საქმე №ას-825-2019 5 სექტემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მერია) და ა.გ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2010 წლის 12 მაისს გაფორმდა „სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების“ აქტი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც აქტი), რომლის მიხედვითაც, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, საკუთარი ხარჯებით ქ. ბათუმში, .... მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის სასარგებლოდ 82,62 კვ.მ. მანსარდული სართული დაეშენებინა. ამავე აქტით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელ სახლზე მოსარჩელის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ, მოსარჩელისათვის გადაეხადა 1 კვ.მ.-ზე 200 ლარი, სულ - 16524 ლარი. მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა აქტზე თანდართული დანართით, კერძოდ, მოპასუხე ვალდებული იყო, 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე - 1652,4 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე - 1652,4 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 1652,4 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 1652,4 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, ხოლო 2014 წლის 15 დეკემბრამდე - 1652,4 ლარი.
2. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადამოსული გადასახდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).
3. მოპასუხემ ვალდებულება, კერძოდ კი - შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გრაფიკი დაარღვია, მან 2017 წლის ივლისამდე გადაიხადა 11566.80 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, 2018 წლის 11 დეკემბერს, დაფარა.
4. 2017 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ, დარჩენილი დავალიანებისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამურად 14479.98 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით. მოგვიანებით სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა და მოთხოვნილი პირგასამტეხლო 9522.78 ლარით განისაზღვრა.
5. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანხის დროულად გადაუხდელობა ახსნა იმით, რომ ორი წლისა და სამი თვის განმავლობაში ის იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო როცა პატიმრობიდან გათავისუფლდა, გარკვეული პერიოდი არ ჰქონდა თანხის გადახდის შესაძლებლობა. მან მიუთითა, რომ დაანგარიშებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და 200 ლარამდე უნდა შემცირებულიყო.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს პირგასამტეხლოს - 952,27 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 115-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე და 420-ე მუხლები გამოიყენა.
7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
8.1. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არსებითი გარემოებების გამო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 387-ე მუხლისა და 230-ე მუხლის მეორე ნაწილზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ მიიღება, თუკი აპელანტის მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სრულად გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა შემდეგზე:
8.1.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი მსჯელობა იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან არსებობდა მხარეებს შორის შეთანხმება ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, შესაბამისად, არსებობდა მოპასუხისათვის ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების საფუძველი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხე არ უარყოფდა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს. ის პრეტენზიას მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობაზე აცხადებდა.
8.1.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი. სწორად მიუთითა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა გამოიხატა ვადის გადაცილებაში და არა ვალდებულების შეუსრულებლობაში. ამასთან, გასათვალისწინებელია მოპასუხის განმარტება, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო იმ ობიექტური გარემოებით, რომ ის მსჯავრდებული იყო თავისუფლების აღკვეთის სახით და ორი წლისა და სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა, გარკვეული პერიოდი არ შეეძლო, გადაეხადა აღნიშნული თანხა. შესაბამისად სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რაც განსაზღვრული იყო ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო რაოდენობის 0.1%-ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც ჯამურად 9522,78 ლარი შეადგინა, იყო შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილი იყო მისი შემცირება.
8.2. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და ამავე გარემოებებზე დაყრდნობით ეთქვა უარი მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
9. აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9.1. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება არ იყო სწორი, ვინაიდან მხარისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მას თავის დროზე პრეტენზია არ გამოუთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით. ამასთან, თანხის დაფარვის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, მას ყველა პირობა ჰქონდა თანხის გადასახდელად შეღავათიანი პირობებით. ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირება იმ მოტივით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალი იყო და მხარეებს არათანაბარ პირობებში აყენებდა, ვერ იქნება გამართლებული;
9.2. კასატორის განმარტებით, მხარეები არათანაბარ პირობებში ჩააყენა სასამართლომ, რადგან მოპასუხისათვის სიკეთის მიღებიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო მოსარჩელის მიერ ამ თანხის ამოღება. ამასთან, ხელშეკრულების პირობების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე არა სარგებლის მიღებას, არამედ ბიუჯეტიდან გახარჯული თანხის მიღებას გულისხმობდა ხუთწლიან განაწილვადებულ პირობებში. ამ მხრივ სასამართლო ინსტანციებს არ უმსჯელიათ და არც ის რისკები არ გაუთვალისწინებიათ, რაც მოსარჩელის ბიუჯეტმა მიიღო ამ თანხის სწრაფი და ეფექტური ამოღების შეუძლებლობის გამო თითოეული კონტრაქტორისგან, რადგან ბიუჯეტი სწორედ ამგვარი შემოსულობებით გეგმარდება. ამ თანხის მიუღებლობა მოსარჩელისათვის დანაკლისს გულისხმობს და მითითებული გადაუხდელობით გამოწვეული რისკების საკომპენსაციოდ არის გათვალისწინებული და არა გაუთვალისწინებლად დიდი სარგებლის მისაღებად.
9.3. კასატორი განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე სასამართლოები ერთმნიშვნელოვნად იღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ, როცა სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება თითოეულ საქმეზე არის ინდივიდუალური. განსახილველ შემთხვევაში კი მნივნელოვანი უნდა იყოს მოპასუხის პასუხისმგებლობის შეფასება ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმართ, რაც სრულყოფილად არ შეფასებულა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრება და არა მისი შემცირება სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა, სახელდობრ:
15.1. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
15.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
15.3. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
15.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან, მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, რომელიც არ არის არსებითი, მით უფრო იმ პირობებში, რომ მისი დარღვევა გამოიხატა ვადის გადაცილებაში და არა, საერთოდ, ვალდებულების შეუსრულებლობაში და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რაც შეადგენდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო რაოდენობის 0.1%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, იყო შეუსაბამოდ მაღალი და ის 10-ჯერ - ანუ 0.01%-მდე უნდა შემცირებულიყო.
15.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: 2019 წლის 17 იანვრის №ას-1373-2018 განჩინება; 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).
17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი