Facebook Twitter

საქმე №ას-889-2019 5 სექტემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ა–სა" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – იჯარის თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მეიჯარე ან სამინისტრო) და შპს „ა–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან მოიჯარე) შორის 2015 წლის 30 ივნისს დაიდო შეთანხმება, რომელიც დასათაურებულია, როგორც იჯარის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ხელშეკრულება). შეთანხმების მიხედვით, მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, ..... მდებარე მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობის პირველ, მეოთხე, მეცხრე და მეთოთხმეტე სართულებზე, (თითო სართულზე 2 კვ.მ.), ჯამში 8 კვ.მ. ფართი სამინისტროს თანამშრომელთათვის სწრაფი კვების (ვენდინგის) აპარატების განთავსების მიზნით. მოპასუხეს მომსახურება უნდა გაეწია 2015 წლის 1 ივლისიდან 2017 წლს 1 ივლისამდე.

2. ყოველთვიური ქირა 410 ლარს შეადგენდა. მისი გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. მოიჯარის მიერ წინასწარ გადახდილი „ბე“ 1080 ლარი, ჩაითვალა 2015 წლის ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის (ნაწილობრივ) საიჯარო ქირად. ამასთან, მოპასუხეს დამატებით უნდა გადაეხადა 150 ლარი სექტემბრის ქირის შესავსებად.

3. ხელშეკრულებით, ქირის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს ყოველთვიურად გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთი თვის საიჯარო ქირის 0.2%-ის ოდენობით (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).

4. 2017 წლის 5 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა (მოგვიანებით მან ის დააზუსტა) მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის იჯარის თანხის - 6915.45 ლარისა და პირგასამტეხლოს - 4409.14 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა, რომ ხელშეკრულების დასრულების დროისათვის გადაუხდელი საიჯარო დავალიანება 6915.45 ლარს შეადგენდა, საიდანაც 4357.37 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამასთან, მართალია, მოპასუხეს წარმოდგენილი ჰქონდა გარკვეული გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, თუმცა 2558.08 ლარის ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ცალსახად არ დგინდებოდა გადახდის დანიშნულება, არ იყო მითითებული ორგანიზაცია, ხელშეკრულების ნომერი და თარიღი. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო კი, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლოს სახით 4409.14 ლარის გადახდა.

5. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, გადაუხდელი ქირის- 4357.37 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1021.01 ლარის ნაწილში. დანიშნულების გარეშე გადახდილ ქვითრებთან დაკავშირებით განმარტა, რომ, მართალია, მას სხვა უწყებებთანაც ჰქონდა სახელშეკრულებო ურთიერთობები, თუმცა აღნიშნული ქვითრები მხოლოდ მოსარჩელესთან წარმოადგინა, სხვა პირებთან ურთიერთობებში კი - არ გამოუყენებია.

პირგასამტეხლოსთან მიმართებით, მოპასუხემ განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა იყო მაღალი, მათი ქონებრივი მდგომარეობა იყო მძიმე, რადგან საწარმო რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში, ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებდა და გონივრული იქნებოდა პირგასამტეხლოს სახით დაჰკისრებოდა რეალურად გადაუხდელი ქირის- 4357.37 ლარის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 4357.37 ლარისა და პირგასამტეხლოს 1021.01 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის - 2558.08 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით - 3388.13 ლარის ანაზღაურებაზე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსსკ-ის 316-ე, 581-ე, მე-400, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლები გამოიყენა.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო სასამართლოში სადავო იყო მოპასუხის მიერ 2558.08 ლარის გადახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სათანადოდ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით (საგადახდო დავალებებით) დაადასტურა 2016 წლის თებერვლიდან ქირის გადახდა მხარეთა შორის შეთანხმებულ ანგარიშზე (საბიუჯეტო შემოსავლის კოდზე), ხოლო მოსარჩელემ სათანადოდ ვერ უზრუნველყო დავალიანების, - 2558.08 ლარის არსებობა. შესაბამისად, პალატამ მოპასუხის ვალდებულება ამ ნაწილში შესრულებულად მიიჩნია.

8.2. სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მეორე მოთხოვნა იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 3388.13 ლარის დაკისრება, რომლის საფუძვლადაც ის უთითებდა, რომ სასამართლოს არ უმსჯელია, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია 1021.01 ლარი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად. პალატამ იმსჯელა პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებაზე, მის ფუნქციასა და გამოყენების ფარგლებზე, განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება და რომ ის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი უნდა იყოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე კი პალატამ აღნიშნა, რომ ის იზიარებდა პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ მოპასუხის მიერ აღიარებული ვალდებულება პირგასამტეხლოს - 1021.01 ლარის ნაწილში იყო გონივრული ოდენობის.

9. აღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

9.1. პირველი ინსტანციის სასამართლო დაუსაბუთებლად ჩაერია მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლებაში და უსაფუძვლოდ გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი, რაზეც ყურადღება არ გაუმახვილებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

9.2. დავის განხილვის ფარგლებში სასამართლომ, მართალია მიუთითა პირგასამტეხლოს სამართლებრივ არსსა და მის მნიშვნელობაზე სამოქალაქო ბრუნვაში, თუმცა არსებითად არ უმსჯელია, კონკრეტულ შემთხვევაში, რა გახდა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევის საფუძველი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ქირისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრება სსკ-ის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც...) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა. სახელდობრ:

13.1. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

13.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

13.3. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

13.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულისხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასმაართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.

13.5. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

13.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად აღიარებული იჯარის თანხის - 4357.37 ლარის 0.1%-ით განსაზღვრა.

13.7. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით, ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (მე-4 მუხლი); თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“, განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დროს, მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

13.8. პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმ ნაწილშიც, რომ საიჯარო ქირის სადავო ნაწილის - 2558.08 ლარის გადახდის დადასტურება მოპასუხემ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებებით, ხოლო მოსარჩელემ ამ ოდენობით დავალიანების არსებობა ვერ დაადასტურა. მით უფრო, რომ კასატორს დავის ეს ნაწილი საკასაციო პრეტენზიებში სათანადო დასაბუთებით არ გაუმყარებია.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: 2019 წლის 17 იანვრის №ას-1373-2018 განჩინება; 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).

15. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი