საქმე №ას-15-2019 5 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ო–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ა–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ე.კ–სა (შემდეგში: მოპასუხე ან კრედიტორი) და ნ.ო–ას (შემდეგში: მოსარჩელე, მოვალე, მსესხებელი, აპელანტი, კასატორი) შორის, 2012 წლის 1 სექტემბერს, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ ისესხა 9500 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, თვეში 4% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ..... (ტ.1,ს.ფ. 16-23).
2. კრედიტორმა, 2012 წლის 5 დეკემბრის მოთხოვნის დათმობის გარიგებით, ზემოხსენებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის 9 500 აშშ დოლარიდან - 5 500 აშშ დოლარზე, მოთხოვნა დაუთმო ხ.ა–ძეს (შემდეგში: ცედენტი), ამ უკანასკნელმა, 2014 წლის 23 მაისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ.უ–განაც მიიღო მოთხოვნის უფლება მოვალის მიმართ - 4 000 დოლარიდან 1 000 აშშ დოლარზე (ტ.1,ს.ფ. 23-32).
3. ცედენტის მოთხოვნის საფუძველზე 2015 წლის 1 სექტემბერს ნოტარიუსმა მ.ლ–მა მოვალის მიმართ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 6500 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 1 იანვრიდან, ასევე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი. სააღსრულებო ფურცლითვე დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარედგინა და 2015 წლის 18 ნოემბერს აღმასრულებელმა მოვალეს წარუდგინა წინადადაება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ.1,ს.ფ. 33-38).
4. სარჩელის საფუძვლები
4.1. მსესხებელმა, 2016 წლის 4 მარტს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა 2015 წლის 1 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა იმდაგვარად, რომ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა განსაზღვრულიყო 6 500 აშშ დოლარის 0.03%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 1 იანვრიდან აღსრულებამდე.
5. მოპასუხის პოზიცია
5.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და დაეთანხმა პირგასამტეხლოს შემცირებას, თუმცა სარჩელით მოთხოვნილი 0.03%-ის ნაცვლად 0.15%-ის ოდენობით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცვლილება შევიდა სააღსრულებო ფურცელში იმგვარად, რომ მოთხოვნის მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა ძირითადი თანხის 0.15%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 1 იანვრიდან აღსრულებამდე.
6.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე, 418-ე, 420-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 208-ე მუხლებით.
7. მსესხებლის სააპელაციო საჩივარი
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მსესხებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
8.1.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
8.1.2. ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 1 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებები შევიდა და აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა ძირითადი თანხის 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 1 იანვრიდან აღსრულებამდე.
8.1.3. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით სსკ-ის 417-ე-420-ე მუხლების მიხედვით განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.
8.1.4. მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
8.1.5. განსახილველ შემთხვევაში მსესხებელი ითხოვდა პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობის შემცირებას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ძირითადი თანხის 0.15%-დან 0.03%-მდე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, გამოსაანგარიშებელი ვადის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად აღემატებოდა ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანს, რის გამოც დამატებით ექვემდებარებოდა შემცირებას სასამართლოს მხრიდან.
8.1.6. სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება 0.07%მდე, რაც გამოითვლებოდა 2015 წლის 1 იანვრიდან აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
8.1.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ზემოხსენებული მსჯელობა თანხვედრაში იყო პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით არსებულ სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასთან(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-462-462-2018, 22.06.2018).
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება მსგავს საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ მცირდება, განსხვავებით მოცემული შემთხვევისგან, როდესაც პირგასამტეხლო ჯამში შეადგენდა 4 680 აშშ დოლარს, რაც, მოვალის მოსაზრებით, 468 აშშ დოლარამდე უნდა შემცირებულიყო
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია:
15.1. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება;
15.2. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
16. წინამდებარე შემთხვევაში კასატორის პრეტენზია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს არასაკმარისად შემცირებას ეხება.
17. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ გარემოებებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების დროს სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების, დარღვეული ვალდებულების, მხარეებისა და დამდგარი ზიანის გათვალისწინებით მსჯელობს, და კასატორის მიერ მითითებული პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირების პრაქტიკით, რომელიც არ შეესაბამება არსებულ პრაქტიკას და არც ნორმატიულად დადგენილ ოდენობას არ წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად გამოიყენა თავისი დისკრეციული უფლებამოსილება, გონივრულ ოდენობამდე შეემცირებინა პირგასამტეხლო.
18. საგულიხმოა, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასამართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ო–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ო–ას (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ა–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (გადახდის ქვითარი N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 27 დეკემბერი), 70% –105 (ას ხუთი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე