საქმე №ას-1704-2018 17 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა.გ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის ხელახლა განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე ან ექსპერტიზის ბიურო) სარჩელი დაკმაყოფილდა; ა.გ–იას (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, დამკვეთი, აპელანტი ან კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ 145 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხის 2013 წლის 6 დეკემბრის შეგებებული სარჩელი ექსპერტიზის ბიუროსათვის დამკვეთის სასარგებლოდ 85 000 აშშ დოლარის, 19 000 ლარისა და მორალური ზიანის - 20 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
1.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, 2013 წლის 2 აგვისტოსთვის, როდესაც მოპასუხემ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, ბიუროს საქმიანობა რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N255 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. საექსპერტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული ექსპერტიზის ბიუროს მომსახურების ტარიფებით. ბიურო უფლებამოსილი იყო და დღესაც გააჩნია აღნიშნული უფლებამოსილება, ცალკე პირთა მიმართვის საფუძველზე ჩაეტარებინა გამოკვლევა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში საჭირო გარემოებების დასადგენად. 2013 წლის 2 აგვისტოს N1004209813 განცხადებისა და N2000737413 ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 19 სექტემბერს მომზადდა N004209813 ექსპერტის დასკვნა, რომლის ღირებულების საფასურმაც შეადგინა 145 ლარი. დამკვეთმა წერილობით მიმართა მოსარჩელეს 2013 წლის 2 აგვისტოს. იმ პერიოდში მომსახურების ტარიფი განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული ბიუროს მომსახურების ტარიფებით. გაწეული საექსპერტო მომსახურების სატარიფო კოდები არის 53-ე (აუდიო- ან ვიდეო-ჩანაწერის აუდიტორული და აკუსტიკური ანალიზი), ფონოგრამის ვარგისიანობის დადგენა კვლევისთვის, ფონოგრამაზე დაფიქსირებული მეტყველების ხასიათის (კითხვითი თუ ზეპირი მეტყველება) ხანგრძლივობის, დიქტორის სქესის და რაოდენობის, აკუსტიკური ხელშეშლათა ხასიათის და დონის შეფასება, ჩანაწერის დამზადების დროის დადგენა, (ერთი ფონოგრამა 45 ლარი) და 56-ე (აუდიო ჩანაწერზე მონტაჟის ნიშნის დადგენა, ჩანაწერის დამზადების მეთოდის დადგენა 10 წუთის ჩათვლით 100 ლარი ყოველი დამატებითი წუთი+10 ლარი). გაწეული მომსახურების საერთო ფასმა შეადგინა 145 ლარი, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია. ამდენად, დამკვეთის დავალიანება ექსპერტიზის ბიუროს მიმართ შეადგენდა 145 ლარს.
1.3. 2017 წლის 27 ოქტომბერს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე.
1.4. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
1.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 230-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 229-ე მუხლზე, 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებულ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. მოპასუხის საჩივარი
2.1. მოპასუხემ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.
3. საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
3.2. სსსკ-ის 233-ე მუხლზე მითითებითა და განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სასამართლო გზავნილით (ს.ფ. 132) სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის ჯერ კიდევ 2017 წლის 16 აგვისტოს ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე დანიშნული იყო საქმის განხილვა 2017 წლის 27 ოქტომბერს 12:00 საათზე.
3.3. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს მოცემული საქმე ლ.მ–გან გადაეწერა სხვა მოსამართლეს, არ შეცვლილა საქმის განხილვის თარიღი, ხოლო დარბაზის ცვლილების თაობაზე კი სხდომის მდივნის მიერ 23-ე დარბაზთან გაკეთებული იქნა განცხადება, ასევე, პროცესის დაწყების წინ რამდენჯერმე იქნენ მხარეები გამოძახებული N27-ე დარბაზში, მათ შორის მდივნის მიერ უშუალოდ N23-ე დარბაზთანაც იქნა მოკითხული მხარე, თუმცა უშედეგოდ. იმის გათვალისწინებით, რომ დარბაზებს შორის არცთუ დიდი დაშორებაა, სასამართლოს შეეძლო და სრულად უზრუნველყო კიდეც მოპასუხის მოწვევა სასამართლო სხდომაზე. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომა დაახლოებით 20-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო და მითითებულ დროს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ არ ყოფილა რაიმე სახის შეტყობინება დაფიქსირებული არც ახალი მოსამართლის კოლეგიის შემადგენლობისა და არც ძველი კოლეგიის შემადგენლობის მიმართ. სხდომის შემდეგ მოპასუხეს (შეგებებული სარჩელის ავტორს) არც მოსამართლე ლ.მ– სახელზე დაუწერია რაიმე სახის განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი, როგორც მხარე, გამოცხადდა დანიშნულ დროს სხდომის დარბაზთან და მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო არ ჩატარდა სხდომა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ დღეს ანუ 2017 წლის 27 ოქტომბერს სრულად ჩატარდა ყველა ის პროცესი, რომელიც სასამართლოს მიერ იყო დანიშნული, მიუხედავად საქმეზე წინამორბედი მოსამართლის ცვლილებისა და იმ საფუძვლით, რომ შეიცვალა საქმის განმხილველი მოსამართლე და სხდომის დარბაზი, არც სასამართლოს და არც მხარეებს არ შექმნიათ პრობლემა სხდომების ჩატარების თაობაზე.
3.4. ასევე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს 2017 წლის 27 სექტემბერს სასამართლოში განცხადება აქვს შეტანილი (ტ. 1, ს.ფ. 236-237), სადაც მითითებულია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოპასუხე 2017 წლის 27 ოქტომბერს ვერ გამოცხადდებოდა სხდომაზე, რაც, სასამართლოს შეფასებით, საფუძვლიან ვარაუდს ქმნიდა, რომ მხარე პროცესზე არ გამოცხადდებოდა. რაც შეეხება სასამართლოს ვალდებულებას, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის ცვლილების შესახებ, მის წარმოებაში არსებულ ყველა საქმეზე, ყველა მხარეს სავალდებულო წესით ეცნობოს, უსსაფუძვლოა და ასეთს არც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა განცხადება ან/და შუამდგომლობა წინამორბედი მოსამართლის სახელზე იყოს შედგენილი, აღნიშნულით არ ირღვევა მხარის უფლება, ვინაიდან სასამართლო კანონით დადგენილი წესით იხილავს ასეთ შუამდგომლობებს, მიუხედავად მისი ადრესატი მოსამართლისა (ანუ მოსამართლის ვინაობისა).
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. აპელანტმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო დარბაზის ცვლილება, ასევე მოსამართლის ცვლილება და აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნტების საფუძველზე.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. მოპასუხემ (აპელანტმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
6.2. კასატორის განმარტებით, 2017 წლის 27 ოქტომბერს 12:00 საათზე იგი გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში უწყებაში მითითებულ მოსამართლესთან და სხდომის დარბაზთან. უწყებაში მითითებული იყო მოსამართლე მამაკაცის სახელი და გვარი, დარბაზში კი ქალბატონი მოსამართლე იმყოფებოდა, რომელსაც თურმე განსახილველად გადაეწერა საქმე, რის შესახებაც მოპასუხემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შემდეგ შეიტყო.
6.3. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოსამართლის ცვლილების შესახებ მხარეთათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების არარსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ თავად მხარესაც არ ავალდებულებს კანონი საქმის განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაცია თავისი ინიციატივით მოიპოვოს.
6.4. კასატორმა განმარტა, რომ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, რის თაობაზეც წინასწარ აცნობა სასამართლოს, იგი საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოში გამოცხადდა იმ დროს და იმ დარბაზთან, რაც უწყებაში იყო მითითებული.
6.5. კასატორის განმარტებით, მას საქმის განხილვის შედეგების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, რასაც მისი ქმედებებიც ადასტურებს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო პირველი ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 230.1-ე მუხლით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე არ გამოცხადდა საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, რაც მოპასუხის არასაპატიოდ გამოუცხადებლობად მიიჩნია სასამართლომ და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც.
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნას, რომ მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოპასუხისათვის გაგზავნილ უწყებაში მითითებულ სხდომის დარბაზში პროცესი არ ჩატარებულა. სხდომა 23-ე დარბაზის ნაცვლად 27-ე დარბაზში გაიმართა, რის თაობაზეც შეტყობინება მოპასუხეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების თანახმად არ მიუღია. ქვემდგომი სასამართლოები მოპასუხეს ინფორმირებულად მიიჩნევდნენ, რადგან, როგორც ეს საქმის მასალებშია მითითებული, მოსამართლის თანაშემწემ მოპასუხე 23-ე სხდომის დარბაზთან მოძებნა და ვერ იპოვა.
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად სასამართლო უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას პირის გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ. მართალია, განსახილველ შემთხვევაში საქმის განხილვის დრო და თარიღი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ადგილი - სხდომის დარბაზი, რის თაობაზეც შეტყობინება მოპასუხეს არ მიუღია. ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსამართლის თანაშემწემ არაერთხელ გამოაცხადა მხარის ვინაობა როგორც 27-ე სხდომის დარბაზთან, ასევე, მოიკითხა იგი 23-ე დარბაზთანაც, თუმცა,ვერ იპოვნა, არ ექცევა სსსკ-ით დადგენილ შეტყობინება-დაბარების წესის ფარგლებში, რის გამოც მხარის ინფორმირებულობის თაობაზე დასკვნასსაკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
12. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).
13. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
14. ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული არ იყო სხდომის ადგილის (მისი ცვლილების) შესახებ. ქვემდგომმა სასამართლოებმა მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად მიიჩნიეს და მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანეს. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების არც იმ მსჯელობას გაიზიარებს, რომელიც მოპასუხის მიერ 2017 წლის 27 სექტემბერს სასამართლოსათვის წარდგენილ განცხადებას ეხება (იხ. წინამდებარე განჩინების 3.4 ქვეპუნქტი, ასევე- გასაჩივრებული განჩინება- ტ.2, ს.ფ. 40), რომელშიც მხარე ვარაუდობს, რომ 27 ოქტომბრის სხდომაზე, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, ვერ გამოცხადდება სასამართლოში. ამ განცხადების არარსებობის პირობებშიც, საკასაციო სასამართლო იმავე მსჯელობას განავითარებდა, რაც წინამდებარე განჩინებაშია განმარტებული სასამართლოს მიერ მხარისათვის სასამართლო სხდომის დროის, ადგილისა და თარიღის შეტყობინების თაობაზე. აქვე საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის (ან კოლეგიური შემადგენლობის რომელიმე მოსამართლის) ცვლილების შესახებ, მხარის ინფორმირების ვალდებულება, რაც საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უკანასკნელი რამდენიმე წლის პრაქტიკით მყარად დამკვიდრებული სტანდარტია, უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას, მხარემ იცოდეს ვინ იხილავს საქმეს, რათა შეძლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოსამართლის (მოსამართლეთა) აცილების უფლების გამოყენება და ამ თვალსაზრისით კანონით დადგენილი წინაპირობებიდან გამომდინარე დასაბუთებული შუამდგომლობის წარდგენა.
16. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მიზანშეწონილია, განსახილველი შემთხვევის ანალოგიურ ვითარებაში ქვემდგომმა სასამართლოებმა სსსკ-ის 216.1-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით ისარგებლონ და საქმის განხილვა გადადონ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოპასუხის არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენება მეორე მხარესთან შედარებით. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებიდან. ასეთ ვითარებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით შეილახა მოპასუხის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფრო ფართო ცნების ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც მას არ აყენებს არსებითად არამომგებიან პოზიციაში ოპონენტთან შედარებით (Nideröst-Huber v. Switzerland; Kress v. France; Gorraiz Lizarraga and Others v. Spain). ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ თავიანთი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ სწრაფ და ეფექტიან საქმისწარმოებას, გადაწყვეტილებების დაუსწრებლად გამოტანის შესაძლებლობის ჩათვლით (Aždajić v. Slovenia), თუმცა, არა - სხვა სამართლებრივი გარანტიების, განსაკუთრებით მხარის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების საზიანოდ.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება მოპასუხესთან მიმართებით არაპროპორციულად შეიზღუდა. ამის თავიდან ასაცილებლად სასამართლოს სხდომა სხვა დროისათვის უნდა გადაედო, შესაბამისად, იმავე სხდომაზე მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო (შდრ. სუსგ #ას-1033-953-2017, 30.01.2018 წ.).
18. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს.
19. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
20. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.გ–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე