მარტი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ლ.ნ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''ე–ი'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში, ხელახლა განსახილველად.

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ე–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია ან გამსესხებელი) და ლ.ნ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) შორის 2014 წლის 16 ოქტომბერს ზეპირი ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რა დროსაც მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სესხის თანხის გადარიცხვა უნაღდო ანგარიშსწორების გზით განხორციელდა. 2014 წლის 16 ოქტომბრის N193 საგადასახადო დავალებით დგინდება, რომ მოპასუხეს სესხის სახით ჩაერიცხა 64 957.20 ლარი, გადახდის დანიშნულებაში მითითებულია - სესხის გაცემა (37000 აშშ დოლარი, კურსით 1.7556) (იხ. ტ. 1, ს. ფ 14).

2. მსესხებელს გამსესხებლისათვის ნასესხები თანხა არ დაუბრუნებია.

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. მოსარჩელემ 2017 წლის 18 აპრილს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მისთვის გამსესხებლის სასარგებლოდ 37 583.9 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 37 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 583.9 აშშ დოლარი) დაკისრება მოითხოვა.

3.2. მოსარჩელემ ამ გადაწყვეტილების 1-2 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე დაყრდნობით მსესხებლისათვის სესხის თანხის დაკისრება მოითხოვა.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელისაგან 37 000 აშშ დოლარი არ მიუღია, მსესხებელმა 64 957.20 ლარი ისესხა და ამავე თანხის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება პროცენტის დარიცხვის შესახებ, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 37 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

6. მსესხებლის სააპელაციო საჩივარი

6.1. მსესხებელმა (მოპასუხემ) სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის - 64 957.20 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების მოთხოვნით.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო პრეტენზია და დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა არა 64 957.20 ლარი, არამედ 37 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს არ დაუფარავს.

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს, ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება მტკიცებულებათა გამოკვლევა არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში კი, იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

7.4. მოცემულ შემთხვევაში, წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, არის 2014 წლის 16 ოქტომბრის საგადასახადო დავალება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოხდა სესხის გაცემა და სესხის თანხად მითითებულია 37 000 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა სადავოდ არ არის გამხდარი, თუმცა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო მხოლოდ 64957.20 ლარის დაკისრების ნაწილში იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეთა შორის სესხის თანხა ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრა.

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 383-ე მუხლის შესაბამისად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.

7.6. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს სახელმწიფოს ფულად-საკრედიტო და მონეტარულ პოლიტიკა და განმარტა, რომ საქართველოში საგადამხდელო საშუალებას წარმოადგენს ეროვნული ლარი, თუმცა, კანონმდებელი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, მაგრამ გადახდა ხორციელდება შესაბამისი კურსით ქართულ ვალუტაში. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ სესხის ჩარიცხვის მომენტისათვის 37 000 აშშ დოლარი ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა სწორედ 64 957 ლარსა და 20 თეთრს, ამასთან, საგადასახადო დავალების დანიშნულების გრაფაში მითითებულია, რომ მოხდა „სესხის გაცემა 37000 აშშ დოლარის ოდენობით, კურსით 1,7556“.

7.7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა საკმარისია დასკვნისათვის, რომ მხარეთა შორის შეთანხმების საგანს წარმოადგენდა სესხის თანხა - 37000 აშშ დოლარი და არა 64 957.20 ლარი. სააპელაციო სასამართლოს ასეთი დასკვნა ემყარება იმ მოსაზრებას, რომ, როგორც წესი, სესხის აღება ხდება მთელ რიცხვებში (მით უფრო, როცა საქმე ეხება ათეულობით ათას ლარს) და შესაბამისად, არასარწმუნოა მოპასუხის განმარტება, რომ მან სესხის სახით მოითხოვა ზუსტად 64 957 ლარი და 20 თეთრი და არა 37 000 აშშ დოლარი, როგორც ეს საგადასახადო დავალების დანიშნულებაშია მითითებული.

7.8. ფულადი ვალდებულების შესრულების დროს მოქმედებს ნომინალიზმის პრინციპი, რომლის თანახმად, ვალდებულება ნაკისრ თანხაში უნდა დაიფაროს. ფულადი ვალის გაიგივება გარკვეულ მყიდველობითუნარიანობასთან მართებული არ არის, ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული თანხა, ფულის მყიდველობითუნარიანობის ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას, არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში კი ის გარემოება, რომ დღეის კურსით 37 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გაცილებით მეტია, ვიდრე სესხის გაცემის დროს 37 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში, ვერ ცვლის მოვალის მიერ კრედიტორისათვის გადასახდელი ვერც თანხის ოდენობას და ვერც შესრულების ვალუტას.

8. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. კასატორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

8.2. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების თანხა ეროვნულ ვალუტაში იქნა გათვალისწინებული და ანგარიშსწორებაც ეროვნული ვალუტით განხორციელდა. მხარეებს სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს არ ზღუდავდა არც კანონი და არც რაიმე სხვა ობიექტური მიზეზი არსებობდა, რომ კასატორს სესხის ხელშეკრულებით სესხის თანხა ვერ მიეღო უცხოურ ვალუტაში.

8.3. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია ფაქტი 64 957.20 ლარის სესხების თაობაზე.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

12. განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება მხარეთა შორის არსებულ სასესხო ურთიერთობას. მხარეები სადავოდ არ ხდიან მათ შორის სესხის ხელშეკრულების არსებობას (სსკ-ის 623-624 მუხლები). მოცემულ შემთხვევაში სადავოა რომელი ვალუტით უნდა დაუბრუნოს მსესხებელმა გამსესხებელ ნასესხები თანხა.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 16 ოქტომბრის #193 საგადასახადო დავალება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს პირად ანგარიშზე ჩაურიცხა 64 957.20 ლარი, გადახდის დანიშნულებაში მითითებულია - სესხის გადაცემა (37 000 აშშ დოლარი, კურსით 1.7556). საკასაციო სასამართლო სსკ-ის 623-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

14. ფულადი სესხის დადების დროს ყოველთვის არსებობს ფულის მყიდველობითუნარიანობის დაცემის რისკი, რომლის წინაშე დგანან ხელშეკრულების მხარეები. მხარეებს შეუძლიათ აღნიშნული რისკისაგან დაიცვან თავისი უფლებები (რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა) და სესხად აღებული თანხის კურსის ან ვალუტის არასასურველი ცვლილებებისაგან დაზღვევის მიზნით, ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოური ვალუტით, სსკ-ის 383-ე მუხლი (საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით არ დასტურდება, რომ მხარეთა შორის სასესხო თანხის ოდენობა უცხოური ვალუტით იყო განსაზღვრული) (შდრ. სუსგ #ას-870-1138-05, 09.03.06 წ.).

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 389-ე მუხლის ფულადი ვალდებულების შესრულების ისეთ შემთხვევებს განიხილავს, როცა ვალდებულების წარმოშობის დროს მოქმედი ვალუტა ამავე ვალდებულების შესრულების დროისთვის შეიცვალა, გაუფასურდა და ა.შ. აღნიშნული მუხლი ნომინალიზმის პრინციპს (აღნიშნული პრინციპი გულისხმობს, რომ მოვალე ვალდებულია დააბრუნოს ფულადი ნიშნის იმავე ოდენობა (ნომინალი), რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამებოდა), განამტკიცებს ისეთი შემთხვევებისთვის, როცა ინფლაციის, ან სხვა გარემოებების გამო, ადგილი აქვს დენომინაციას (აღნიშნული გულისხმობს, ქაღალდის ფულის ნიშნების სახელის გამოცვლას და მათი ნომინალური ღირებულების შემცირებას; სსკ-ის 389-ე მუხლის განმარტებასათან დაკავშირებით იხილეთ : იხ.სუსგ-ები: #ას-870-1138-05; #ას-1512-1427-2012; # ას-762-730-2016; # ას-130-122-2017).

16. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო პრაქტიკაში 389-ე მუხლის შინაარსი განსხვავებული პრეცედენტის წყარო გახდა. სასამართლოს განმარტებით, 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას. ასევე, ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. ვინაიდან, ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის მიმართ ზემოთ მითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს დაუშვებელია სსკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება. ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე, ფულის კურსის ნორმალური გაუარესების დროსაც, რადგანაც აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება. შესაბამისად, ნორმის ფუნქციური დანიშნულება მდგომარეობს შემდეგში: იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ფულის ნომინალს ცვლის ან კიდევ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ჰიპერინფლაციას (ძალიან მაღალი ინფლაცია, რომელიც ხშირად განისაზღვრება, როგორც ინფლაცია, რომლის ყოველთვიური დონე, დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში აღემატება 50 პროცენტს. თუ სახელმწიფოს მიერ ნომინალის შეცვლას ან ჰიპერინფლაციას არ ექნება ადგილი, 389-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია (იხ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელექტრონული ვერსია: http://www.gccc.ge; . შდრ. სუსგ #ას-130-122-2017, 24.03.17 წ.)

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ზეპირი სესხის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 64 957.20 ლარი ჩაურიცხა პირად ანგარიშზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მოპასუხემ სწორედ მითითებული თანხა ისესხა და იმავე ოდენობის თანხის დაბრუნება ივალდებულა. ის გარემოება, რომ საგადასახადო დავალების გადახდის დანიშნულებაში მითითებულია - სესხის გაცემა (37 000 აშშ დოლარი, კურსით 1.7556), ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის - 37 000 აშშ დოლარის ნაწილში მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი, რადგან ხელშეკრულების საგანია კონკრეტულად ის თანხა, რაც მსესხებელს გადაეცა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადახდის დანიშნულებაში საერთოდ რომ არ მიეთითებინათ თანხა, აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა, შესაბამისად, გადახდის დანიშნულებაში 37 000 აშშ დოლარის მითითება არ გულისხმობს იმას, რომ მოპასუხეს 37 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაბრუნება ევალება, ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას წარმოდგენილი დოკუმენტი არ იძლევა. მსესხებელმა მიიღო კონკრეტულო ოდენობის თანხა, რაც უნდა დააბრუნოს. ამ ნაწილში მოპასუხეს არც უარუყვია სარჩელი.

18. ზემოხსენებული მოტივაციით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და, ახალი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ - 64 957.20 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. შპს "ე–ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ლ.ნ–ძეს შპს "ე–ის სასარგებლოდ დაეკისროს - 64 957,20 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე