Facebook Twitter

საქმე №ას-145-2019 5 ივლისი, 2019 weli, თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ე.ჯ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების ვადის განსაზღვრა, კომპენსაციის მოპასუხისთვის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.ჯ–ა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი ან კასატორი) 2014 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა შპს ,,თ.ჯ–ის” (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო ან დამსაქმებელი) კადრების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, თანამდებობრივი სარგოს - 2625 ლარის ანაზღაურების პირობით. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 1 იანვარი (ტ.1,ს.ფ. 23-27).

2. მოპასუხე საწარმოს დირექტორის 2014 წლის 31 დეკემბრის №4269 ბრძანებით დასაქმებული დაინიშნა საკადრო რესურსების მართვის უფროსის თანამდებობაზე, 2015 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 მარტის ჩათვლით, ხელფასის ოდენობად განისაზღვრა 2500 ლარი (ტ.1,ს.ფ. 28).

3. დასაქმებულს, 2015 წლის 30 მარტის №431 ბრძანების საფუძველზე, საკადრო რესურების მართვის უფროსის თანამდებობაზე გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა 2015 წლის 1 აპრილიდან იმავე წლის 30 ივნისის ჩათვლით (ტ.1,ს.ფ. 30).

4. დასაქმებულს, 2015 წლის 26 ივნისის №1085 ბრძანების საფუძველზე საკადრო რესურსების მართვის უფროსის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ, სამი თვით გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა, 2015 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით (ტ.1,ს.ფ. 32).

5. დამსაქმებელი საწარმოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 30 სექტემბრის N01952 ბრძანებით ადმინისტრაციულ სამსახურს დაევალა ადმინისტრაციული სამსახურის, შესყიდვების სამსახურის, ზედამხედველობის (ინსპექცია) სამსახურის, ასევე სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლებისათვის ეცნობებინათ რეორგანიზაციის პროცესის დაწყებისა და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, სტრუქტურული ერთეულების გარდაქმნასთან და შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებასთან (გარდაქმნა) დაკავშირებით. 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით ცვლილება შევიდა 2014 წლის 30 დეკემბრის #03315 ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში 2015 წლის 1 ოქტომბრიდან #1 დანართის შესაბამისად. ამ დანართის თანახმად ცვლილება განიცადა ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო განრიგმა - შეიქმნა საკადრო რესურსების მართვის დარგში სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2000 ლარის თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით (ტ.1,ს.ფ. 35;37-38).

6. დასაქმებულს 2015 წლის 30 სექტემბერს ეცნობა, რომ მოპასუხე საწარმოს დირექტორის 2015 წლის 22 სექტემბრის #012878 ბრძანების საფუძველზე სამსახურში განხორციელდა რეორგანიზაცია, რის შედეგადაც გაუქმდა საკადრო რესურსების მართვის სამსახური, ხოლო დასაქმებულის მიერ დაკავებული თანამდებობრივი ფუნქციები, 2015 წლის 1 ოქტომბრიდან, საშტატო განრიგით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, დამსაქმებელმა დასაქმებულს შესთავაზა ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება 2015 წლის 1 ოქტომბრიდან, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად. დასაქმებულიმითითებულ შეთავაზებას დათანხმდა, რის შემდეგაც 2015 წლის 1 ოქტომბერს გამოიცა ბრძანება №2321 მისი შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, ხოლო დანიშვნის ვადად განისაზღვრა 2015 წლის 30 ნოემბერი, ხოლო სამსახურეობრივ სარგოდ - 2000 ლარი (ტ.1,ს.ფ. 34; 38-44).

7. დამსაქმებელი საწარმოს 2015 წლის 7 ოქტობრის №02072 ბრძანებით დადგინდა რეორგანიზაციასთან და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამსახურსა და განყოფილებაში, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამსახურში (სამსახურის უფროსის მოადგილეების, მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, სპეციალისტის) თანამშრომელთა კვალიფიკაციის თაობაზე 2015 წლის 24-25 ოქტომბერს ზეპირ-პრაქტიკული გასაუბრების ჩატარება # 1 დანართის შესაბამისად. იურიდიულ სამსახურს დაევალა გასაუბრების წესით თანამშრომელთა შერჩევის ორგანიზებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება. ბრძანების გაცნობა დაევალა ადმინისტრაციულ სამსახურს (ტ.1,ს.ფ. 45; 46-47).

8. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის 2015 წლის 26 ოქტომბრის საგამოცდო ფურცლის თანახმად, მოპასუხე საწარმოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის (საკადრო რესურსების მართვის დარგში) საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგის სახით დაფიქსირდა 24,6 ქულა. კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ დასაქმებული არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას (ტ.1,ს.ფ. 57).

9. მოპასუხე საწარმოს დირექტორის 2015 წლის 2 ნოემბრის #2487 ბრძანებით დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე ბრძანებით მას მიეცა ერთი თვის კომპენსაცია. ბრძანების გამოცემისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი (ტ.1,ს.ფ. 55).

10. დასაქმებულს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, გააჩნია ხანრძლივი სამუშაო გამოცდილება, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პროექტში და მიღებული აქვს არაერთი სერტიფიკატი.

11. სარჩელის საფუძვლები

11.1. დასაქმებულმა, 2015 წლის 8 დეკემბერს სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ, მოითხოვა:

11.1.1. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებელი საწარმოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული 2015 წლის 2 ნოემბრის #2487 ბრძანების ბათილად ცნობა;

11.1.2. დამსაქმებელი საწარმოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული 2015 წლის 1 ოქტომბრის #2321 ბრძანების პირველი პუნქტის ბოლო წინადადების, შრომითი ურთიერთობის ვადად ორთვიანი პერიოდის დათქმასთან დაკავშირებით ბათილად ცნობა და ხელშეკრულების ვადად ერთი წლის განსაზღვრა;

11.1.3. გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე - საწარმოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილედ აღდგენა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

11.1.4. მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2015 წლის 2 ნოემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად, იძულებითი განაცდური ხელფასის სახით 2 000 (ორი ატასი) ლარის გადახდის დაკისრება;

12. მოპასუხის პოზიცია

12.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელისათვის რეორგანიზაციისა და თანამდებობების შემცირების შესახებ ცნობილი იყო. ამასთან, 2015 წლის 24-25 ოქტომბერს ჩატარდა გასაუბრება, რომელიც დასაქმებულმა წარმატებით ვერ გაიარა, რის გამოც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ყოფილი დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

13.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, სშკ-ით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში: სსკ), ევროპის სოციალური ქარტიით.

14. დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი

14.1. დასაქმებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

15.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შემდეგში: სსსკ-ის, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

15.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელესა და დამსაქმებელს შორის დადებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების კანონიერება, რის თაობაზეც შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მიუთითა:

15.3.1. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებით მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან.

15.3.2. დასახელებული ნორმით მუშაკის გათავისუფლება შესაძლებელია განხორციელდეს, როდესაც დასაქმებულს არ ძალუძს სამუშაოს შესრულება, მაშინაც კი, როცა სურს აღნიშნული, ან როდესაც დასაქმებულს არ აქვს სამუშაო დავალების შესასრულებლად აუცილებელი სათანადო უნარ-ჩვევები ან კვალიფიკაცია. აღნიშნული მიზეზის ფარგლებში მოიაზრება დასაქმებულის მხრიდან განსაზღვრული სამუშაო დავალების შესასრულებლად აუცილებელი უნარ-ჩვევების ან კვალიფიკაციის ნაკლოვანება-არარსებობა, რაც საერთო ჯამში იწვევს სამუშაოს არადამაკმაყოფილებლად შესრულებას. დასახელებული გარემოების მტკიცების ტვირთი კი დამსაქმებელს აწევს.

15.3.3. „სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით“ (შდრ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ: 259, 284, 308).

15.3.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური წესი: „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომრის განჩინება საქმეზე Nას-483-457-2015).

15.3.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხემ (დამსაქმებელმა) სათანადოდ გასწია მტკიცების ტვირთი და შეძლო იმის დადასტურება,რომ სადავო ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა, მართლზომიერია, კერძოდ: საკვალიფიკაციო გამოცდის (ზეპირი-პრაქტიკული) გასაუბრების ჩატარების, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრთა და საკვალიფიკაციო საგამოცდო დებულების დამტკიცების თაობაზე, დამსაქმებლის 21.10.2015წ. #02187 ბრძანებით შეიქმნა საკვალიფიკაციო კომისია, განისაზღვრა კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი და კომისიის წევრთა შემადგენლობა, დამტკიცდა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულება.

15.3.6. დასახელებული დებულების მე-10 მუხლის თანახმად, საკვალიფიკაციო გამოცდის მიზნად განისაზღვრა პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან, პირის საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება და სხვა. მე-15 მუხლის მიხედვით საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების მიხედვით, კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) შეესაბამება თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას, ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. დებულების მე-3 თავით გათვალისწინებულია საკვალიფიკაციო გამოცდის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ (ტ.1,ს.ფ. 115-120).

15.3.7. ბრძანების N2 დანართით განისაზღვრა თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პრინციპები, პროცედურები, პირობები, შეფასების ფორმები, აუცილებელ ქულათა მინიმალური ზღვრული ოდენობა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმები (ტ.1, ს.ფ.124-126).

15.3.8. აღნიშნული დებულების შესაბამისად, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დამსწრე წევრის ინდივიდუალური შეფასება არის ანკეტა-კითხვარის პუნქტების მიხედვით დაფიქსირებულ ქულათა საშუალო არითმეტიკული ჯამი. მითითებული პირობების მე-12 პუნქტით გასაუბრების ეტაპზე პირის მიერ მიღებული საბოლოო შეფასება ნიშნავს: ა. კომისიის შეფასება 40-45 ჩათვლით ქულა - პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ. შეფასება 35-40 ქულა - პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ. კომისიის შეფასება 25-35-მდე ქულა - პირი ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (ექვემდებარება კვალიფიკაციის ამაღლებას ან ექვემდებარება დაქვეითებას); დ. კომისიის შეფასება - 9-25-მდე ქულა - პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.

15.3.9. მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილია საგამოცდო-საკვალიფიკაციო კომისიის თითოეული წევრის მიერ მოსარჩელის ინდივიდუალური შეფასების ფორმები, თითოეული კრიტერიუმის მიხედვით ქულათა მინიჭებისა და საბოლოო არითმეტიკული ჯამის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ.159-167), რომელთა საერთო ოდენობამ, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შეფასების მიხედვით, 24,6 ქულა შეადგინა, რაც გულისხმობს, რომ პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას. ამდენად, სადავო ბრძანება მართლზომიერია და მოსარჩელე მართლზომიერად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან.

15.4. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა გათავისუფლების შესახებ დამსაქმებელი საწარმოს ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, ასევე არ არსებობდა ყოფილი დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო.

16. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

16.2. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლოში, მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ნაცვლად, იგი ითხოვდა ფულად კომპენსაციას, თუმცა, სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულზე საერთოდ არ უმსჯელია.

16.3. კასატორის განმარტებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს მისი ორსულობის ფაქტი და მიუთითეს, რომ ადმინისტრაციამ არ იცოდა აღნიშნულის შესახებ, რის საპირისპიროდაც კასატორმა განმარტა, რომ დამსაქმებელი საწარმოს ადმინისტრაციისთვის აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო ზეპირსიტყვიერად.

16.4. კასატორის მტკიცებით, მას გასაუბრების შესახებ აღნიშნულ გასაუბრებამდე ერთი კვირით ადრე ეცნობა, ამასთან, არ არსებობდა საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების სტანდარტები, აღნიშნული მხოლოდ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ შეიქმნა.

16.5. კასატორის განმარტებით, დაკავებულ თანამდებობაზე, აგრეთვე წინამორბედ საშტატო თანამდებობებზე მუშაობისას განსაკუთრებული შრომისუნარიანობით გამოირჩეოდა, მის მიმართ არ გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ღონისძიება.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განჩინებით აპელანტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ)სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

23. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერი საფუძვლებისა და დამსაქმებლის მხრიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამტკიცებელ გარემოებათა შეფასებისას, სააპელაციო სასამართლოს მიერ შრომით დავებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების ტვირთის მართებულად გამოყენების შესახებ და განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო, პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი (დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 15.3.1 ქვეპუნქტში) და საკვალიფიკაციო კომისიის დასკვნა დაედო.

25. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შრომითსამართლებრივ დავებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, დაადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში კასატორის იმ პრეტენზიების გათვალისწინებით, რაც მას სარჩელისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ჰქონდა, მოპასუხე ორგანიზაციამ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა სამსახურიდან დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერება, მათ შორის რეორგანიზაციისა და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების მართლზომიერება, რაც მართებულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ. კასატორის პრეტენზია მისი ორსულობის თაობაზე, რაც დამსაქმებელმა ორგანიზაციამ მხარის ზეპირი გადმოცემით იცოდა (იხ. წინამდებარე განჩინების 16.3 ქვეპუნქტი), მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა, რადგან მისი სარჩელი არ ემყარება იმ ფაქტობრივ გარემობას, რომ ორსულობა გახდა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების მიზეზი. სარჩელის მე-15 ფაქტობრივ გარემოებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე ორსულადაა, მას სტრესულ ფონზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები განუვითარდა, მარტოხელა დედაა, 21 წლის ქალიშვილი ჰყავს, რომელიც სტუდენტია და დედასთან (მოსარჩელესთან) ერთად ცხოვრობს. სამუშაო ადგილის დაკარგვა ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას დაამძიმებს (იხ. სარჩელი -ტ.1, ს.ფ.7; ასევე- სააპელაციო საჩივარი - ს.ფ.304-306).

27. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის პრეტენზია უკავშირდებოდა იმას, რომ დამსაქმებელმა საწარმომ არაკომპეტენტურად ჩაატარა კონკურსი და გაუგებარია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, როგორი მეთოდით განსაზღვრა ქულა (იხ. სარჩელი- ტ.1, ს.ფ. 6-7). სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილია დასაქმებულის მართლზომიერი საფუძვლით გათავისუფლება, შესაბამისად, სხვა მოთხოვნებიც - იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, თუ კომპენსაციის მოთხოვნა, დაუსაბუთებელია.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო ყოფილი დასაქმებულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ჯ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.ჯ–ას (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 19 მარტი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე