Facebook Twitter

საქმე № ას-1037-2019 5 სექტემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - თ.მ–ი, გ.მ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა 2018 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ.მ–ის მიერ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) დავალიანების - 4 332.03 ლარის გადახდას, გ.მ–სა და თ.მ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) შორის 2018 წლის 16 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, გურჯაანის რაიონში, სოფელ ..... მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ-ით #....., ასევე, უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში გ.მ–ის აღრიცხვას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 3 368.03 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმებისა და მოპასუხის უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის ნაწილში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რასაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 2591-ე, 369-ე, 374-ე მუხლებით.

3.1. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა როგორც აპელანტი - თ.მ–ი, ისე მისი და მეორე აპელანტის წარმომადგენელი - ბ.მ–ი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების 30 - დღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 3 მაისს, ხოლო მეორე აპელანტმა - თ.მ–მა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩაიბარა ამავე წლის 6 მაისს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ჩაბარებისთვის დადგენილი 30 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ 2019 წლის 3 მაისს და არა ამავე წლის 6 მაისს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილი იყო 2019 წლის 20 მაისს, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების გასაჩივრების - 14 დღიანი ვადა 2019 წლის 17 მაისს ამოიწურა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2019 წლის 20 მაისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტებმა დაარღვიეს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.

3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენა კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით განაპირობებს მის დაუშვებლობას, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურსამართლებრივ საფუძველს.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: კერძო საჩივრის ავტორებმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში, კერძოდ, 2019 წლის 17 მაისს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა სააპელაციო საჩივარი, რომელიც ადრესატს ჩაჰბარდა ამავე წლის 20 მაისს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 10 ივნისის განჩინებაში განმარტა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო დღე იყო 2019 წლის 17 მაისი, აღნიშნული ვადა კი - დაცული იყო აპელანტების მიერ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხეების მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.

8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა დაარღვიეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების მსურველი მხარე (მისი წამომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

11. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, როგორც ერთ-ერთი აპელანტი, ასევე - ორივე აპელანტის წარმომადგენელი (იხ. სხდომის ოქმი ტ.2, ს.ფ. 167). სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების ჩაბარების 30 - დღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 3 მაისს (2019 წლის 3 აპრილიდან, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან). აპელანტმა - თ.მ–მა 2019 წლის 3 მაისს განცხადებით მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, რომელიც ჩაიბარა ამავე წლის 6 მაისს. გადაწყვეტილების ჩაბარების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 3 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 17 მაისს, აპელანტებს სააპელაციო საჩივარი წარდგენილი აქვთ 2019 წლის 20 მაისს.

12. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას სააპელაციო საჩივრის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის თაობაზე, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილი) საქმეში არ არის წარმოდგენილი.

13. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ–ისა და გ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი