საქმე №ას-138-2019 5 ივლისი, 2019 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, მუნიციპალიტეტი ან მერია, შემსყიდველი ან კასატორი) და შპს „ჩ–ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია ან მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების N227 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო უმწეოთა უფასო კვებითი მომსახურების შესყიდვა 79 897 ლარად, მოქმედების ვადა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ.44-48).
2. მიმწოდებელმა, 2016 წლის სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, რაც ასევე დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით (ტ.1,ს.ფ. 51-62).
3. კომპანიის მიერ მოთხოვნილი თანხიდან შემსყიდველს არ გადაუხდია - სექტემბერში - 999 ლარი, ოქტომბერში - 1023.29 ლარი, ნოემბერში - 999 ლარი და დეკემბერში - 1023.29 ლარი. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული დღგ-ს თანხებია, რაც არ გადაუხდიათ იმ მიზეზით, რომ მიმწოდებელი დღგ-ს გადამხდელი არ იყო.
4. სარჩელის მოთხოვნა
4.1. კომპანიამ 2018 წლის 28 მარტს სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსყიდველის წინააღმდეგ, მოითხოვა მისთვის 12 755.7 ლარის დაკისრება, საიდანაც 4 062.58 ლარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იყო, ხოლო 8 693.12 ლარი პირგასამტეხლო.
4.2. მოსარჩელემ, სარჩელის საფუძვლად წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა.
5. მოპასუხის პოზიცია
5.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებაში გათვალისწინებული იყო დღგ, მოსარჩელემ ანაზღაურება აღნიშნულის გათვალისწინებით მოითხოვა, თუმცა ანგარიშსწორების დროისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ იყო, რის გამოც მართლზომიერად დაუკავდა შესაბამისი თანხა.
5.2. მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 31 იანვრამდე იყო, რის გამოც აღნიშნული თარიღის შემდეგ (ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ) პირგასამტეხლოს მოთხოვნა დაუშვებელია.
6. ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
6.1.1. მერიას, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 737.37 ლარის გადახდა, საიდანაც 4 044.58 ლარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებაა, ხოლო 8 692.79 ლარი - პირგასამტეხლო.
6.2. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 316-ე, 361-ე, 417-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 131-ე მუხლებით.
7. მერიის სააპელაციო საჩივარი
7.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მერიამ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
8.3. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილ და უდავო გარემოებებზე მიუთითა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 10.5 პუნქტის მიხედვით „ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ ვადების გადაცდენისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება“ განმარტა, რომ მოსარჩელემ შეასრულა თავისი ვალდებულება, რაც არ არის სადავო და დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით, თუმცა მოპასუხემ, იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებელი არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, უარი თქვა შესრულებული ვალდებულების საფასურის მთლიანად გადახდაზე, რაც დაუშვებელია, აღნიშნული არც ხელშეკრულებით ყოფილა გათვალისწინებული.
8.4. სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე არ გაიზიარა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შემსყიდველის შედავება იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილი იყო ვადის გასვლის გამო, რაც გამორიცხავდა მის დაკისრებას.
8.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად განსაზღვრა ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა და ვალდებულების დარღვევის პერიოდად სწორად მიიჩნია 2016 წლის 1 ოქტომბერი. შესაბამისად, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2016 წლის 1 ოქტომბრიდან საქმის აღძვრამდე - 2018 წლის 28 მარტამდე.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მერიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლო არა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადით, არამედ ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე - 2017 წლის 31 იანვრამდე უნდა დაერიცხოს. მისივე განმარტებით, აღნიშნული გამომდინარეობს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ #12 ბრძანების 33-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა, სულ მცირე, 30 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
16. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულ მსჯელობასა და დასკვნებს განსახილველ საკითხზე და დამატებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი თავისებურება და მოთხოვნის უზრუნველმყოფი ხასიათი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნა და დარღვეული უფლება აღდგეს. თავის მხრივ, ვალდებულების დარღვევა, შესაძლოა ვადის გადაცილებაში გამოიხატებოდეს, შესაბამისად, კასატორის მითითება ხელშეკრულების მოქმედების ვადით, პირგასამტეხლოს დაკისრების შეზღუდვაში, უსაფუძვლოა და აზრს უკარგავს კანონმდებლის მიზანსა და კრედიტორის ინტერესს ძირითადი მოთხოვნის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამასთან, კასატორის მითითება ბრძანებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 9.2 პუნქტი), ვერ უგულებელჰყოფს პირგასამტეხლოს დაკისრების კანონისმიერი საფუძვლების გამოყენებას, რაც გამორიცხავს მხარის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მის პასუხისმგებლობას.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე