საქმე № ას-1105-2019 5 სექტემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ.თ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლ.თ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა მ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 2017 წლის 30 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტის დადგენას, არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე 276-ე და 368.5 მუხლებით.
3.1. პალატამ მიუთითა, რომ 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განესაზღვრა 7 - დღიანი საპროცესო ვადა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, მისი ელექტრონული ვერსიის, სახელმწიფო ბაჟის - 1120 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და მისი წარმომადგენლის - ფ.მ–ძის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის სასამართლოში წარსადგენად. აღნიშნული განჩინება აპელანტის ძმისშვილს - ლ.თ–ას 2019 წლის 21 მაისს ჩაჰბარდა, შესაბამისად ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 22 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 28 მაისს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით, პალატამ განმარტა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლომ ხარვეზის განჩინება გაუგზავნა მხოლოდ მხარეს, მაშინ, როდესაც საქმეში არსებობდა წარმომადგენლის მისამართიც. სასამართლო, სულ მცირე, ვალდებული იყო, წარმომადგენლისთვის შეეტყობინებინა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, მოსარჩელის მოთხოვნას არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია .
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის აპელირება, რომ მას ხარვეზის განჩინება არ ჩაჰბარებია ან რაიმე ფორმით ინფორმაცია არ მიუღია, დაუსაბუთებელია.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
10. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის, ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება მხარესთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში გამოსაძახებელი პირი არ იყო მის მიერ მითითებულ მისამართზე. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რომელიც უნდა დასტურდებოდეს უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით (შდრ. სუსგ-ები: №ას-140-483-2007; № ას-1678-1574-2012; № ას-1072-992-2017). განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ 2019 წლის 24 აპრილის განჩინება მოსარჩელის ოჯახის წევრს - ლ.თ–ას იმავე წლის 21 მაისს ჩაჰბარდა (იხ. ჩაბარების დასტური, ს.ფ. 134), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო და იმავე წლის 28 მაისს დასრულდა, თუმცა აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის.
11. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-920-2018, 29.08.2018; № ას-884-824-2017, 12.09.2017; № ას-558-533-2016, 15.07.2016; № ას-521-498-2016, 12.07.2016; № ას-861-811-2015, 31.03.2016).
12. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.თ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი