Facebook Twitter

საქმე № ას-1081-2019 5 სექტემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ.ბ–ვა (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.მ–ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - ა.რ–ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - საკუთრების უფლების აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, თ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ა.რ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე) მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებას უძრავ ნივთზე, ქ. აბაშაში, ..... მდებარე ბინა #3-ზე (შემდეგში უძრავი სადავო ქონება), დაკმაყოფილდა.

2. 2018 წლის 14 ნოემბერს პირველი ინსტანციის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ლ.ბ–ვამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პირი, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების, საქმისწარმოების განახლებისა და დავაში ჩართვის მოთხოვნით.

3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, საქმისწარმოება განახლდა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ.ბ–ვა.

4. სენაკის რაონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით მესამე პირის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად; სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 91-ე, 364-ე და 374.1 მუხლებით.

6.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩაბმული მესამე პირის მიმართ გამოტანილი არ არის და იგი არ ხელყოფს მის კანონიერ ინტერესს, ამასთან, რადგანაც იგი არც მხარეა და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირი, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მესამე პირმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენდა მის ინტერესებსა და უფლებებზე. მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ განსაზღვრულა მესამე პირის უფლებები და მოვალეობები რომელიმე მხარის მიმართ, ნათელია, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებით მესამე პირს დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, მესამე პირის მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

11. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმული მესამე პირის მიმართ გამოტანილი არ არის, იგი არ ხელყოფს მის კანონიერ ინტერესებს, ამასთან, იგი არც მხარეა და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირი.

12. მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით, რომლებიც ჩამოთვლილია სსსკ-ს 83-ე მუხლში. ამასთან ერთად, სსსკ-ის 91-ე მუხლი შეიცავს მხარის იმ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს, რომლებითაც ვერ ისარგებლებს მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. ასეთ მესამე პირს არ შეუძლია, აგრეთვე, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო ან საკასაციო წესით (სსსკ-ის 364-ე და 391-ე მუხლები), აგრეთვე - შეიტანოს კერძო საჩივარი (სსსკ-ის 414-ე მუხლი).

13. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, შეიძლება, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, კერძოდ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ არიან საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირია, შესაბამისად, იგი არაა უფლებამოსილი, გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით, ფაქტობრივად, სხვა პირის საწინააღმდეგოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რაც დაუშვებელია ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ #ას-254-239-2011, 11.05.2011).

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან მოწესრიგებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს ("გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე #4451/70).

16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირები არ წარმოადგენენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტებს, რადგანაც მათ მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ უკავშირდება, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (იხ. სუსგ #ას-246-246-2018, 20.მარტი 2018 წ, #ას-25-25-2018, 4 მაისი 2018წ).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ბ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი